Thumbnail

4-საათიანი ექსტრაკლასი - ჯოკოვიჩმა ნადალი განაიარაღა!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი 3:6, 6:3, 7:6, 6:2 რაფაელ ნადალი
  • ნოლემ როლან გაროსზე რაფა ისტორიაში მეორედ დაამარცხა 

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო და მსოფლიოს ყურადღება მეტწილად რომისკენ, კერძოდ, თურქეთისა და იტალიის მატჩისკენ იყო მიმართული, ნამდვილად არ უნანიათ იმ ადამიანებს, რომლებმაც როლან გაროსის ნახევარფინალური დაპირისპირება აირჩიეს.

ეს იყო სუპერმატჩი ორ ლეგენდას შორის! ნოვაკ ჯოკოვიჩმა რაფაელ ნადალს 4 საათსა და 13 წუთში სძლია და როლან გაროსის ფინალში გავიდა. ჩოგბურთელებმა 4 სეტი ითამაშეს და რამდენიმე საოცარი გათამაშება შემოგვთავაზეს. საინტერესო ისაა, რომ ჯოკოვიჩი და ნადალი როლან გაროსზე კარიერაში მეცხრედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და ჯოკომ მხოლოდ მეორედ შეძლო ესპანელის დამარცხება.

ჩოგბურთელებმა პირველი ორი სეტი ერთნაირი ანგარიშით მოიგეს. ნადალმა პირველ სეტში 6:3 იმარჯვა, ხოლო ჯოკოვიჩმაც სეტებში ანგარიში 6:3-ით გაათანაბრა. მთავარი ჩოგბურთის ქომაგს წინ ელოდა, მესამე სეტი ყველამ უნდა ნახოს, ვისაც ჩოგბურთი ოდნავ მაინც აინტერესებს. ჯოკომ და ნადალმა ერთმანეთის მოწოდება 2-2-ჯერ მოიგეს და ტაიბრეიკამდე მივიდნენ, სადაც სერბმა 7:4 მოიგო და სეტებში დაწინაურდა - 2:1.

სამი მოთამაშე, რომლებმაც ნადალს როლან გაროსზე 2 სეტი მოუგეს: სოდერლინგი (2009), ისნერი (2011), ჯოკოვიჩი (2013, 2015, 2021)

მეოთხე სეტში ჯოკოვიჩის უპირატესობა აშკარა იყო. ნადალი 2:0 დაწინაურდა, თუმცა სერბმა ზედიზედ 6 გეიმი მოიგო და გამარჯვებაც მას დარჩა. ეს საერთო ჯამში ამ ჩოგბურთელების 58-ე დაპირისპირება გახლდათ და ნოვაკმა 30-ედ მოიგო. ნადალის 4-წლიანი ჰეგემონია როლან გაროსზე დასრულდა. რაფა 2017 წლიდან 2020 წლამდე საფრანგეთში ტიტულს არავის უთმობდა.

ჯოკოვიჩის მეტოქე ფინალში სტეფანოს ციციპასი იქნება, რომელმაც უმძიმეს ბრძოლაში ალექსანდერ ზვერევს სძლია. სტეფანოსი სეტებში 2:0-ს იგებდა, ზვერევმა გათანაბრება მოახერხა, თუმცა ბერძენმა ბოლო სეტშიც იმარჯვა და ფინალში ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება. ჯოკოვიჩს როლან გაროსის მეორედ მოგების შანსი აქვს, ხოლო ბერძენი დიდი სლემის ფინალში პირველად ითამაშებს. ფინალი 13 ივნისს, თბილისის დროით 17:00-საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები