Thumbnail
  • 'ეს მატჩი უეფა-ს სასწავლო კურსებში უნდა იქნას შეტანილი'
  • ვესტ ჰემის ოფიციალური ვებ-გვერდი დინამო თბილისთან მატჩზე

ლონდონის ვესტ ჰემის ოფიციალურ ვებ გვერდზე სტატია გამოქვეყნდა, სადაც მოზრდილი თავი დინამო თბილისს დაეთმო. ინგლისური კლუბს რუბრიკა აქვს A-Z of West Ham United, სადაც თითოეულ ასოზე ვესტ ჰემთან დაკავშირებულ ამბებს იხსენებენ. სასიამოვნოა, რომ როდესაც საქმე D-მდე მივიდა, ლონდონელებმა დინამო თბილისთან 1981 წელს გამართული დაპირისპირება გაიხსენეს. აი, რას წერს whufc:

"ვესტ ჰემის მშობლიურ Boleyn Ground-ზე ნამდვილად არ ყოფილა ბევრი გუნდი, რომელთაც მასპინძელი ქომაგების აპლოდისმენტები დაუმსახურებია, თუმცა, დინამო თბილისი ნამდვილად მათ შორის იყო. საბჭოთა კავშირის გუნდმა, რომელიც დღეს უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფო საქართველოს დედაქალაქს წარმოადგენს, აღმოსავლეთ ლონდონში დაუვიწყარი სანახაობა შემოგვთავაზა. ეს 1981 წლის მარტში თასების მფლობელთა თასის მე-3 რაუნდში მოხდა.

ლონდონური მატჩის პროგრამა და ბილეთი

ლონდონელ ქომაგებს იმედი ჰქონდათ, რომ მათი საყვარელი კლუბი ევროპული ტურნირის ფინალში მეორედ გააღწევდა და მათ ამის საფუძველი ნამდვილად ჰქონდათ. საქმე ის გახლავთ, რომ იმ დროს ჯონ ლიალის გუნდი ინგლისის ჩემპიონობისთვის იბრძოდა, უკვე გასული იყო ლიგის თასის ფინალში, შინაურ კედლებში კი, 1980 წლის აგვისტოს მერე, ზედიზედ 22 მატჩი არ წაეგო.

თუმცა, აღმოჩნდა, რომ დინამო თბილისი, რომელსაც წინა გათამაშების ეგიდით უძლიერესი ლივერპული 3:1 დაამარცხა, სულ სხვა დონეზე იყო. მათ ლონდონელებს თითო ტაიმში 2 გოლი გაუტანეს და მატჩი 4:1 მოიგეს. მაშინ the Guardian-ის მიმომხილველი კრეიგ მაკკრაკენი წერდა:

“Boleyn Ground-ზე გამართული პირველი წრის მატჩი ინტელექტუალური, მოქნილი და დინამიური ფეხბურთის მასტერ-კლასად იქცა, რომელიც სტუმარმა ფეხბურთელებმა შემოგვთავაზეს. მათ დამუშავებული ჰქონდათ საუკეთესო კონტრიერიშები, რაც კი მანამდე გვინახავს. ამ მატჩის კადრები უეფა-ს სამწვრთნელო კურსების სასწავლო მატერიალებში უნდა იქნას შეტანილი. ვესტ ჰემის ფეხბურთელებმა მატჩის უმეტესი დრო ბურთის გარეშე გაატარეს, უიმედოდ დასდევდნენ რა დინამოელთა თეთრ აჩრდილებს და ცდილობდნენ შედარებით საპატიო ანგარიში შეენარჩუნებინათ, თუმცა, ეს რამდენად გამოუვიდათ, თავად განსაჯეთ”.

ეს-ესაა, ვლადიმერ გუცაევმა ვესტ ჰემს გოლი გაუტანა

მატჩის ვიდეოჩანაწერი იუთუბზეც შემორჩენილია, სადაც სჩანს, რომ ალექსანდრე ჩივაძე შეტევას თავისი ნახევრიდან იწყებს და ფილ პარკსის კარში გოლი 30 იარდიდან გააქვს. ვლადიმერ გუცაევმა რეი სტიუარტს ბურთი მოჰპარა და ანგარიში გაზარდა და მართალია, დევიდ კროოსმა თავურით ჩამორჩენა შეამცირა, რამაზ შენგელიას დუბლმა ყველაფერს წერტილი დაუსვა.

თამაშის დასრულების შემდეგ, ტრიბუნებზე შეკრებილი 34 957 მაყურებლის უმეტესობა სტუმარ ფეხბურთელებს ტაშს ფეხზე ამდგარი უკრავდა. ვესტ ჰემმა, თბილისში, 80 ათასი ქომაგის თვალწინ 1:0 კი მოიგო, თუმცა, 2 მატჩის ჯამში 2:4 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ შემდეგ დინამომ ფეინოორდსა და კარლ ცეისს აჯობა და თასების თასის მფლობელიც გახდა”.

კომენტარები

ბოლო ამბები