Thumbnail
  • MMA-ში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართა
  • სატიტულო ბრძოლები სრულად და ყველა ჩხუბის შედეგი

ეს იყო დღე, რომელსაც შერეული ორთაბრძოლების ქართველი მოყვარულები მოუთმენლად ელოდებოდნენ.

MMA-ში საქართველოს ჩემპიონატის (GFC) მესამე, ფინალური ტურის ორთაბრძოლები გაიმართა და საქართველოს ჩემპიონებისა და ქამრების მფლობელების ვინაობა გაირკვა. ფინალურ ტურში 18-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. სულ 9 ბრძოლა შედგა - 4 Under Card-ში, 5 კი - სატიტულო, ქამრებისთვის. წინა ორი ტურისგან განსხვავებით, ფინალურ შეხვედრებს გულშემატკივარიც დაესწრო - დარბაზი 30 პროცენტით შეივსო.

პირდაპირი რეპორტაჟი ევროპაბეთისა და პოპსპორტის ფეისბუქის გვერდებზე, ასევე პოპსპორტის იუთუბის არხზე მიმდინარეობდა.

პირველი სატიტულო ბრძოლა სოსლან გასიევმა მოიგო და პირველი ქამარიც მან მოიპოვა! MMA Club Telavi-ს სპორტსმენმა მანუჩარ ერქვანია (მემეტე) დაამარცხა. მეორე ბრძოლა ძალიან სახაობრივი, დაძაბული და დრამატული გამოვიდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლუკა გიორგაძისა და მერუჟან პალიანის ჩხუბი საღამოს ერთ-ერთი საუკეთესო დუელი გახლდათ. მესამე რაუნდში ბრძოლა რეფერიმ მას შემდეგ გააჩერა, რაც პალიანი გიორგაძის დარტყმებს ვეღარ უძლებდა - ლუკა გიორგაძე ქამრის მფლობელი და საქართველოს ჩემპიონია.

მომდევნო ბრძოლა ქამრისთვის თბილისელ ნიკა აბრამიშვილსა და ყაზბეგელ გიორგი წამალაიძეს შორის შედგა. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონის ტიტული ნიკა აბრამიშვილმა მოიპოვა.

ნიკა აბრამიშვილი საქართველოს ჩემპიონია

77 კილოგრამ წონით კატეგორიაში საოცარი ფინალი ვიხილეთ: ლუკა ბრეგვაძემ ურთულესი პოზიციიდან შეძლო ბრძოლის თავის სასარგებლოდ შეტრიალება, თამაზ ბოჭორიშვილი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა!

ლუკა ბრეგვაძემ ფინალში თამაზ ბოჭორიშვილი დაამარცხა

საღამოს კულმინაცია ოთარ თანზილოვისა და ვეფხვია ჭინჭარაულის სატიტულო ჩხუბი გახლდათ. პირველი რაუნდი სანახაობრივი და ტექნიკური გამოდგა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, გამარჯვებული მალე ვერ გამოვლინდა. მეორე რაუნდში ჩემპიონობა თანზილოვმა მოიპოვა - ტექნიკური ნოკაუტით!

თანზილოვმა ფინალი ტექნიკური ნოკაუტით მოიგო

სატიტულო ბრძოლები

შენიშვნა: წყვილებში გამარჯვებულები მონიშნულია მუქი ფერით

👊 93 კგ: სოსლან გასიევი (MMA Club Telavi) V მანუჩარ ერქვანია (მემეტე)

👊 66 კგ: ლუკა გიორგაძე (მემეტე) v მერუჟან პალიანი (მე-13 ლეგიონი)

👊 70 კგ: ნიკა აბრამიშვილი (ვეფხისტყაოსანი) V გიორგი წამალაიძე (ყაზბეგი)

👊 77 კგ: ლუკა ბრეგვაძე (ვეფხისტყაოსანი) V თამაზ ბოჭორიშვილი (GURAM FIGHT CLUB)

👊 61 კგ: ვეფხვია ჭინჭარაული (ვეფხისტყაოსანი) V ოთარი თანზილოვი (GURAM FIGHT CLUB)

სარეიტინგო ბრძოლები Under Card-ში

საჩემპიონო ბრძოლებამდე Under Card-ის 4 სარეიტინგო ბრძოლა გაიმართა. პირველები ერთმანეთის წინააღმდეგ ყაზბეგელი თემო კვირჭიშვილი და წალკელი ზურა ფირცხელიანი წარსდგნენ. პირველ რაუნდში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, მეორე რაუნდში კი კვირჭიშვილმა შეძლო უკეთესი პოზიციის მოპოვება, მაგრამ ფირცხელიანმა რთული სიტუაციიდან თავიც დაიძვრინა და შეტევაზეც გადავიდა. მეორე რაუნდი სწორედ წალკელი სპორტსმენის დარტყმებით დასრულდა. მესამე რაუნდი, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დაძაბული გამოვიდა, ჩხუბი ძირითადად პარტერში მიმდინარეობდა და ფირცხელიანის უპირატესობა გამოიკვეთა. მსაჯების გადაწყვეტილებით, ბრძოლა სწორედ მან მოიგო. ფირცხელიანს ახლა 2 ბრძოლიდან ორივე მოგებული აქვს, ხოლო კვირჭიშვილი კი 3 გამარჯვების შემდეგ პირველად დამარცხდა.

ფირცხელიანს 2 ბრძოლიდან ორივე მოგებული აქვს

მეორე ბრძოლაში ერთმანეთს თბილისელი იესო კვიციანი და დავით გუჯეჯიანი (სვანეთი) დაუპირისპირდნენ. პირველი რაუნდი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა - თავიდან გუჯეჯიანი მოექცა უკეთეს პოზიციაში, რაუნდის ბოლოს კი უკვე კვიციანს ჰქონდა მცირე უპირატესობა. მეორე რაუნდში თავიდან კვიციანს ჰქონდა უპირატესობა და თითქოს ახლოს იყო გამარჯვებასთან, თუმცა გუჯეჯიანმა მაინც შეძლო მისი პარტერში გადაყვანა. ბრძოლის მოკლე მონაკვეთში დავითმა 3 თეიქდაუნი შეასრულა! მესამე რაუნდში გუჯეჯიანმა ეს ვეღარ მოახერხა, კვიციანმა კი თავისი უპირატესობა გამოიყენა და ბრძოლა გამარჯვებამდე მიიყვანა.

იესო კვიციანმა დავით გუჯეჯიანი დაამარცხა

Under card-ის მესამე ბრძოლაში წალკელი რუსლან ბოლქვაძე თბილისელ ნიკა ბრეგვაძეს დაუპირისპირდა. პირველ რაუნდში ბოლქვაძე დომინანტი იყო, მეორე რაუნდში კი უფრო თანაბარი ბრძოლა ვნახეთ, თუმცა წალკელი სპორტსმენი მაინც ფლობდა მცირე უპირატესობას. სცენარი არც მესამე რაუნდში შეცვლილა - რუსლან ბოლქვაძემ ბრძოლა გამარჯვებამდე დამსახურებულად მიიყვანა.

გოგონების პირველი ჩხუბი სოფო ბაგიშვილმა მოიგო

მეოთხე ბრძოლა განსაკუთრებით საინტერესო იყო: პირველად ქართულ MMA-ში, გოგონების ჩხუბი ვნახეთ: GURAM FIGHT CLUB-ის წარმომადგენელი, რუსთაველი სოფო ბაგიშვილი ბაქოელ შირინ მამადოვას (AFC & Rafet Gulamov Fight Club) დაუპირისპირდა. ბაგიშვილმა პირველსავე რაუნდში შეძლო გამარჯვების მოპოვება (მახრჩობელა ილეთით) - ეს მის კარიერაში მეორე გამარჯვებაა.

Under Card-ის შედეგები

შენიშვნა: წყვილებში გამარჯვებულები მონიშნულია მუქი ფერით

👊 77 კგ: ზურა ფირცხელიანი (Warriors Tbilisi) V თემო კვირჭიშვილი (მემეტე)

👊 93 კგ: იესო კვიციანი (Warriors Tbilisi) VS დავით გუჯეჯიანი (ვეფხისტყაოსანი)

👊 70 კგ: რუსლან ბოლქვაძე (Maximus Fight Club) VS ნიკა ბრეგვაძე (ვეფხისტყაოსანი)

👊 48 კგ: შირინ მამადოვა (AFC & Rafet Gulamov Fight Club) VS სოფო ბაგიშვილი (GURAM FIGHT CLUB)

📺 ვიდეო: მთლიანი ივენთი და ყველა ბრძოლა სრულად

კომენტარები

ბოლო ამბები