Thumbnail
  • ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში იტალიამ თურქეთი 3:0 დაამარცხა
  • რობერტო მანჩინის, ჩირომ იმობილეს და ლორენცო ინსინიეს კომენტარები

ევროპის ჩემპიონატი იტალიის ნაკრების შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო. ‘სკუადრა აძურამ’ კონტინენტის პირველობის გახსნით შეხვედრაში, რომის ‘სტადიო ოლიმპიკოზე’ თურქეთის ნაკრები 3:0 დაამარცხა და ტურნირი 3 ქულით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ იტალიას ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე (38 მატჩში) ერთ მატჩში 2-ზე მეტი გოლი აქამდე არ ჰქონდა გატანილი. სოლიდური გამარჯვებით იტალიელები მატჩის შემდეგ ძალიან ბედნიერები იყვნენ.

რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “კარგად ვითამაშეთ. ეს პირველი მატჩი იყო და ლოგიკურია, რომ თავიდან გაგვიჭირდა, თანაც კარგ გუნდს ვეთამაშებოდით, მაგრამ საერთო ჯამში ჩვენი გამარჯვება აბსოლუტურად დამსახურებულია. პუბლიკა, რა თქმა უნდა, დაგვეხმარა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ბურთს სწრაფად ემოძრავა. ბედნიერები ვართ სამი ქულით და ახლა უკვე მომდევნო მატჩზე ფიქრს ვიწყებთ.”

ჩირო იმობილე (იტალიის ნაკრების თავდამსხმელი): “პირველ ტაიმში ბევრი არ გავრისკეთ, რადგან თურქეთის ნაკრები საკმაოდ ძლიერია, ბევრ ტოპ-გუნდს შეუქმნა პრობლემები. შევეცადეთ, მეტოქე დაგვეღალა და ბურთი გვემოძრავებინა. მათი დაცვის გარღვევა ადვილი არ იყო. მეორე ნახევარში თურქეთის ნაკრები მართლაც აშკარად დაიღალა. პირველი გოლის შემდეგ ისინი იძულებულები გახდნენ, რომ სივრცეები გაეთავისუფლებინათ, მეტი გაერისკათ. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჩვენი თამაშის ხარისხი.”

მესამე გოლი ლორენცო ინსინიემ გაიტანა

ლორენცო ინსინიე (იტალიის ნაკრების თავდამსხმელი): “ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი გამოსწორდა. მანჩინიმ შესვენებაზე გვითხრა, რომ მშვიდად უნდა ვყოფილიყავით და კონცენტრაცია შეგვენარჩუნებინა. ასეც მოვიქეცით და შედეგმაც არ დააყოვნა - მიზანს მივაღწიეთ. ჩვენი მთავარი სიძლიერე გუნდური თამაშია. მანჩინიმ ძალიან მაგარი გუნდი შექმნა, რომელშიც არავის აქვს გარანტია, რომ აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს და ეს არავის სწყინს. ყველა ჩვენგანი ყოველთვის მზად არის, რომ თანაგუნდელებისთვის თავი გაწიროს. მთავარი მოგებაა. მაგარი საღამო გამოვიდა.”

ჯგუფის მეორე მატჩში, შაბათს უელსი შვეიცარიას დაუპირისპირდება. იტალიის ნაკრებს მეორე ტურის შეხვედრა 16 ივნისს, შვეიცარიასთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები