Thumbnail
  • როლან გაროსის ნახევარფინალში გიგანტების დუელი შედგება
  • ნოვაკ ჯოკოვიჩმა მატჩის წინ რაფაელ ნადალზე ისაუბრა

მთელი საჩოგბურთო სამყარო 11 ივნისის მოლოდინშია: პარასკევს, საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში ერთმანეთს ორი გიგანტი დაუპირისპირდება - ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი. სერბისთვის ნადალთან დუელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ‘ნოლემ’ ამის შესახებ მატჩის წინ ისაუბრა.

“რაფა ალბათ ყველაზე დიდი მეტოქეა, ვისთანაც კარიერაში მითამაშია, - აღნიშნა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ესპანელთან 58-ე მატჩის წინ, რომელიც პარასკევს პარიზში გაიმართება, - მნიშვნელობა არ აქვს, სად, რომელ ტურნირზე, ან რა მდგომარეობაში ვეთამაშები, მასთან დუელი ყოველთვის სულ სხვაა, ვიდრე სხვებთან.”

როლან გაროსის 13-გზის ტრიუმფატორ ნადალს თავის საყვარელ ტურნირზე დაუჯერებლად შთამბეჭდავი ბალანსი აქვს - 105 გამარჯვება და მხოლოდ 2 მარცხი. აქედან ერთი თამაში მან სწორედ ჯოკოვიჩთან წააგო (2015 წელს). სხვა 7 დუელი კი ესპანელს აქვს მოგებული - მათ შორის შარშანდელი ფინალი, რომელიც რაფამ 6:0, 6:2, 7:5 მოიგო. ეს მხოლოდ როლან გაროსზე, საერთო ჯამში კი, მათ დაპირისპირებებში ჯოკოვიჩს აქვს უპირატესობა - ნოლემ რაფას ჯამში 29 თამაში მოუგო და 28-ში დამარცხდა.

“ნადალის წინააღმდეგ თიხნარზე, ამ კორტზე თამაში უდიდესი გამოწვევაა ყველა იმ გამოწვევას შორის, რაც არსებობს,” - თქვა ჯოკოვიჩმა, რომელსაც საფრანგეთის ღია პირველობა მხოლოდ ერთხელ, 2016 წელს აქვს მოგებული. მიუხედავად ამისა, დიდი სლემის ტურნირების 18-გზის გამარჯვებულ სერბს სჯერა, რომ ამჯერად ნადალის დამარცხება შეუძლია: “ვფიქრობ, შემიძლია, რომ დავამარცხო. ასე რომ არ ვფიქრობდე, აქ არ ვიქნებოდი. მოდი, უბრალოდ ვნახოთ ძალიან მაგარი თამაში.”

ჯოკოვიჩმა მეოთხედფინალში, ოთხშაბათს, იტალიელი მატეო ბერეტინი 6:3, 6:2, 6:7 (5:7), 7:5 დაამარცხა ნადალმა კი არგენტინელ დიეგო შვარცმანს მოუგო, თუმცა მასთან ერთი სეტი წააგო, რაც ასევე დიდი მოვლენაა (6:3, 4:6, 6:4, 6:0). საფრანგეთის ღია პირველობის მეორე ნახევარფინალში, ასევე პარასკევს, ერთმანეთს გერმანელი ალექსანდერ ზვერევი და ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები