Thumbnail
  • ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკის მთავარი ფავორიტია
  • სკალონის არგენტინა მძიმე და რთულად მოსაგები გუნდია
  • ჩილეს, ურუგვაის და კოლუმბიის საუკეთესო წლები უკან არის

ევროპის ჩემპიონატი ჰო, მაგრამ კოპა ამერიკაც იწყება! ტურნირი, რომელსაც მასპინძელი ორჯერ შეეცვალა და სულ რამდენიმე დღის წინ მისი ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა; ტურნირი, რომლის მიღებაც მის ამჟამინდელ მასპინძელს, ბრაზილიას, არ სურს, ტურნირი, რომელიც, ტრადიციულად, ორგანიზაციული ქაოსით ხასიათდება.

ამის მიუხედავად, ფეხბურთის გულშემატკივარი კოპა ამერიკას მოუთმენლად ელის - იმიტომ, რომ ეს ტურნირი მაღალი კლასის ფეხბურთის გარანტია. აქ მესი და ნეიმარი კიდევ ერთხელ ეცდებიან, პასუხი გასცენ მარადიულ კითხვას - არგენტინა თუ ბრაზილია? ამბიციური ჩილე, კოლუმბია და ურუგვაი კი სამხრეთამერიკული გრანდების შევიწროვებას კვლავაც გააგრძელებენ. ამ კონტინენტზე ფეხბურთის თამაში ყველამ თუ არა, თითქმის ყველამ იცის - მაღალი კლასის ფეხბურთსაც ეს ამბავი განაპირობებს. რას ველოდოთ კოპა ამერიკაზე?

ფავორიტი ბრაზილია

როგორც სპორტულ სამყაროში ხშირად ამბობენ, ყველაზე უკეთ ბუქმექერებმა იციან და კოპაზე ისინი (და არამხოლოდ ისინი) ერთხმად ამბობენ, რომ ბრაზილია უპირობო ფავორიტია.

ეს მოსაზრება ბევრი ფაქტორითაა განპირობებული. ბრაზილიას ბოლო 9 კოპადან 5 მოგებული აქვს და უკანასკნელი გათამაშებაც, 2019 წელს, მათი ტრიუმფით დასრულდა. ტიტეს კარგად დალაგებული და აწყობილი გუნდი ჰყავს, რომელსაც ბოლო 5 წელია, ეტაპობრივად, ერთი სისტემით და ერთი ბირთვის გარშემო აშენებს. ბოლო 7 თამაშია, ‘სელესაო’ ზედიზედ იგებს, თანაც ისე, რომ 19 გოლი აქვთ გატანილი და მხოლოდ 2 მიღებული. ტიტეს გუნდი შესარჩევსაც ლიდერობს - 6-დან 6 გამარჯვებით.

ამ თაობის ბრაზილიას დაცვითი და შემტევი, ათლეტური და ტექნიკური ფეხბურთის კარგი მიქსი აქვს. ძალიან ძლიერია დაცვა, ცენტრში გამოცდილი მარკინიოსი-ტიაგო სილვას დუეტით და სათადარიგო სკამიდან რეალის მილიტაოთი და ატლეტიკოს ფელიპეთი.

ბრაზილიას ტრადიციულად უყვარს შემტევი განაპირა მცველებით თამაში. ფლანგებზე იუვენტუსის ალექს სანდრო და დანილო, ასევე ატლეტიკოს რენან ლოდი თამაშობენ. მარჯვენა ფლანგი უფრო დაცვითია, ხოლო მარცხენა უფრო შეტევაზე ორიენტირებული.

ტიტეს ორი ძალიან მაგარი ჩამშლელი ჰყავს - კაზემირო და ფაბინიო. მათთან ერთად ბრაზილია დაცვით ფაზაში ბევრად უფრო ძლიერია.

ნეიმარი ტიტეს გუნდის მთავარი სიმბოლოა

უცნაურია, მაგრამ ბოლო წლებში ბრაზილიას ალბათ უკანა ხაზი უფრო ვარსკვლავური ჰყავს, ვიდრე შეტევა. ამ თაობის ბრაზილიის სიმბოლო და მთავარი შემტევი კაცი ნეიმარია, რომელიც თავისი უზომო ტალანტის მიუხედავად, დიდ ტურნირებზე ხშირად კრიტიკას იმსახურებს. მასთან ერთად შეტევით ხაზში ამინდს რიშარლისონი, გაბრიელ ჟეზუში და რობერტო ფირმინო ქმნიან. სამივე კარგი ფეხბურთელია, სოლიდური პრემიერლიგური გამოცდილებით, თუმცა ვერცერთზე ვერ იტყვი, რომ ზეადამიანური ტალანტის პატრონია. ისინი უფრო მშრომელი და პრესინგზე ორიენტირებული ფეხბურთელები არიან. ტიტეს ბრაზილია უფრო მეტოქის წნეხში მოქცევაზეა ორიენტირებული, ვიდრე მხოლოდ კლასით და ტექნიკით მეტოქის დაცვის გახსნას ცდილობს.

მთავარი დანაკლისი ფელიპე კოუტინიოს არყოფნაა. საკლუბო დონეზე ბოლო წლებში მისი არცთუ ისე შთამბეჭდავი ფორმის მიუხედავად, ტიტესთვის ის შეუცვლელი ფეხბურთელია და გუნდში დაცვიდან შეტევაში გადასვლას და შეტევითი თამაშის ორგანიზებას უზრუნველყოფს. მის გარეშე ნეიმარის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, რადგან სხვა მოთამაშეებს შეტევის ორგანიზება ნაკლებად ეხერხებათ.

არგენტინა დიდი მოლოდინით

არგენტინა ბრაზილიასავით აწყობილი და დალაგებული არ არის, თუმცა გაორმაგებული მოტივაცია აქვს. ‘ალბისელესტეს’ კოპა ამერიკა შორეული 1993 წლის შემდეგ არ მოუგია და მას შემდეგ 4 ფინალი წააგო, აქედან სამჯერ პენალტებით. ლიონელ მესის ეპოქაში არგენტინას დიდი საკლუბო ტურნირი არ მოუგია და ლეოს ასაკში შესვლასთან ერთად, წლევანდელი კოპა სანაკრებო ტრიუმფის ერთ-ერთი ბოლო შანსი იქნება.

‘ალბისელესტე’ საშინაო ტურნირისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა, თუმცა მასპინძლობის უფლებაზე პანდემიის გამო უარის თქმა მოუწია და ახლა, თითქმის 30 წლიანი პაუზის შემდეგ, კოპას მოგებას თავისი ყველაზე პრინციპული მეტოქის, ბრაზილიის მოედანზე შეეცდება.

სკალონი და მესი ამ საუკუნეში არგენტინის პირველი ტიტულისთვის იბრძოლებენ

სკალონის გუნდზე ვერ იტყვი, რომ ყველაზე პროგრესულ, ინოვაციურ და თვალსასეირო ფეხბურთს თამაშობს, თუმცა რთულად მოსაგები და მოუხერხებელი გუნდია. ‘ალბისელესტეს’ 13 თამაშია არ წაუგია, თუმცა ამ თამაშებში 6 ფრე ითამაშა და ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში ბრაზილიის დამარცხებაც მოახერხა. ეს გუნდი უფრო იბრძვის, ვიდრე კომბინაციური თამაშით გამორჩეულია. თუმცა, არგენტინის საფეხბურთო ისტორიაში ამ ტიპის ნაკრებს წარმატება არაერთხელ მოუპოვებია. ბოლოს, 2014 წელს, მუნდიალის ფინალშიც სწორედ მსგავსი, საპლეიოფო, მძიმე, რთულად მოსაგები გუნდით იყვნენ.

სკალონი აქცენტს უფრო მეტად გუნდურობასა და კოლექტიურობაზე აკეთებს, ვიდრე ინდივიდუალიზმსა და ტალანტზე. მაგალითად, მის გუნდში ვერ მოხვდნენ პაულო დიბალა და მაურო იკარდი - ორი ვარსკვლავი, რომელთაც არცთუ ისე წარმატებული სეზონი ჰქონდათ.

სკალონის გუნდში ისეთი ვარსკვლავები არიან, როგორიც მესი, დი მარია და ლაუტარო მარტინესია, თუმცა მათთან ერთად რივერ პლეიტის გონსალო მონტიელი, ლანსის ფაკუნდო მედინა და გრემიოს ვალტერ კანემანიც თამაშობენ. არგენტინის ეს თაობა წინას ტალანტის მასშტაბით აშკარად ჩამოუვარდება, თუმცა სკალონის გუნდი კარგად ორგანიზებულია.

‘ალბისელესტეს’ დაცვის ლიდერები გამოცდილი ოტამენდი და ტალიაფიკო არიან. მოედნის ცენტრში გუნდის ფაქტობრივი გამთამაშებელი პსჟ-ს ლეანდრო პარედესია. მასთან ერთად ჯოვანი ლო სელსო და უდინეზეს როდიგო დე პაული თამაშობენ, თავდასხმაში კი მთავარი მესი-ლაუტაროს დუეტია.

სკალონის გუნდი უპირველესი ფავორიტი არ არის, თუმცა ყველაფერს გააკეთებს, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი ტიტული მოიგოს. ამ კოპაზე ყველაფერი ტრადიციულად ლაგდება - ბრაზილიის მთავარი კონკურენტი სწორედ არგენტინაა.

კრიზისული მეორე ეშელონი

როგორც ბოლო ათმა წელიწადმა გვიჩვენა, ბრაზილიის და არგენტინის ფავორიტობა სამხრეთ ამერიკაში აუცილებელი მოცემულობა სრულებითაც არ არის. ბოლო 4 კოპა ამერიკიდან ერთი ურუგვაიმ მოიგო, ორი კი - ჩილემ. ეს შემთხვევითი არ არის - ურუგვაის, ჩილეს და კოლუმბიას ისეთი თაობა და გუნდი ჰყავდათ, რომ სრულიად ლეგიტიმური პრეტენზია ჰქონდათ, რომ ისტორიული სამხრეთამერიკული გრანდებისთვის კონტინენტზე პირველობა წაერთმიათ და ხშირად ბოლო წლებში ეს გამოსდიოდათ კიდეც.

ამ კოპაზე ეს გაჭირდება, რადგან სამივე ამ გუნდის ‘ოქროს თაობას’ უფრო ვეტერანი ეთქმის, ვიდრე ფორმის პიკში მყოფი. ურუგვაის დიეგო გოდინი, ლუის სუარესი და ედინსონ კავანი ფორმის პიკს მიღმა არიან. ამის მიუხედავად, ოსკარ ტაბარესს მაინც ძალიან კონკურენტული გუნდი ჰყავს - ვეტერანებთან ერთად, ურუგვაის დაცვაში ატლეტიკოს ხოსე ხიმენესი და ბარსას რონალდ არაუხო, ხოლო შუა ხაზში ინტერის მატიას ვესინო, რეალის ფედე ვალვერდე და იუვეს როდრიგო ბენტანკური ჰყავს. თუკი არგენტინა-ბრაზილიის დუეტს ვინმე საფრთხეს შეუქმნის, პირველ რიგში ეს ურუგვაია.

კავანი-სუარესის დუეტი კვლავ ურუგვაის მთავარი აქტივია

კონკურენტული შემადგენლობის მიუხედავად უნდა აღინიშნოს, რომ ურუგვაის ბოლო პერიოდში აშკარად უჭირს. ბოლო 5 თამაშში მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს და სამჯერ საერთოდ გოლის გატანაც ვერ მოახერხეს.

საუკეთესო წლები ასევე უკან მოიტოვა ჩილემ. გუნდის ლიდერებმა - არტურო ვიდალმა, ალექსის სანჩესმა, გარი მედელმა და ედი ვარგასმა კარიერის პიკი დიდი ხანია გადალახეს და ეს ნაკრების თამაშზეც აისახება. ურუგვაისგან განსხვავებით, ჩილეს ახალ თაობაში ადეკვატური კლასის და დონის შემცვლელები არ ჰყავს. ბოლო 4 თამაშში ამ გუნდმა მუნდიალის შესარჩევში ბოლივიას ვერ მოუგო და ვენესუელასთან დამარცხდა.

ასევე არასტაბილურია კოლუმბიის ნაკრები. სულ ცოტა ხნის წინ ამ გუნდმა, მაგალითად, არგენტინასთან ითამაშა ფრე, თუმცა შემოდგომაზე ეკვადორთან და ურუგვაისთან ჯამური ანგარიშით 1:9 დამარცხდა. კოლუმბიის ოქროს თაობასაც უფრო ვეტერანი ეთქმის - ნაკრებში არც რადამელ ფალკაოა და არც ხამეს როდრიგესი. კოლუმბიის მთავარი აქტივი შეტევაში მურიელი-საპატას დუეტი და ხუან კვადრადოა. დაცვაში კი მათ იერი მინა და დევინსონ სანჩესი ჰყავთ. ამის მიუხედავად, წინა თაობის გუნდი, რომელსაც ხამესი და ფალკაო ლიდერობდნენ, ბევრად უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.

ფორმატი

კოპა ამერიკამ ტრადიციას არ უღალატა და ისევ შეცვალა ფორმატი. ათი გუნდი ორ ხუთგუნდიან ჯგუფად არის განაწილებული და ჯგუფური ეტაპის შედეგად საუკეთესო 4-4 გუნდი პლეი ოფში გადის. ანუ, ჯგუფში მხოლოდ ყველაზე უარესი გუნდი ვარდება. ცოტა უცნაური სისტემაა, რაც იმას გულისხმობს, რომ გრანდებს ჯგუფიდან გასვლის პრობლემა არ შეიძლება ჰქონდეთ. მთავარი ამბები კი პლეი ოფიდან დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები