Thumbnail
  • კლივლენდმა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მეორე მატჩიც წააგო
  • ბოსტონის გამარჯვება გუნდური კალათბურთის დამსახურებაა
  • კავალიერსში მარტო ლებრონ ჯეიმსი თამაშობდა

ერთი ყველას წინააღმდეგ - და მიუხედავად იმისა, რომ ლებრონ ჯეიმსი ისევ ძალიან მაგარი იყო, ბოსტონმა კლივლენდს მეორე თამაშიც მოუგო (107:94), რის შემდეგაც სერიაში ანგარიში 2:0 გახდა. სელტიკსის სასარგებლოდ!

ჯეიმსი მაქსიმალურად იბრძოდა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მის გუნდს ბოსტონში მეორე მატჩიც არ წაეგო, მაგრამ “მეფე” ისევ მარტო იყო და მხოლოდ მისი, თუნდაც ასეთი ბრწყინვალე თამაში, საკმარისი არ არის. არადა, ლებრონმა 42 ქულა, 12 პასი და 10 მოხსნა გააკეთა, რაც სამმაგი დუბლია! მიმდინარე სეზონის პლეი ოფში ეს ჯეიმსის მეხუთე მატჩი (!) იყო, რომელშიც მან მინიმუმ 40 ქულა ჩააგდო.

თუკი კავალიერსიდან ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ასევე კარგად ითამაშა, პირველ რიგში კევინ ლავზე, რომელმაც 22 ქულა და 15 მოხსნა გააკეთა (ორმაგი დუბლი).

აი, სელტიკსიდან კი თითოეულმა სტარტერმა გადალახა 10-ქულიანი ბარიერი: საუკეთესო ჯეილენ ბრაუნი გახლდათ - 23 ქულით და 7 მოხსნით. კლივლენდელები განსაკუთრებით ცუდად საჯარიმოებს ესროდნენ (58%). ლებრონ ჯეიმსმა 10-დან მხოლოდ 5 საჯარიმო ჩააგდო. ჯეისონ ტეიტუმთან შეჯახების შემდეგ ლებრონმა მცირე ტრავმა მიიღო და მართალია, თამაში გააგრძელა, მაგრამ ისეთი აგრესიული ვეღარ იყო.

ბოსტონს მიმდინარე სეზონის პლეი ოფში 8 საშინაო მატჩიდან ყველა მოგებული აქვს და თუ ამ სერიას შეინარჩუნებს, NBA-ს ფინალში გავა. ახლა, მომდევნო ორი მატჩი კლივლენდში გაიმართება და კავალიერსს შანსი აქვს, ჯერ სხვაობა შეამციროს, მერე კი ანგარიში გაათანაბროს, მაგრამ თუ სხვებიც არ ათამაშდნენ, მარტო ლებრონი ამას ალბათ ვერ შეძლებს...

კომენტარები

ბოლო ამბები