Thumbnail

ტონი კროოსმა ლატვიასთან ტესტ-მატჩში (7:1) დაამტკიცა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ კარგ ფორმაშია. ბუნდესგუნდის მთავარი მწვრთნელისთვის, იოახიმ ლიოვისთვის კროოსი შეუცვლელია - რეალის ნახევარმცველი ევროპის ჩემპიონატის პირველივე თამაშში (საფრანგეთთან, 15 ივნისს) ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ლიოვს ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, ბუნდესგუნდის რეკორდსმენი ლოთარ მათეუსი არ ეთანხმება. ამ უკანასკნელს მიაჩნია, რომ კროოსი გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაშს არ იმსახურებს. ტონიმ მათეუსის მოსაზრებაზე კომენტარი გააკეთა.

“თუ იმ ყველაფერს გავითვალისწინებთ, რაც ლოთარ მათეუსისგან მომისმენია, მისი ეს აზრი მხოლოდ პოზიტიურად უნდა მივიღო. როცა მათეუსი ამბობს, რომ მე არ უნდა ვთამაშობდე, ეს მხოლოდ კარგის ნიშანია, - განაცხადა კროოსმა, - გერმანიაში ასე თუ ისე ბევრი ექსპერტი გვყავს, დიდი ტურნირების დროს კი მათი რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება. გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობასთან დაკავშირებით ყველა მათგანის მოსაზრებებს რომ ვეცნობოდე, სხვა არაფერი უნდა ვაკეთო. გადაეცით: ფაქტი ის არის, რომ 11 წელია ვთამაშობ და ალბათ იცით, რომ საკუთარ თავს სასტარტოში მე არ ვაყენებ. ვფიქრობ, თავისი მიზეზი აქვს იმ ფაქტს, რომ მათამაშებენ. საერთოდ, უნდა გვიხაროდეს, რომ ბევრი კარგი ნახევარმცველი გვყავს. სხვათა შორის, გერმანიის ნაკრებს ყოველთვის ბევრი კარგი ნახევარმცველი ჰყავდა. ყველას შეუძლია, ბუნდესგუნდის სასტარტო შემადგენლობა ისე წარმოიდგინოს, როგორც უნდა. მე ვიცი, რისი მიცემა შემიძლია გუნდისთვის.”

'როცა მათეუსი ამბობს, რომ მე არ უნდა ვთამაშობდე, ეს მხოლოდ კარგის ნიშანია'

კროოსმა იოზუა კიმიხის როლზეც ისაუბრა. როგორც იცით, ამ უკანასკნელმა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშიც შეუძლია და დაცვის მარჯვენა ფლანგზეც. კროოსი: “ფაქტია, რომ კიმიხი ორივე პოზიციაზე ძალიან კარგად თამაშობს. სად ჯობია მისი დაყენება, ეს ჩვენი თამაშის სტილზე და კონკრეტულ მეტოქეზეა დამოკიდებული. ისე კი, არც ესაა ჩემი თემა - ‘იო’ ულაპარაკოდ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი პოზიციიდან უფრო მეტ სარგებელს მოუტანს გუნდს.”

წაიკითხე ლიოვის ბოლო მისია - რას ველოდოთ გერმანიის ნაკრებისგან

გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში, საფრანგეთთან, პორტუგალიასთან და უნგრეთთან ერთად იასპარეზებს. ბუნდესგუნდი პირველ შეხვედრას 15 ივნისს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთთან გამართავს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები