Thumbnail

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში ინტრიგა დაბრუნდა. მილუოკი ბაქსმა ბრუკლინში განცდილი 2 მარცხის შემდეგ, ძალების მოკრება მოახერხა და შინაურ Fiserv Forum-ზე ნეტსს 86:83 სძლია. თამაში მწირქულიანი, თუმცა, დრამატული გამოდგა. შეხვედრის ბოლო წამებზე მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა კევინ დურანტს შეეძლო, თუმცა, მისი სამქულიანი არაზუსტი გამოდგა.

შეხვედრის ბედი მილუოკელთა ლიდერებმა იანის ანტეტოკუნმპომა და კრის მიდლტონმა გადაწყვიტეს. პირველის მონაგარი 33 ქულა და 14 მოხსნა იყო, მეორის კი – 35 ქულა და 15 მოხსნა. მათ ბაქსის ქულების 79% ჩააგდეს, რაც NBA-ს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. სათქმელია ისიც, რომ იანისმა და კრისმა მილუოკის საწყისი 30 ქულა მიითვალეს, რაც ლიგაში უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში არ მომხდარა.

“დღეს ბევრი ქულა არ ჩაგვიგდია, თუმცა, თამაში მოვიგეთ. ამ მატჩში მთავარი სწორედ ეს იყო. ვიცოდით, რომ ძალიან რთული შეხვედრა იქნებოდა და გამარჯვების გარდა, არაფერი დაგვაკმაყოფილებდა. ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა სხვაობა 30 ქულა იქნებოდა, თუ – ერთი. იმედი მაქვს, მომდევნო მატჩშიც გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება” – განაცხადა თამაშის შემდეგ ანტეტოკუნმპომ.

ბრუკლინის რიგებში ყველაზე შედეგიანი ხსენებული დურანტი იყო 30 ქულითა და 11 მოხსნით, ორმაგი დუბლი (16 ქულა და 11 მოხსნა) ჰქონდა ბრიუს ბრაუნსაც, კაირი ირვინგმა კი 22 ქულა მიითვალა. დურანტმა პრესკონფერენციაზე აღიარა, რომ მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა:

“მათ ის გააკეთეს, რაც ევალებოდათ: თამაშზე ძალიან აგრესიულები გამოვიდნენ. ისინი კედელთან იყვნენ მიმწყვდეულნი და დასაკარგი არაფერი ჰქონდათ. ძირითადად მდევრის როლში ვიყავით, ხოლო როდესაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთი ჩააგდეს, პასუხი აღარ აღმოგვაჩნდა. საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ თამაშის ბედი მცირე დეტალებმა გადაწყვიტა. ეს უკვე ნამდვილი პლეი-ოფია”.

ამგვარად, ნეტსი სერიას მხოლოდ მინიმალური უპირატესობით იგებს, მომდევნო მატჩი კი ისევ მილუოკიში 13 ივნისს შედგება. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალი ტრადიციულად ოთხ მოგებამდე გრძელდება, მისი გამარჯვებული კი, აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის ფილადელფიასა და ატლანტას შორის გამარჯვებულს ეთამაშება.

კომენტარები

ბოლო ამბები