Thumbnail

ისტორიაში პირველად, ქართული MMA ქამრებისთვის იბრძოლებს - 10 ივნისს, MMA-ში საქართველოს ჩემპიონატის (GFC) მესამე, ფინალური ტურის ორთაბრძოლები ჩატარდება, ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ჩემპიონებისა და ქამრების მფლობელების ვინაობა გაირკვევა. ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციაა.

გადამწყვეტ ტურამდე ერთი დღით ადრე მებრძოლებმა წონები ჩააბარეს და პრესკონფერენცია გამართეს. სპორტსმენებს შორის დაძაბულობა იგრძნობოდა - დარბაზში სიტუაციას შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი კაბულაშვილი არეგულირებდა.

წინა ორი ტურისგან განსხვავებით, ფინალურ შეხვედრებს გულშემატკივარიც დაესწრება, დარბაზი 30 პროცენტით შეივსება, ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები ადგილზე გაიყიდება.

გიორგი კაბულაშვილი (შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი)
"ჩვენმა ფედერაციამ ასეთი ღონისძიება პირველად ჩაატარა. ფინალურ ტურზე დარბაზში მაყულებელთა 30 პროცენტი დაიშვება და ისინი დიდ სიამოვნებას მიიღებენ. ქამრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები გაიმართება. გარდა ამისა, დარჩენილი 4 სარეიტინგო ბრძოლიდან, ოთხივე საინტერესო იქნება, რადგან Under Card-შიც ძალიან კარგი სპორტსმენები არიან. იმედი მაქვს, რომ სანახაობრივი ბრძოლები იქნება."

მანუჩარ ერქვანია (93 კგ, მემეტე)
"ეს დღე საქართველოში ამ სპორტის განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელია. ყველანი, სპორტსმენები, მწვრთნელები და ორგანიზატორები ამ სპორტის განვითარებისთვის ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. მეტოქის შეცვლის მიუხედავად, გეგმების შეცვლა დიდად არ მომიწევს. სოსოც იგივე სტილის მებრძოლია. ბრძოლისთვის კარგად განწყობილი და მომზადებული ვარ, მჯერა, ქამარს მოვიგებ."

ლუკა ბრეგვაძე (77 კგ, ვეფხისტყაოსანი)
"ვფიქრობ, ძალიან კარგი დღე იყო, საქართველოში MMA-ის ასეთი წინსვლა კარგია. კარგი იქნება, თუ ასეთი შეჯიბრებების და პრესკონფერენციების რაოდენობა მოიმატებს. მეტოქე კარგი მყავს და ვფიქრობ მაგარი ბრძოლა იქნება. შესანიშნავ ფორმაში ვარ. საკმაოდ კარგად მოვემზადე ჩემს გუნდთან, ვეფხისტყაოსანთან ერთად და ვფიქრობ, ძალიან მაგარ ბრძოლას შემოგთავაზებთ."

თამაზ ბოჭორიშვილი (77 კგ, GURAM FIGHT CLUB)
"პრესკონფერენციამ დაძაბულ ფონზე ჩაიარა. ჩვენს ბრძოლაზე (თამაზი ლუკა ბრეგვაძეს დაუპირისპირდება) ყველაზე დიდი მოლოდინებია. მაყურებელს ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ და გამორჩეულ ბრძოლას ვპირდებით. არ ვაპირებ 5 რაუნდის ჩხუბს, როგორც ყოველთვის, ვადაზე ადრე დავასრულებ."

მესამე ტურში მონაწილეობას 18 სპორტსმენი მიიღებს. ოქტაგონზე სულ 9 ბრძოლა გაიმართება - აქედან 5 სატიტულო იქნება. ტური 20:00-ზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟი ევროპაბეთისა და პოპსპორტის ფეისბუქის გვერდებზე, ასევე პოპსპორტის იუთუბის არხზე გადაიცემა.

კომენტარები

ბოლო ამბები