- იოახიმ ლიოვი ჰანსი ფლიკს თავის იდეალურ შემცვლელს უწოდებს
- ბუნდესმწვრთნელს მიაჩნია, რომ ჰანსი ახალ ოქროს თაობას გაზრდის
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა თავისი შემცვლელის, ჰანსი ფლიკის შესახებ ისაუბრა. როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ლიოვი თანამდებობას დატოვებს და მას სწორედ მიუნხენის ბაიერნის ყოფილი დამრიგებელი შეცვლის. ‘იოგის’ მიაჩნია, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირმა მისი იდეალური შემცვლელი იპოვა.
“ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ჰანსი ამ თანამდებობისთვის საუკეთესო კანდიდატი იყო. გერმანიის ეროვნული ნაკრები მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს და ახლა ასეთი სწორედ ფლიკია. მან ბაიერნში დაამტკიცა, რომ ტოპ-ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდის შესანიშნავად მართვა შეუძლია,” - განაცხადა ლიოვმა საინფორმაციო სააგენტო SID-თან ინტერვიუში.
56 წლის ფლიკი გერმანიის ნაკრების დამრიგებლად ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაინიშნება და შეცვლის ლიოვს, რომელიც ბუნდესგუნდში 2004 წლიდან მუშაობს - თავიდან იურგენ კლინსმანის ასისტენტი იყო, 2006 წლის მუნდიალის შემდეგ კი მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და გერმანულ ფეხბურთში ერთ-ერთი უდიდესი ეპოქა შექმნა.
“თამაშის წარმართვა, თამაშის კულტურა, იდეები, რაც მას აქვს - ეს ყველაფერი საუკეთესოდ მიმაჩნია. როდესაც ფლიკთან მოლაპარაკებები დაკონკრეტდა და გაირკვა, რომ მართლაც გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ინიშნებოდა, ძალიან გამიხარდა! ვიცი, რას ფიქრობს და როგორ მუშაობს ფლიკი. ემპაიურია, ფეხბურთელებთან ყოველთვის შესანიშნავი კომუნიკაცია აქვს და რაც მთავარია, შემტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას,” - დასძინა 61 წლის ლიოვმა, რომელმაც 2014 წელს გერმანიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა.
ლიოვს სჯერა, რომ ბუნდესგუნდს დიდი მომავალი აქვს და ფლიკი გუნდის სრულყოფილი მწვრთნელი იქნება: “საკმარისად გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც უკვე 23, 24 და 25 წლის ასაკში უმაღლეს დონეზე თამაშობენ. 2-3 წელიწადში ჩვენ მივიღებთ ისეთ თაობას, როგორიც ლამის, შვაინშტაიგერის, ბოატენგის, ხედირას, იოზილის, კროოსის, ნოიერის, ჰუმელსისა და მიულერის ოქროს თაობა იყო,” - მიაჩნია ლიოვს.
საინტერესოა, რომ ფლიკი 2006 წლიდან 2014 წლამდე გერმანიის ნაკრებში სწორედ ლიოვის ასისტენტი გახლდათ, 2014 წლიდან კი გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული დირექტორი გახდა, თუმცა ეს პოსტი 2017 წლის იანვარში დატოვა. ჰანსი ფლიკი გერმანიის საფეხბურთო კავშირში ბაიერნთან ერთად მოგებული 7 ტიტულის შემდეგ ბრუნდება. მან გერმანიის ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩათვლით ჩაიბარა.
კომენტარები