Thumbnail
  • ბექა ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატს პირველივე შეხვედრაში დაემშვიდობა
  • ქართველმა ძიუდოისტმა სირილ გროსკლაუსთან აკრძალული ილეთი შეასრულა

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, მეხუთე საშეჯიბრო დღეს, მედლისთვის ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ) და მარიამ ჭანტურია (-70 კგ) იბრძოდნენ. სამწუხაროდ, ორივე ქართველი პირველსავე ეტაპზე დამარცხდა.

ბექა ღვინიაშვილი განთესილი იყო და მას ასპარეზობის დაწყება მეორე წრიდან მოუწია. ქართველ ძიუდოისტს შვეიცარიელი სირილ გროსკლაუსი შეხვდა. ბექა შეხვედრაში ვაზარით დაწინაურდა, რის შემდეგაც კიდევ ერთი ლამაზი ილეთი შეასრულა და ბრძოლაც მოიგო, თუმცა გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ბექამ გდება ფეხის ამოხვევით შეასრულა. კავაზუ გაკე (ფეხის ამოხვევით გდება) არის აკრძალული ტექნიკა და, სამწუხაროდ, ისჯება ჰანსოკუ-მაკეთი, რის გამოც ბექა ღვინიაშვილი ტურნირიდან მოხსნეს და მან კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა.

მარიამ ჭანტურიამ (70 კგ) ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ეტაპი მარტივად გაიარა. მან გაბონელ კარენ აგონო ვორას იპონით სძლია და მომდევნო წრეში გერმანელ მირიამ ბუტკერაიტს შეხვდა.

გერმანელ ძიუდოისტთან მარიამს ეფექტური ილეთის შესრულება სურდა, თუმცა მირიამმა ქართველი ძიუდოისტი კონტრილეთზე დაიჭირა და გამარჯვებაც მას დარჩა. სამწუხაროდ, მეხუთე დღე ქართველებისთვის უმედლოდ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალი აქვს - ოქრო ლაშა შავდათუაშვილს და ვერცხლი ტატო გრიგალაშვილს. მეექვსე საჭიდაო დღეს ბუდაპეშტში ტატამიზე ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ) და ილია სულამანიძე (-100 კგ) გავლენ.

კომენტარები

ბოლო ამბები