Thumbnail
  • ტოჩინოშინმა მიტაკეუმი იოლად დაამარცხა
  • მომდევნო მეტოქე ბრაზილიელი კაისეია

წლის მესამე სუპერტურნირზე, მაისის ბაშოზე აღმოსავლეთის სეკივაკე ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) კომუსუბის რანგში მოჭიდავე მიტაკეუმის შეხვდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა. ტოჩინოშინმა წამებში შეძლო მეტოქის დამარცხება. ეს ჯერჯერობით მისი ყველაზე იოლი მოგება იყო ნაცუ ბაშოზე.

► ტოჩინოშინი: ახლა მხოლოდ მოგებებზე ვფიქრობ

ქართველმა სუმოისტმა ამ ბაშოზე ზედიზედ მე-4 ორთაბრძოლა, სულ კი ზედიზედ მე-6 დაპირისპირება მოიგო. შეგახსენებთ, რომ მას ჩემპიონის (ოძეკი) რანგის მისაღებად მინიმუმ 10 ორთაბრძოლის მოგება ესაჭიროება ამ ბაშოზე.

ნაცუ ბაშოს მეხუთე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ბრაზილიელი პირველი მაეგაშირა კაისეია, რომელსაც ვერ გამოუვიდა კარგი სტარტი. კაისეისთან ურთიერთშეხვედრებში 30 წლის ქართველი 8:7-ს იგებს.

 დიდი ჩემპიონი კაკურიუ მე-2 მაეგაშირა შოჰოზანთან დამარცხდა, ხოლო რეკორდსმენმა ჰაკუჰომ კაისეი უვატედაშინაგეს ილეთით დაამარცხა.

4-4 მოგება ბაშოზე მხოლოდ 4 სუმოისტს აქვს: ჰაკუჰოს, ტოჩინოშინს, იჩინოჯოს და შოდაის.

სამწუხაროდ, ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა ძურიოს მე-2 ნომერ გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი). 31 წლის ქართველი სუმოისტი ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა. ამჯერად, იგი იორიკირის ილეთით დოჰიოდან მეისეიმ გაიყვანა. გაგამარუმ სიტუაციის გამოსწორება უკვე მე-5 ნომერ კოტოიუკისთან შეხვედრით უნდა დაიწყოს, თორემ მერე გვიანი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები