Thumbnail

რუსეთი გერმანელ ჟურნალისტს სანკტ პეტერბურგის სტადიონზე არ უშვებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ARD-ს რეპორტიორს რუსები აკრედიტაციას არ აძლევენ
  • რუსეთში მისი კრიტიკული რეპორტაჟები არ მოსწონთ

რუსეთში კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს რომ ვერ იტანენ, ეს ყველამ იცის. სიახლე ის არის, რომ რუსებმა გერმანული ARD-ს ჟურნალისტ რობერტ კემპეს ევროპის ჩემპიონატის სანკტ პეტერბურგში დაგეგმილ მატჩებზე აკრედიტაცია არ მისცეს. ინფორმაცია პირველად გერმანულმა “ვესტდოიჩე რუნდფუნკმა” გაავრცელა, მოგვიანებით კი უეფამ ეს ამბავი საინფორმაციო სააგენტო SID-ს დაუდასტურა. უეფაში განმარტეს, რომ გადაწყვეტილება რუსულმა სტრუქტურებმა მიიღეს.

საინტერესოა, რომ 40 წლის კემპეს უეფასგან უკვე აქვს ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტაცია. მიუხედავად ამისა, რუსებმა გერმანელ ჟურნალისტს სანკტ პეტერბურგში დაგეგმილ მატჩებზე შეშვებაზე უარი უთხრეს, მათ განმარტებაში კი ეწერა, რომ აკრედიტაციაზე უარს მისი “ბექგრაუნდის შემოწმების” შემდეგ ეუბნებიან.

“ეს პრესის თავისუფლების შეზღუდვაა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია,” - აცხადებს WDR-ის მთავარი რედაქტორი ელენ ენი, - რუსეთს მოვუწოდებთ, კარგად გაერკვეს საკითხში და ჩვენს კოლეგას აკრედიტაცია მისცეს, რათა მან ჟურნალისტის საქმიანობა შეუფერხებლად განახორციელოს.”

რა არ მოეწონათ რუსებს კემპეს ‘ბექგრაუნდში’? გერმანელი ჟურნალისტი წლების მანძილზე აშუქებდა რუსული ფეხბურთის ამბებს და აკრიტიკებდა ‘გაზპრომის’ გავლენებს ევროპულ ფეხბურთში. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის წინ იგი რუსეთში ადამიანთა უფლებების დარღვევების საკითხებზე მუშაობდა და არაერთი რეპორტაჟი ჰქონდა ჩეჩნეთის შესახებ, რომელსაც ვლადიმირ პუტინის მეგობარი, დიქტატორი რამზან კადიროვი მართავს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები