Thumbnail

ევროპის ღია პირველობის სტატუსი წლეულს ჰამბურგის ტურნირს ექნება, რომელიც ATP-ის 500-იანი სერიის შეჯიბრებაა. მასში მონაწილეობის მიღებას და გამარჯვებას ნიკოლოზ ბასილაშვილი აპირებს, რომელსაც ჰამბურგის კორტებზე ორი ტიტული აქვს მოგებული. 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მცირე ინტერვიუ ევროპის ღია პირველობის ოფიციალურ საიტს მისცა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი: "ჰამბურგთან დიდებული მოგონებები მაკავშირებს. ATP-ის პირველი ტიტული ამ ქალაქში მოვიგე 2018 წელს. შემდეგ წელს კი ტიტულის დაცვაც შევძელი. მზად ვარ კიდევ ერთხელ ვითამაშო ჰამბურგში, რომელსაც წლეულს ევროპის ღია პირველობის სტატუსი აქვს. 
გერმანია ჩემთვის მეორე სახლად იქცა. ვარჯიშით ჰალეში და მიუნხენში ვვარჯიშობ ხოლმე. მითამაშია საჩოგბურთო ბუნდესლიგაში და გერმანელი მეგობარი გოგონა მყავს".

სანდრა რაიხელი (ტურნირის დირექტორი): "წლეულს ორი ტურნირის მოგებით ნიკამ დიდი ნაბიჯი გადადგა მსოფლიოს ელიტურ მოთამაშეთა სიისკენ. ჰამბურგში ყველამ კარგად ვიცი, რა შესაძლებლობები აქვს მას. უკვე დიდი ხანია, რაც ჰამბურგელმა ფანებმა შეიყვარეს ბასილაშვილი". 

"ბასილაშვილი ერთ-ერთი პირველია, ვინც დაადასტურა ტურნირზე ასპარეზობა. მას საპორტო ქალაქში დიდი გეგმები აქვს, მესამედ სურს ტიტულის მოგება", - წერს ტურნირის ოფიციალური საიტი. 

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2018 წელს (მაშინაც ეს ტურნირი ევროპის ღია პირველობის ეგიდით ჩატარდა) ფინალში არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა - 6:4, 0:6, 7:5. ეს ნიკას კარიერაში ATP-ის პირველი ტიტული იყო (მანამდე ორი ფინალი ჰქონდა წაგებული). ამის შემდეგ ბასილაშვიული ფინალებში მხოლოდ იგებს (ზედიზედ ხუთი გამარჯვება). მან ტიტულები პეკინში (2018), ისევ ჰამბურგში (2019), დოჰაში (2021) და მიუნხენში (2021) მოიგო. 

ევროპის ღია პირველობა ჰამბურგში 12-18 ივლისს გაიმართება. ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის უახლოესი ტურნირი ჰალეშია (გერმანია, ბალახის საფარი), სადაც ბოლო ინფორმაციით, ის ძირითად ბადეში ვერ ხვდება (საკვალიფიკაციოს პირველი ნომერია). 

კომენტარები

ბოლო ამბები