Thumbnail
  • გელა ზაალიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავა
  • ქართველი ძიუდოისტი ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-7 საშეჯიბრო დღეს, ქართველი ძიუდოისტებიდან მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ გელა ზაალიშვილი (+100 კგ) აგრძელებს, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

გელამ პირველ რაუნდში სენეგალელ მბაგნიკ ნდიაიეს აჯობა, რომელიც მასთან ვაზარით დაწინაურდა, რის შემდეგაც ზაალიშვილმა ჯერ ვაზარით გაათანაბრა და შემდეგ ბრძოლა ავასატე-იპონით დაასრულა.

გელას მეტოქე მეორე რაუნდში ავსტრიელი დანიელ ალერსტოფერი იყო, რომელსაც ზაალიშვილმა ბრძოლის დასრულებამდე ერთი წუთითა და 5 წამით ადრე იპონით მოუგო.

გელამ მეოთხედფინალში როი მეიერის ბარიერი გაიარა. ქართველმა ძიუდოისტმა ნიდერლანდელ როი მეიერს მტკივნეული ილეთით აჯობა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც რუსეთის წარმომადგენელ ტამერლან ბაშაევს შეხვდა.

შეხვედრის პირველივე წუთზე მსაჯმა ორივე ძიუდოისტი გააფრთხილა, თითო შიდოს შემდეგ ძიუდოისტებს დიდად არ უაქტიურიათ, თუმცა ტამერლან ბაშაევმა ვაზარის აღება მოახერხა და ბრძოლაში დაწინაურდა, რის შემდეგაც 33 წამით ადრე რუსეთის წარმომადგენელმა კიდევ ერთი ვაზარი აიღო და შეხვედრა მოგებით დაასრულა. ზაალიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, მისი მეტოქე უკრაინელი იაკივ ხამო იქნება.

დღეს ბუდაპეშტში ტატამიზე კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი გავიდა - სოფიო სომხიშვილმა სამხრეთკორეელ მეტოქესთან სამი შიდო მიიღო და მძიმე წონაში ასპარეზობა პირველივე რაუნდში დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ბუდაპეშტში მოპოვებული 4 მედალია - ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (-73) გახდა, ვიცე-ჩემპიონი კი - ტატო გრიგალაშვილი (-81), ხოლო ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები