Thumbnail

საკალათბურთო სუპერლიგა: დინამომ მგზავრებს მეორე მატჩიც მოუგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დინამო 84:75 მგზავრები
  • სერიის მესამე მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება

გრძელდება სუპერლიგის ნახევარფინალური ეტაპი. დინამომ მგზავრები მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა.

ნახევარფინალური დუელი სამ მოგებამდეა და შესაბამისად, ფინალში გასასვლელად დინამოს ერთი მოგება აკლია.

პირველი ნახევარი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და დიდ შესვენებაზე დინამოს 4-ქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა, 41:37.

ყველაზე დაძაბული მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელშიც მგზავრებმა შესანიშნავად ითამაშეს, ჩამორჩენა გააბათილეს და წინაც გავიდნენ, 50:47.

დინამოს მწვრთნელმა, ირაკლი ხოშტარიამ დროული წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც მისი გუნდი დიდ უპირატესობას დაეუფლა. დასკვნითი მეოთხედის წინ, დინამომ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, 64:55.

დასკვნით მეოთხედში მგზავრებმა სცადეს მატჩის გადარჩენა, თუმცა ვერ შეძლეს და საბოლოოდ, დინამომ 9-ქულიანი უპირატესობით, 84:75 გაიმარჯვა.

გამარჯვებული გუნდიდან ყველაზე შედეგიანი ილია ლონდარიძე იყო, რომლის აქტივში 25 ქულაა. 12 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა კაელ ტურპინმა.

სერიის მესამე მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება

კომენტარები

ბოლო ამბები