Thumbnail

უმცროსი ბორჯღალოსნები აფრიკულ ტურნირზე სათამაშოდ გაემგზავრნენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებისთვის 30 საუკეთესო მორაგბე შეირჩა
  • უმცროსი ბორჯღალოსნები არგენტინას, ურუგვაის და სამხრეთ აფრიკას ეთამაშებიან

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა, სადაც უმაღლესი დონის მეტოქეებთან მატჩები უწევს. 

შეგახსენებთ, კოვიდ-პანდემიის გამო, 2019 წლის შემდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი არ ჩატარებულა და შესაბამისად, ორი წელიწადია უმცროს ბორჯღალოსნებს არსად უთამაშიათ. ჩემპიონატი 2022 წელს უნდა აღდგეს, მანამდე კი, ის მორაგბეები, რომლებსაც გაისად შეეძლებათ ტურნირზე თამაში, საერთაშორისო გამოცდილებას მაღალი დონის შეხვედრებში მიიღებენ.

პირველი ასეთი ტურნირი სტელენბოშში 18 ივნისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება. მასში ოთხი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას და თითოეულ მათგანს ოთხი თამაშის გამართვა მოუწევს. უმცროსი ბორჯღალოსნები 18 ივნისს არგენტინას ეთამაშებიან, 23-ში – ურუგვაის, 28-ში კი – მასპინძელ სამხრეთ აფრიკას. მეოთხე შეხვედრა 3 ივლისს გველის და მეტოქე წინა სამი თამაშის შედეგების მიხედვით გაირკვევა. ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ფინალში შეხვდებიან, მესამეადგილოსანი კი მეოთხეს ეთამაშება.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ნაყოფიერი შეკრება გაიარა
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

აფრიკაში გამგზავრებამდე, უმცროსი ბორჯღალოსნების 46-კაციანმა შემადგენლობამ “შევარდენზე“ 4-კვირიანი შეკრება გაიარა, რის შემდეგაც ტურნირისთვის 30 შეირჩა. საგულისხმოა, რომ მათგან ჩვიდმეტი 2003 წელს დაბადებული მოთამაშეა, რომელთაც ორჯერ მოუწევთ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაში (2022 და 2023). ნაკრებში ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე უმცროს ბორჯღალოსნებს სამხრეთ აფრიკაში ვერ მიყვება, რადგან ის პარალელურად ბორჯღალოსნების შერკინების მწვრთნელია და აფრიკულ ტურნეზე მათთან ერთად გაემგზავრება. მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ლადო კილასონია შეასრულებს, რომელიც განვლილი შეკრებით კმაყოფილია:

“იმ ბიჭებმა, ვინც ამ ეტაპზე შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ, მაქსიმალური მონდომებით გაზარდეს კონკურენცია და საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდი გავიარეთ. კმაყოფილი ვარ ყველათი, რადგან ყველა ბოლომდე დაიხარჯა. ჩვენი მიდგომაა, რომ როდესაც მოთამაშეები ერთ დონეზე არიან, აქცენტი ერთი წლით უმცროსებზე გავაკეთოთ, რადგან მათ კიდევ ერთი 20-წლამდელთა ჩემპიონატი ელით და გამოცდილებას იღებენ.

ყველანი ძალიან მონდომებულები არიან და მოუთმენლად ველით ტურნირის დაწყებას. მწვრთნელებს გვაინტერესებს ვნახოთ, პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ სად არის საერთაშორისო რაგბი და სად ვართ ჩვენ, გაიზარდა თუ არა სხვაობა დონეებს შორის, ეს ტურნირი ამის დასანახად საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, ამ ბიჭებისთვის ეს პირველი საერთაშორისო გამოცდილებაა და გვაინტერესებს როგორ გაართმევენ თავს წნეხს.

ვარჯიშებზე ხელოვნურად ვცდილობდით ტემპის აწევას, მაგრამ მაინც ერთმანეთთან გვიწევდა თამაში, საერთაშორისო მატჩებში კი მაინც სხვა ტემპი და წნეხია. ენთუზიაზმი და მონდომება არავის აკლია და ეს ტურნირი თავის წარმოსაჩენად საუკეთესო საშუალებაა. არგენტინა ტრადიციულად მაღალ ტემპში თამაშობს, შესაძლოა, ყველაზე მაღალ ტემპშიც კი. სამხრეთ აფრიკა ფიზიკურობით გამოირჩევა და სათამაშო სტილს არასდროს ცვლის, ურუგვაი კი ბრძოლისუნარიანი გუნდია და არასდროს ნებდება. ვფიქრობთ, რომ ტურნირზე სამი განსხვავებული სტილის თამაში გველოდება, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება“.

უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთაფრიკულ სერიაზე

პირველი ხაზი: დავით გელაშვილი, გიორგი მამაიაშვილი, გიორგი მაისურაძე, ნიკა ბაბუნაშვილი, ალექსანდრე ქუნთელია, ირაკლი აფციაური, ბადრი ციხისთავი (ყველა – ლელო), სერგო აბრამიშვილი (ხვამლი).

მეორე ხაზი: ალექსანდრე ბურდული (კაპ.), გურამ ღანიაშვილი, დავით არველაძე (ყველა – ლელო);

მესამე ხაზი: ლაშა ციხისთავი, ნიკოლოზ სუთიძე, ბექა გელხვიძე (ყველა – ლელო), რატი ზაზაძე (არმაზი), პაატა გალდავა (აია);

9: კოტე იაშვილი (აკადემია), გიორგი კურტანიძე, ლუკა არჩვაძე (ორივე – ლელო);

10: პეტრე ხუციშვილი (ლელო), დავით იმნაძე (იუნკერები);

12-13: ლაშა ცხოვრებაძე (რუსთავი), თორნიკე კახოიძე ,გიორგი ჩიქოვანი (ორივე - ლელო);

11-14: შალვა აფციაური, ლუკა კვენეტაძე (ორივე - ლელო), თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები);

15: ვაჟა მიქაძე, საბა არჩვაძე (ორივე – ლელო), გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი).

დიდებამდე სამხრეთ აფრიკაში უმცროსი ბორჯღალოსნები გაემგზავრნენ 🏉 გაიგე მეტი აქ: https://bit.ly/3gyguN2 U20...

Posted by Georgian Rugby on Sunday, June 13, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები