Thumbnail

ევროპის ჩემპიონატი იტალიის ნაკრების შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო. "სკუადრა აძურამ" კონტინენტის პირველობის გახსნით შეხვედრაში, რომის "სტადიო ოლიმპიკოზე" თურქეთის ნაკრები 3:0 დაამარცხა და ტურნირი 3 ქულით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ იტალიას ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე (38 მატჩში) ერთ მატჩში 2-ზე მეტი გოლი აქამდე არ ჰქონდა გატანილი. რობერტო მანჩინის გუნდის პირველი თამაში "პოპსპორტთან" Silk TV-ის გენერალურმა პროდიუსერმა ბიძინა ბარათაშვილმა შეაფასა.

ბიძინა ბარათაშვილი: "ევროპაში იტალიის ნაკრებს ვქომაგობ და როგორც გულშემატკივარი, შედეგითაც და თამაშის ხარისხითაც ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა ერთი აზრი მოსვენებას არ მაძლევს: ხომ არაა თურქეთის ნაკრები ძალიან სუსტი? იტალიის ნაკრებში არ არიან ტოპვარსკვლავები. იმას ვგულისხმობ, რომ ამ გუნდს არ ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ჰყავდა მაშინ, როდესაც მე მისი ქომაგობა დავიწყე, სხვათა შორის, არგენტინაზე ადრე. დღევანდელ ფეხბურთში საერთოდ არ არიან ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იგივე სანდრო მაცოლა ან ჯანი რივერა იყვნენ.

ის, რაც გულშემატკივრებმა Silk TV-ზე თურქეთის ნაკრების შესრულებით, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში ნახეს, ახლოსაც კი არაა იმასთან, რაც დღეს შენოლ გიუნეშის გუნდმა გვაჩვენა. შეუძლებელია, რომ თურქებს ფეხბურთის თამაში ერთ თვეში დავიწყებოდათ. შესაძლოა, უბრალოდ, ეს თურქეთის ნაკრების დღე არ იყო.

ასეთი რაღაცები ფეხბურთშიც და სპორტის სხვა სახეობებშიც ხდება. შორს რომ არ წავიდეთ, მაგალითად, იგივე არგენტინის ნაკრებმა კოლუმბიასთან თავის დროზე 0:5 წააგო და შემდეგ იმისთვის, რომ 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრილიყო, გუნდში პენსიაზე გასული მარადონას დაბრუნება მოუწია. არაა გამორიცხული, რომ თურქეთის ნაკრებს რაღაც მსგავსი დაემართა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ აკნინებს იტალიის ეროვნულ გუნდს.

იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო

"სკუადრა აძურას" გამარჯვება რობერტო მანჩინის გამოც გამიხარდა. ამ სპეციალისტმა, რომელიც ცოტა დაუფასებელია, შეძლო იტალიელთა თამაშის გარდაქმნა. გუნდი ძალიან ლამაზ და შედეგიან ფეხბურთს უჩვენებს. მანჩინისადმი ჩემი დადებითი დამოკიდებულება პირველ რიგში მისი ფეხბურთელობიდან გამომდინარეობს. პირადად მე, მისი ელეგანტური თამაშის მანერა ძალიან მომწონდა. დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს წარმატება მას დიდი ხნის მანძილზე თან სდევდეს და არ მინდა, რომ პირველივე წარუმატებლობისას იგი ზედმეტად გააკრიტიკონ.


არ შემიძლია, არ ვისაუბრო მსაჯობაზე. არბიტრის მოქმედებებში თანამიმდევრულობა კარგია, მაგრამ თუ ეს თანამიმდევრულობა იმაში ვლინდება, რომ ერთი გუნდი ხელბურთს თამაშობს და პენალტი არაფრის დიდებით არ ინიშნება, ასე არ ვარგა. მე თანამიმდევრულობის დაცვის მომხრე ვარ და ვერაფრით ვიგებ, როდესაც შემტევი ფეხბურთელი ხელით თამაშობს, რატომ არის ჯარიმა და როდესაც იმავეს მცველი აკეთებს, რატომ რჩება ასეთი ეპიზოდები იგივე მსაჯს ყურადღების მიღმა".

ჯგუფის მეორე მატჩში, შაბათს უელსი შვეიცარიას დაუპირისპირდება. იტალიის ნაკრებს მეორე ტურის შეხვედრა 16 ივნისს, შვეიცარიასთან ელის.

 

კომენტარები

ბოლო ამბები