Thumbnail

22 წლის ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს მოახლოებული დრაფტისთვის ემზადება, ამერიკულ ვებ-გვერდებზე კი მასზე საკმაოდ ბევრი იწერება. ამჯერად, ქართველ ფორვარდს ყურადღება Pistonpowered-მა მიაპყრო. აი, რას ვკითხულობთ სტატიაში სახელწოდებით “რატომ უნდა აიყვანოს დეტროიტმა დრაფტზე სანდრო მამუკელაშვილი?”:

“იმ კალათბურთელებზე საუბრისას, რომელთა დამატებაც დეტროიტ პისტონსისთვის კარგი იქნება, ყურადღება ერთ “დიდ ბიჭსაც” უნდა მივაქციოთ. სანდრო მამუკელაშვილი სეტონ ჰოლის მძიმე ფორვარდi/ცენტრია, რომლის სიმაღლე 211 სმ-ია, წონა კი – 109 კგ. მასზე მცირე ინფორმაციაც უნდა მოგაწოდოთ. ის ქართველია, თუმცა, ნიუ იორკშია დაბადებული. როდესაც სულ პატარა იყო, მისი ოჯახი სამშობლოში რომ დაბრუნდა და იქ მანამდე ცხოვრობდა, სანამ 14 წლის შესრულდებოდა. შემდეგ სანდრო იტალიაში გადაბარგდა და სკოლაში სწავლობდა, მერე კი აშშ-ში მონტე ვერდეს აკადემიას მიაშურა და იქ ნიუ იორკის მოთამაშე არ ჯეი ბარეტთან ერთად თამაშობდა.

მოდით, თვალსაჩინოებისთვის მამუკელაშვილის სტატისტიკაც ვნახოთ: 17.5 ქულა, 7.6 მოხსნა, 3.2 პასი, 1.1 ჩაჭრა და 0.6 დაფარება საშუალოდ მატჩში, ორქულიანები 48.1%, სამქულიანები 33.6%, საჯარიმოები 71.4%, თამაშიდან სროლების 52.5%. საინტერესოა სანდროს ძლიერი და სუსტი მხარეების გაცნობაც და იმის გაგება, რატომ ვთვლით, რომ ის დრაფტის მე-2 რაუნდში დეტროიტმა აუცილებლად უნდა აიყვანოს.

რეიტინგების მიხედვით, მამუკელაშვილი დრაფტის მე-2 რაუნდის ბოლოს უნდა აირჩიონ

მამუკელაშვილს მაღალი კალათბურთელებისთვის უნიკალური თვისებები აქვს და მისი თამაშიც სწორედ ამის გარშემოა აწყობილი. ნახეთ მისი გამორჩეული მომენტები გასული სეზონიდან და დარწმუნდებით, რომ ის ბურთს უკანახაზელივით აკონტროლებს. სანდროს შეტევაში წასვლა არ უჭირს, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ბურთის გაცემაც ეხერხება. ბოლო სეზონში მას 10 მატჩი ჰქონდა, სადაც 4 და მეტი პასი მიითვალა. “დიდი ბიჭისთვის” ეს ნამდვილად გამორჩეული მოვლენაა. თუკი NCAA-ს გამორჩეულ კალათბურთელებს შევადარებთ, კეინ კანინგემს 4 და მეტი პასით 11 შეხვედრა ჰქონდა, ჯეიდენ სპრინგერს – 8, კალიფორნიელ ჯეიმს ბუკნაიტს კი სანდროს მსგავსი შედეგი მთელი 2-წლიანი კარიერის განმავლობაში არ ჰქონია.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მამუკელაშვილი კარგი მსროლელია. შესაძლოა მისი პროცენტული მაჩვენებლები საშუალოზე დაბლად მოგეჩვენოთ, თუმცა, აქ მთავარი კონტექსტია. ჯერ ერთი, რომ სეტონ ჰოლის მოთხოვნით, ის ყველაზე ხშირად ესროდა და ბურთსაც ლამის შავარ რეინოლდსთან თანაბრად ანაწილებდა. შემთხვევითი არაა, რომ სანდროს გუნდში ყველაზე მეტი – 125 სამქულიანი ჰქონდა ნასროლი. მისმა პროცენტებმაც კლება სწორედ ამის გამო იკლო. არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც მამუკელაშვილმა შეტევის ბოლო წამებზე იმიტომ ისროლა, რომ უბრალოდ, გუნდის ლიდერი გახლდათ.

წინა სეზონში სანდრო შორი დისტანციიდან 43.5-ით ესროდა, თუმცა, მატჩში საშუალოდ მხოლოდ 2.7 ცდა ჰქონდა. მაშინ ის ასეთი გამოკვეთილი ლიდერი არ ყოფილა. ბოლო სეზონში სარეკორდო იყო სანდროს მაჩვენებელი საჯარიმოებშიც: 71.4%. გაიზარდა მისი საშუალო საჯარიმო ტყორცნების რაოდენობაც: 4.9. და რაც მთავარია, NCAA-ში ნათელი გახდა, რომ სეტონ ჰოლში ყველაზე დიდი საფრთხე მისგან მოდიოდა. შესაბამისად, მთავარ მიზნად მისი შეჩერება იქცა.

თუკი მამუკელაშვილის სუსტ მხარეზე მიდგება საქმე, ის უნდა ითქვას, რომ მისი დაცვითი უნარები საშუალო ან საშუალოზე ოდნავ მაღალია. ის მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა რომარო გილისა და იკე ობიაგოს მხარდამხარ და ფარის დამცველად და მაგარ მომხსნელად არც მოიაზრებოდა. მისი უნარები მართლაც უფრო კარგია ფარისგან მოშორებით, თუმცა, მაგრამ ფაქტია, რომ დაცვაშიც რაღაც როლი უნდა დაეკისროს.

ქართველ კალათბურთელს სეტონ ჰოლში გამორჩეული სეზონი ჰქონდა

რეალურად, ეს პირველი სეზონი იყო, როდესაც სანდროს შეტევაში წამყვანი როლი დაეკისრა. ამდენად, გასაკვირი არ ყოფილა, რომ მას 89 შეცდომა მოუგროვდა. საინტერესოა ისიც, რომ წინა სეზონში, როდესაც მას ნაკლები როლი ჰქონდა, შეტევაში 61.3%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, სამქულიანებს კი 43.3%-ით ესროდა. სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ მამუკელაშვილი უფრო სარგებლიანი მე-2 ოპციის რანგში იქნება, როდესაც მასზე წნეხიც ნაკლებია.

თუკი შედარებებზე მიდგა საქმე, სანდრო უფრო ლამარ ოდომისა და კლიფ რობინსონის ნაზავია. ოდომს იმით ჰგავს, რომ დიდი მოთამაშის კვალობაზე კარგი მოძრაობები აქვს და ბურთსაც კარგად აკონტროლებს. ამასთან, რობინსონის მსგავსად. ნახტომში კარგი სროლა აქვს, ეს კი, მცველებს ყოველთვის პრობლემებს უქმნის. ოდომი ყოველთვის კარგი იყო ინდივიდუალურ შეტევაში, თუმცა, მისი ლიდერობით, გუნდი წარმატებას ვერ აღწევდა, სამაგიეროდ, როდესაც ლამარი ლეიკერსში გადავიდა, კობის ბრაიანტისა და პაუ გასოლის დანამატად იქცა და ეს, კარგი საფუძველი აღმოჩნდა. ვფიქრობთ, რომ იგივე გზის გავლა მამუკელაშვილსაც შეუძლია.

ვინაიდან დეტროიტში პლამლისა და სტიუარტს ბევრი სათამაშო წუთი მიაქვთ, საწყის ეტაპზე მამუკელაშვილის გამოყენება კარგი იქნება ტემპის აჩქარებისთვის, მოულოდნელი სამქულიანებისთვისა და პიკ ენდ როლებისთვის. მისთვის მეორე ხუთეულში ადგილის მოპოვება რთული არ უნდა იყოს, პისტონსი კი მისგან სარგებელს უნდა ელოდეს. მამუკელაშვილის უნარების გამოყენება NBA-ს გუნდს ნამდვილად შეუძლია”.

NBA-ს 2021 წლის დრაფტი 29 ივლისს გაიმართება და მასზე ტრადიციულად 60 კალათბურთელს აირჩევენ. სანდრო მამუკელაშვილი ფაქტობრივად ყველა დრაფტ-რეიტინგში ფიგურირებს და მას არჩევას მე-2 რაუნდის ბოლოს უწინასწარმეტყბელებენ. შეგახსენებთ, რომ ბოლოს NBA-ში ქართველებიდან გოგა ბითაძე აირჩიეს – 2019 წლის დრაფტის მე-18 ნომრად ის ინდიანა პეისერსმა აიყვანა.

კომენტარები

ბოლო ამბები