Thumbnail

იტალიის ნაკრებმა დაამტკიცა, რომ მართლაც ძლიერი გუნდია და შემთხვევითი არ არის ის, რომ ძალიან დიდი ხანია, არ აგებს!

ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში, "სკუადრა აძურამ" რომის 'სტადიო ოლიმპიკოზე' თურქეთის ასევე საკმაოდ ძლიერ გუნდს უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა. რობერტო მანჩინის შეგირდები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და შენოლ გიუნეშის ნაკრებს აბსოლუტურად არაფერი გააბედვინეს.

თამაში ორივე გუნდმა ზუსტად იმ შემადგენლობით დაიწყო, რომლითაც ბოლო ტესტ-მატჩებში იასპარეზეს. იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის ყველაზე საინტერესო გადაწყვეტილება ალბათ მაინც დომენიკო ბერარდის ძირითადში დაყენება გახლდათ - სასუოლოს შემტევი მან ფედერიკო კიეზას ამჯობინა, რომელსაც იუვენტუსში კარგი სეზონი ჰქონდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ იტალიური მედია მანჩინის ამ გადაწყვეტილებას მატჩამდეც პროგნოზირებდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მარკო ვერატიმ გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო და 4-3-3 ტაქტიკურ სქემაში, "სკუადრა აძურას" შუა ხაზში ბარელა-ჟორჟინიო-ლოკატელის ტრიო ვიხილეთ.

თურქეთის ნაკრების დამრიგებელმა შენოლ გიუნეშმა 4-1-4-1 სქემა აირჩია. მის გუნდში მთავარი ფიგურები სერია A-ს ლეგიონერები არიან: იუვენტუსის მცველი მერიჰ დემირალი და მილანის ათიანი ჰაქან ჩალჰანოღლუ. იტალიაში მოთამაშე მესამე თურქი მერტ მიულდური (სასუოლო) სათადარიგოთა სკამზე დარჩა. წინა ხაზზე თურქეთის ნაკრების მთავარი იმედი ვეტერანი ბურაქ ილმაზი გახლდათ, რომელსაც ლილში შესანიშნავი სეზონი ჰქონდა.

ანგარიში დემირალის ავტოგოლით გაიხსნა

პირველი ტაიმი იტალიის ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა - მანჩინის შეგირდებს რამდენჯერმე შეეძლოთ გატანა. თავად განსაჯეთ: პირველ 45 წუთში იტალიელებმა კარისკენ 14-ჯერ დაარტყეს (ზუსტად 3-ჯერ), თურქებს კი ერთი (თუნდაც არაზუსტი) დარტყმაც კი არ ჰქონიათ. გარდა ამისა, მანჩინის შეგირდები სამჯერ ითხოვდნენ პენალტის დანიშვნას. აქედან, რეალურად, მესამე შემთხვევაში ‘აძური’ თერთმეტმეტრიანს მართლაც იმსახურებდა - სპინაცოლას ჩაწოდების შემდეგ ჩელიკს ბურთი გაშლილ ხელზე მოხვდა. თუმცა პენალტი არ დაინიშნა.

იტალიელებმა უპირატესობა ანგარიშში მეორე ტაიმის პირველ 20 წუთში ასახეს: ჯერ ბერარდიმ დემირალს ავტოგოლი გაატანინა, 66-ე წუთზე კი ჩირო იმობილემ სხვაობა ორამდე გაზარდა. რეალურად, ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ მატჩის ბედი გადაწყდა - თურქებს არაფერი ეტყობოდათ საიმისო, რომ ამ თამაშის გადარჩენას მოახერხებდნენ. მეტიც: 79-ე წუთზე ინსინიეს გოლმა თურქეთის იმედებს საბოლოო წერტილი დაუსვა.

TOP - ჩირო იმობილე (იტალია)

რომის ლაციოს ბომბარდირი მთელი მატჩის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მონდომებული იყო - ბევრი ირბინა, კარგად იხსნებოდა, ტექნიკის დემონსტრირებასაც ახერხებდა, სწრაფი რეაქცია ჰქონდა იმ მომენტში, როცა ანგარიში 2:0 გახადა და ინსინიეს გოლშიც საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის. ცენტრფორვარდს სხვა რა უნდა მოვთხოვოთ?

ჩირო იმობილე ყველაზე პროდუქტიული იყო

FLOP - კენან ქარამანი (თურქეთი)

ბევრი მატჩის Flop-ად ალბათ მერიჰ დემირალს დაასახელებს, რადგან სწორედ მან გაიტანა ავტოგოლი, რომლითაც თურქეთის ნაკრების განადგურება დაიწყო, მაგრამ დემირალს უბრალოდ არ გაუმართლა. ჩვენი აზრით, მატჩის ყველაზე სუსტი მოთამაშე კენან ქარამანი გახლდათ. როდესაც დიუსელდორფის ფორტუნას ფეხბურთელი, რომელიც მალე თავისუფალი აგენტი ხდება, ევროპის ჩემპიონატის გახსნითი მატჩის ძირითადშია, ეს უკვე გარკვეულწილად Flop-ამბავია. უშუალოდ მატჩის დროს კი გამოჩნდა, რომ ის თამაშის ღირსი არ იყო. შესაძლოა, ეს იმის ბრალიც იყოს, რომ შენოლ გიუნეშმა შემტევი ფეხბურთელი მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, მარჯვენა ნახევარმცველად ათამაშა და თანაც, ძირითადად იტალიელების შეტევების ჩაშლა დაავალა. ქარამანს ჯამში ბურთთან 30 კონტაქტი ჰქონდა და აქედან 15-ჯერ ბურთი დაკარგა. უფრო მეტიც: 21 პასის გაკეთება სცადა და აქედან მხოლოდ 11 იყო ზუსტი.

თურქეთი 0:3 იტალია

გოლები: 0:1 დემირალი (53-საკ. კარში), 0:2 იმობილე (66), 0:3 ინსინიე (79)

თურქეთი (4-1-4-1): ჩაქირი - ჩელიკი, დემირალი, სოიუნჯუ, მერაში - ოქაი (65. ირფან ჯანი) - ქარამანი (77. დევისოღლუ), იაზიჯი (46. ჩენგიზ იუნდერი), ოზან ტუფანი (64. აიჰანი), ოქაი, ჩალჰანოღლუ - ბურაქ ილმაზი.

იტალია (4-3-3): დონარუმა - ფლორენცი (46. დი ლორენცო), ბონუჩი, კიელინი, სპინაცოლა - ბარელა, ჟორჟინიო, ლოკატელი (74. კრისტანტე) - ბერარდი (85. ბერნარდესკი), იმობილე (81. ბელოტი), ინსინიე (81. კიეზა).

კომენტარები

ბოლო ამბები