Thumbnail
  • ავსტრია 3:1 ჩრდ. მაკედონია
  • გოლები: 1:0 ლაინერი (18), 1:1 პანდევი (28), 2:1 გრეგორიტში (78), 3:1 არნაუტოვიჩი (88)
  • გორან პანდევის გოლი ჩრდილოეთ მაკედონიას ქულისთვის არ ეყო

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი თამაში ჩაატარა და გორან პანდევმა ისევ მოახერხა თავისი ქვეყნის საფეხბურთო ისტორიის დაწერა, მაგრამ იგორ ანგელოვსკის გუნდი ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ მაინც დამარცხდა (1:3).

ავსტრიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სათამაშო სქემად 3-5-2 აირჩია და თამაშის დაწყებამდე ამის მიზეზიც განმარტა: "ჩვენი მეტოქე კონტრშეტევებზე ძლიერია, შესაბამისად, დაცვაში მჭიდროდ თამაში საჭიროა, ამიტომ ავირჩიეთ 3-მცველიანი სქემა და ეს არის ის, რაზეც ბოლო 1 კვირა ვვარჯიშობდით". ძირითადში ვერ მოხვდა მარკო არნაუტოვიჩი, რომლის შესახებ ფოდამ თქვა, რომ ტრავმის მიღების საფრთხე დიდი იყო და გარისკვა არ სურდა, თუმცა მე-2 ტაიმში თამაშში ჩასართველად ის მზად იყო. ავსტრიელთა კაპიტანმა დავიდ ალაბამ კი დაცვის ცენტრში დაიკავა ადგილი, ხოლო შეტევა საშა კალაიჯიჩმა და კრისტოფ ბაუმგარტნერმა გაამაგრეს.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების შემადგენლობაში სიურპრიზი არ ყოფილა. იგორ ანგელოვსკიმ პრაქტიკულად იდეალური 11-ეული შეარჩია მისი ქვეყნისთვის ისტორიულ მატჩისთვის. ანგელოვსკიმაც 3 ცენტრალური მცველით დაიწყო თამაში და ფლანგების კონტროლი ეზგიან ალიოსკისა და ბობან ნიკოლოვს დაევალათ. თავდასხმაში გორან პანდევს ალეკსანდარ ტრაიკოვსკი შეუწყვილდა.

პირველი ტაიმი არცთუ ისე სანახაობრივი, მაგრამ დაძაბული და ინტენსიური გამოდგა. ორივე გუნდს ეტყობოდა დიდი მოტივაცია და მონდომება. ავსტრიის პირველივე ნორმალური იერიში გოლით დასრულდა. მარსელ ზაბიტცერმა დიდებული პასი გააკეთა საჯარიმოში და ალიოსკის ზურგს უკან ჩასაფრებულმა შტეფან ლაინერმა ერთი შეხებით გაიტანა. ჩრდილოეთ მაკედონიას სადებიუტო მღელვარება და ნერვიულობა ეტყობოდა, მაგრამ ანგარიშის გასათანაბრებლად 10 წუთი დასჭირდა. გოლი ავსტრიელების უხეშ შეცდომებს მოჰყვა: ჯერ ჰინტერეგერმა ბურთი ზაბიტცერს თავში გაარტყა და ამის გამო მეკარე დანიელ ბახმანს მოუწია კარის დატოვება, მან ტრაიკოვსკის დაასწრო კიდეც, მაგრამ ბურთი ხელიდან გაუვარდა და გორან პანდევი იქვე იყო - 37 წლის თავდამსხმელმა ჩრდ. მაკედონიისთვის კიდევ ერთი ისტორიული გოლი გაიტანა, ამჯერად ევროპის ჩემპიონატზე პირველი - 1:1.

გორან პანდევის ისტორიული გოლი

თამაშის სცენარი არც მე-2 ნახევარში შეცვლილა და უფრო მეტად ბრძოლა იყო, ვიდრე ხარისხი. გუნდებმა საგოლე მომენტები გაცვალეს: ბობან ნიკოლოვს მეკარემ აჯობა, ხოლო საპასუხო იერიშში მაკედონია სტოლე დიმიტრევსკიმ ფანტასტიკური სეივით იხსნა, როცა ცვლილებაზე შესულ მიხაელ გრეგორიტშის თავურს გაუმკლავდა. ავსტრიელმა ფორვარდმა საწადელს მაინც მიაღწია და 78-ე წუთზე დავიდ ალაბას ფლანგური პასის მერე დასწრებაზე გაიტანა და ეს გარდამტეხი მომენტი იყო. 89-ე წუთზე საბოლოო ანგარიში მარკო არნაუტოვიჩმა დააფიქსირა - 3:1. ჩრდილოეთ მაკედონიამ იბრძოლა, მაგრამ გამარჯვება ავსტრიის ნაკრებმა მოიპოვა და ევრო 2020 3 ქულით დაიწყო.

მე-2 ტურში ავსტრიის ნაკრები 17 ივნისს ნიდერლანდებს ეთამაშება, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიელთა მეტოქე უკრაინის ნაკრები იქნება.

TOP - მიხაელ გრეგორიტში (ავსტრია)

გერმანული აუგსბურგის თავდამსხმელი ძირითადში არ იყო, მაგრამ სწორედ მან შეცვალა თამაში. გოლის გატანა თამაშში ჩართვიდან მალევე შეეძლო, თუმცა, მეკარე სტოლე დიმიტრევსკიმ მიმდინარე ევრო 2020-ზე ერთ-ერთი საუკეთესო სეივი შეასრულა. თამაშის ბოლოს კი დავიდ ალაბას პასს ისე გამოეხმაურა, როგორც ეს მაღალი დონის ფორვარდს ეკადრება. 32 წუთში მან კარში ორჯერ დაარტყა, 2 ორთაბრძოლიდან ორივე მოიგო და 6 პასიდან ექვსივე ზუსტად გააკეთა.

FLOP - კრისტოფ ბაუმგარტნერი (ავსტრია)

ავსტრიის ნაკრების კიდევ ერთი თავდამსხმელი მოედანზე იმედგაცრუება იყო და შემთხვევითი არ არის, რომ ფრანკო ფოდამ მე-2 ტაიმის დასაწყისშივე შეცვალა. მან ვერ მოახერხა მეტოქის მცველების შეწუხება, სივრცეების მოძებნა და 58 წუთის განმავლობაში პრაქტიკულად შეუმჩნეველი გახლდათ.

გრეგორიტშმა თამაშში გარდატეხა შეიტანა

მნიშვნელოვანი ფაქტები

📌 მიხაელ გრეგორიტშის გოლი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში მე-700 გამოდგა.

📌 ევროპის ჩემპიონატზე ავსტრიის ნაკრების გოლების 80% ცვლილებაზე ჩართული მოთამაშეების ანგარიშზეა, მათ შორის შედის მიხაელ გრეგორიტშისა და მარკო არნაუტოვიჩის გოლები.

📌 გორან პანდევი გახდა ევროპის ჩემპიონატზე რიგით მეორე ყველაზე ხანდაზმული (37 წლის და 321 დღის) გოლის ავტორი და მხოლოდ ავსტრიელ ივიცა ვასტიჩს ჩამორჩება (38 წლის და 257 დღის).

📌 შტეფან ლაინერმა მე-2 გოლი გაიტანა ავსტრიის ნაკრების მაისურით და ორჯერვე ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ორჯერვე მარსელ ზაბიტცერის პასით.

ავსტრია 3:1 ჩრდ. მაკედონია

გოლები: 1:0 ლაინერი (18), 1:1 პანდევი (28), 2:1 გრეგორიტში (78), 3:1 არნაუტოვიჩი (89)

ავსტრია (3-5-2): ბახმანი - დრაგოვიჩი (46. ლინჰარტი), ალაბა, ჰინტერეგერი - ლაინერი, ლაიმერი (ბაუმგარტლინგერი 90), შლაგერი (ილზანკერი 90), ზაბიტცერი, ულმერი - კალაიჯიჩი (58. არნაუტოვიჩი), ბაუმგარტნერი (58. გრეგორიტში)

ჩრდ. მაკედონია (5-3-2): დიმიტრევსკი - ნიკოლოვი (64. ბეიტულაი), შ. რისტოვსკი, ველკოვსკი, მუსლიუ (86. მ. რისტოვსკი), ალიოსკი - ბარდი (82. ტრიჩკოვსკი), ადემი, ელმასი - ტრაიკოვსკი (63. კოსტადინოვი), პანდევი

კომენტარები

ბოლო ამბები