Thumbnail

'ამაზე არ უნდა გავჩერდეთ' - გია გეგუჩაძემ თელავთან თამაში შეაფასა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ჩემპიონატის მე-16 ტურში დინამო ბათუმმა თელავს უმასპინძლა და დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა. ბათუმელებმა სამივე გოლი მე-2 ტაიმში გაიტანეს, თავი ჯაბა ჯიღაურმა, გიორგი ნიქაბაძემ და გიორგი ზარიამ გამოიჩინეს.

თამაში დინამო ბათუმის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ შეაფასა. ქართველი სპეციალისტის თქმით, გულშემატკივარმა კარგი თამაში იხილა და 3 ქულის მოპოვებით მოხარულია.

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი): "გულშემატკივარმა საკმაოდ კარგი თამაში იხილა. თელავს მცდელობები ჰქონდა და პირველ ტაიმში საკმაოდ გაგვიჭირდა. მეორე ტაიმი დამატებითი ენერგიით დავიწყეთ და ამან შედეგი გამოიღო. ალბათ, ცოტა ისიც დაგვეხმარა, რომ 10-კაციან გუნდს ვეთამაშეთ. თელავი გადარჩენისთვის იბრძვის და ყველა ღონეს ხმარობს ქულების მოსაპოვებლად. თუმცა, მოხარული ვარ გამარჯვებით.
გულშემატკივარი და ჩვენი ფანკლუბი არის ერთი დიდი გუნდი, რომელიც ყოველთვის გვამხნევებს და ყოველთვის გვეხმარება, ამიტომ მათი დამსახურებაც არის გამარჯვებაში. რაც შეეხება ჩემპიონობას, წინ მთელი სეზონია, ამიტომ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ, ყველა თამაშზე მოსაგებად უნდა გავიდეთ. ვეცდებით და ვნახოთ, რა გამოვა".

დინამო ბათუმმა 16 ტურის შემდეგ 34 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ლიდერია, ხოლო თელავს 15-მატჩიანი მოუგებელი სერიით და 8 ქულით, ბოლო, მე-10 პოზიცია უკავია. გია გეგუჩაძის გუნდი მომდევნო ტურში 14 ივნისს, წყალტუბოში, სამგურალს დაუპირისპირდება, ხოლო თელავი იმავე დღეს გორში დილას შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები