Thumbnail

ინდიანა პეისერსი, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე იცავს, მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. გუნდის ხელმძღვანელობამ საგანგებო შეხვედრა გამართა ნეიტ ბიორკგრენთან, რის შემდეგაც 45 წლის სპეციალისტს აცნობეს, რომ ის პეისერსიდან თავისუფალია.

მოსალოდნელია, რომ ახლა ინდიანას გაცილებით გამოცდილი და ავტორიტეტული მწვრთნელი ჩაიბარებს, ვიდრე – ბიორკგრენი. ამ უკანასკნელმა სეზონის განმავლობაში გუნდზე კონტროლი აშკარად დაკარგა და მის მიმართ უკმაყოფილება ხშირად ისმოდა. საუბარია, რომ ნეიტის შემცვლელი პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის ყოფილი თავკაცი ტერი სტოტსი გახდება.

შეგახსენებთ, რომ ბიორკგრენის შესაძლო დათხოვნის შესახებ ხმები მაისის დასაწყისში გაჩნდა, 5 მაისს კი, საკრამენტო კინგსთან მატჩის მიმდინარეობისას ერთმანეთს მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გრეგ ფოსტერი და გოგა ბითაძე წაეკიდნენ და საქმე ლამის ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა. სწორედ მაშინ ითქვა, რომ პეისერსში არაჯანსაღი ვითარება იყო, ბიორკგრენი კი სიტუაციის განსამუხტავად კალათბურთელებთან საუბრისთვის მზად არ იყო.

საინტერესოა, რომ ბიორკგრენისა და ინდიანას სამწლიანი კონტრაქტის თანახმად, მწვრთნელს კიდევ ერთი გარანტირებული სეზონი რჩებოდა, თუმცა, კლუბმა ეს გარემოება არ გაითვალისწინა. ნეიტმა პეისერსი 2020 წელს ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილი დაიკავა, თუმცა, პლეი-ინის გადამწყვეტ შეხვედრაში ვაშინგტონთან წააგო და სეზონი ნაადრევად დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძეს ინდიანასთან 4-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, ორი სეზონი უკვე გავიდა, მესამე გარანტირებულია, მეოთხის ბედი კი კლუბმა ახალი სეზონის წინ უნდა გადაწყვიტოს. გასულ სეზონში გოგამ 45 მატჩი ჩაატარა და ასეთი საშუალო მაჩვენებლები ჰქონდა: 12.5 წუთი, 5.1 ქულა, 3.3 მოხსნა, 1.3 დაფარება, 2.1 პერსონალური ფოლი.

კომენტარები

ბოლო ამბები