Thumbnail

უეფამ უკრაინას რუსეთის პროტესტის შემდეგ ნაკრების ფორმის შეცვლისკენ მოუწოდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • უეფამ უკრაინის ნაკრების ფორმის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა
  • რუსეთის პროტესტმა გარკვეული შედეგი გამოიღო

უეფა უკრაინის ნაკრების ფორმის საკითხს გამოეხმაურა და ევროპის ჩემპიონატის მონაწილეს მისი შეცვლა მოსთხოვა.

როგორც იცით, უკრაინის ნაკრების ფორმაზე ქვეყნის სრული ტერიტორიის კონტური ყირიმის ჩათვლით არის აღბეჭდილი. შეგახსენებთ, რომ ყირიმი რუსეთს აქვს ანექსირებული და უკრაინელთა მაისურებს, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის შეიქმნა, რუსეთში ნამდვილი ისტერია მოყვა. დუმაში იმედი ჰქონდათ, რომ უეფა მათ პრეტენზიას გაითვალისწინებდა.

ხუთშაბათს უეფას მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფორმას “პოლიტიკური” სლოგანი უნდა მოშორდეს. უკრაინელთა ფორმაზე, ქვეყნის სრული ტერიტორიის კონტურის გარდა, დატანილია სლოგანები: “დიდება უკრაინას” და “დიდება გმირებს.”

უეფას დასკვნით, უკრაინის რუკა ყირიმთან ერთად პრობლემას არ წარმოადგენს. ასევე არ არის პრობლემა სლოგანი “დიდება უკრაინას”. აი, სლოგანი “დიდება გმირებს” კი პოლიტიკურად იქნა მიჩნეული. შესაბამისად, უკრაინელები ვალდებულები არიან, რომ ფორმიდან ეს სლოგანი მოაშორონ.

რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტ ვიაჩესლავ კოლოსკოვს უეფას გადაწყვეტილება მაინც არ მოსწონს: “ამ დასკვნას კატეგორიულად არ ვეთანხმები. ორივე სლოგანი პოლიტიკურია. მხოლოდ მეორე სლოგანის მოშორება მინიმალური დათმობაა, რაზეც უეფა წავიდა.”

უკრაინის ნაკრების ფორმა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელინსკი სამშაბათს უკრაინის ნაკრების ფორმას აღფრთოვანებით შეხვდა და განაცხადა, რომ “ეს ფორმა ყველა სხვა ფორმისგან განსხვავდება  და აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი სიმბოლო, რაც უკრაინას აერთიანებს.”

რუსეთში კი, რა თქმა უნდა, სხვანაირად ფიქრობენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია სახაროვამ განაცხადა, რომ “უკრაინამ თავის ტერიტორიაზე რუსეთის ყირიმი შეიყვანა.” პოლიტიკოსი დმიტრი სვიშჩიოვმა კი უკრაინის ნაკრების ფორმას “სრულიად მიუღებელი” უწოდა და დაამატა, რომ “მაშინ რუსმა სპორტსმენებმა უნდა იასპარეზონ ფორმებით, სადაც დატანილი იქნება რუსეთის იმპერიის ნაწილები პოლონეთის, უკრაინისა და ფინეთის ჩათვლით.”

თუმცა რუსეთიდან იყო ადეკვატური შეფასებებიც. მაგალითად, ცნობილი რუსი სპორტული კომენტატორი ალეკსეი ანდრონოვი მიიჩნევს, რომ მისი თანამემამულეების ისტერია უსაფუძვლოა და არამხოლოდ უკრაინა, საქართველოც იმავეს გააკეთებს თავის ანექსირებულ ტერიტორიებთან, აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით.

წაიკითხე 'დიახ, საქართველოც ასე მოიქცევა!' - რუსი კომენტატორის პოსტი

"ვერ ვხვდები, რატომ გამოიწვია აჟიოტაჟი უკრაინის ნაკრების ფორმამ. რუსებს, რომლებსაც დიდწილად არასდროს არ ანაღვლებთ უკრაინელთა აზრი, უცბად ფორმამ გამოაფხიზლა. საერთოდ, რატომ გახდა ეს საკითხი რუსების გასარჩევი? სხვა ქვეყნის ნაკრების ფორმა თქვენ რატომ გეხებათ? დიახ, უკრაინა ხატავდა, ხატავს და მომავალშიც დახატავს თავის რუკას - ყირიმთან ერთად. დიახ, საქართველოც იმავეს გააკეთებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში", - წერდა НТВ-Плюс-ის ყოფილი კომენტატორი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

ბოლო ამბები