Thumbnail

თურქეთი რომ უხერხული გუნდია და იტალიას გააწვალებდა, ეს ბევრგან მესმოდა. ისიც ვიცოდით, რომ გიუნეშის გუნდმა ცოტა ხნის წინ ნიდერლანდებს მოუგო და გოლს თითქმის არ უშვებს. მოკლედ, იტალიის ფავორიტობის მიუხედავად ბრძოლას ველოდით. იტალია კი ადგა და ამ "უხერხულ" და "რთულად დასამარცხებელ" თურქეთს ისე მოუგო, როგორც აუტსაიდერებს უგებენ ხოლმე - უშანსოდ და სასტარტო თამაშისთვის თითქოს ზედმეტად მშვიდად.

ყველაზე მეტად ეს სიმშვიდე გამიკვირდა - მანჩინის ახალგაზრდა თუ ახალბედა გუნდი ჰყავს. რომ გადავთვალე, ძირითადიდან დიდ სანაკრებო ტურნირზე თამაშის გამოცდილება მხოლოდ სამს ჰქონდა - ბონუჩი-კიელინის დუეტს და ალესანდრო ფლორენცის. პირველ ტაიმში მსაჯი პენალტებს ჯიუტად არ უსტვენდა, რეალიზაცია არ ვარგოდა და თითქოს ეს ახალბედა თუ ახალგაზრდა გუნდი უნდა აღელვებულიყო, მაგრამ არაფერი ამის მსგავსი. აპრესინგებდნენ, ბურთს სწრაფად ამოძრავებდნენ, ფლანგებს ცვლიდნენ და იცოდნენ, რომ გოლიც მოვიდოდა.

მანჩინის გუნდს შეკავშირება და სისტემურობა ეტყობა, რომელიც სანაკრებო კი არა, საკლუბო სისწრაფეებზე თამაშობს. წლობით, ერთი სისტემით ნაშენები გუნდი, სანაკრებო ფეხბურთისთვის ზედმეტად ლაღად, დალაგებულად და სწრაფად გამოიყურება.

ეს ჟორჟინიო მაგარი ვინმეა. ვერ ხედავ, მაგრამ გრძნობ - მასთან ერთად ბურთი უფრო ჩქარა მოძრაობს. ნიკოლო ბარელა თითქოს ყველგან არის - დაცვასაც ასწრებს და შეტევასაც. ჯორჯო კიელინი ლიდერია, ბრძოლის და სიხისტის კულტურა შემოაქვს მოედანზე. ბოლო წუთებზე ისეთი ვარდნა გააკეთა, როგორსაც თანამედროვე მცველები თითქმის აღარც აკეთებენ. "ძველი სკოლის" ვარდნა იყო - ხისტი და თავგანწირული. ბურთის გამო თავს რომ გაწირავს, ისეთი კაცის.

ეპიზოდებში თითქოს ცოტა კლასის ნაკლებობაც გამოჩნდა. ინსინიემ შორეულ კუთხეში მაგარი შეაგდო, თუმცა იქამდე ზუსტად იგივე პოზიციიდან ააცილა. ფინალებსა და ნახევარფინალებში შეიძლება მეორე დარტყმა აღარ გქონდეს - პირველივე უნდა შეაგდო. კლასის ამბავია. კლასის ამბავია ისიც, რომ მიმო ბერარდის თამაშში შესასვლელად მთელი ტაიმი დასჭირდა. პირველ ტაიმში სასუოლოს შემტევი ამოვარდნილი იყო, მეორეში გოლები და თამაში გააკეთა.

ამ საუკუნეში ასე შეკრული და გუნდური იტალია ორჯერ მახსოვს - ლიპის ლეგენდარული გუნდი 2006 წელს და კონტეს გუნდი 2016-ში. ამის ნიშანი ის არის ხოლმე, როცა რიგითი მოთამაშეები ნაკრებში ბევრად უკეთ თამაშს იწყებენ, ვიდრე კლუბში. მანჩინის გუნდშიც ასე იყო - ყველაზე სუსტ რგოლად მიჩნეული ლეონარდო სპინაცოლა, სულ მცირე, პირველ ტაიმში მაინც თავის გუნდში საუკეთესო იყო - მთელ ფლანგს აკონტროლებდა და შეტევაშიც მოდიოდა. პალერმოდან რომ ვინმე ფაბიო გროსო გამოჩნდა ამავე ფლანგზე, დაახლოებით ასეთი ამბავი იყო.

თურქეთზე რა უნდა ვთქვა? 8 ხან 9 კაცით დაცვაში იდგა და მეტოქემ მისი კარისკენ მაინც 24-ჯერ დაარტყა. გიუნეშის გუნდს თითქოს თამაში საერთოდ არ ჰქონდა. მხოლოდ იტალიის ძალა კი არა, თურქეთის სისუსტეც ჩანდა.

იტალიის ძალა უფრო უკეთ შვეიცარიასთან გამოჩნდება. ევროპის ჩემპიონატი დაიწყო და იტალია მაშინვე გაფრინდა - პირველი დღის მთავარი შედეგიც ეს არის.

 

კომენტარები

ბოლო ამბები