Thumbnail

ჟვანია და ნარიაშვილი ლიონში? ფრანგული კლუბი ქართველ ბურჯებზე ფიქრობს

  • ზურაბ ჟვანია თავისუფალი აგენტია, მიხეილ ნარიაშვილის კლუბს კი უჭირს
  • არსებობს შანსი, მომავალ სეზონში ლიონში ოთხმა ქართველმა მორაგბემ ითამაშოს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრები მიხეილ ნარიაშვილი და ზურაბ ჟვანია, შესაძლოა, საფრანგეთის TOP 14-ის წარმომადგენელ ლიონში აღმოჩნდნენ.

Actu.fr-ის ცნობით, ლიონელებმა მარცხენა ბურჯის ძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც პოს წევრმა მოჰამედ ბუგანმიმ სამედიცინო შემოწმების გავლა ვერ მოახერხა. ქართველი მორაგბეების ლიონში გადასვლა საკმაოდ რეალური სჩანს, რადგანაც 29 წლის ჟვანია ინგლისური უოსპსიდან წამოსვლის შემდეგ თავისუფალია, ხოლო ნარიაშვილის მონპელიეს ფინანსური პრობლემები აქვს და შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში, მიშას აუცილებლად დაემშვიდობება.

შეგახსენებთ, რომ ჟვანიას საფრანგეთში თამაშის გამოცდილება აქვს, რადგანაც უოსპსამდე პარიზული სტად ფრანსეს ღირსებას იცავდა, ნარიაშვილი კი მონპელიეში ჯერ კიდევ 2010 წლიდან ასპარეზობს. ზურაბს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 36 მატჩი უგროვდება, მიხეილს კი – 56.

თუკი აღნიშნული ვარაუდი გამართლდა, მომავალ სეზონში ლიონში ერთბაშად ოთხ ქართველ მორაგბეს ვიხილავთ, რადგანაც იქ უკვე ირიცხებიან ბექა საღინაძე და დავით ნინიაშვილი. ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონში ლიონი ჩვეულ დონეზე არ ყოფილა, რადგანაც მხოლოდ მე-9 ადგილზე გავიდა და პლეი ოფში ვერ გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები