Thumbnail

'აქ ჩამოსვლის სურვილი ბევრ ქართველს ექნება' - კაშია ვაისის გუნდში ითამაშებს?

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ბრატისლავის სლოვანში ვლადიმირ ვაისის პირველი შენაძენი, შესაძლოა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გახდეს. ამის შესახებ სლოვაკური ვებ-გვერდები აქტიურად წერენ და იმასაც პროგნოზირებენ, რომ ტრანსფერი მალე უნდა გაოფიციალურდეს.

შეგახსენებთ, რომ 56 წლის ვაისი 2016-2020 წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, წლეულს მაისში კი, სლოვაკეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი სლოვანი ჩაიბარა. ვლადიმირი გუნდში გარკვეული ცვლილებების მოხდენას გეგმავს და როგორც სჩანს, მისი პირველი შენაძენი სწორედ კაშია იქნება.

“ქართველებმა ფეხბურთის თამაში კარგად იციან, ეს ნიჭი ღმერთისგან აქვთ. მათ რიგებში არაერთი გამოცდილი ფეხბურთელია და რამდენიმე მათგანს სლოვაკეთში ჩამოსვლის სურვილი ნამდვილად ექნება. ამის თაობაზე უკვე დამირეკეს, თუმცა, თუ ვინმეს ჩამოვიყვან, ის 100%-ით მზად უნდა იყოს. ეს საკითხი ხელმძღვანელობასთან უნდა გავარკვიო”, - ეს განცხადება ვაისმა უკვე სლოვანის თავკაცის რანგში გააკეთა.

გურამ კაშია ნიდერლანდებთან მატჩში
📷 | nakrebi.ge

სლოვაკური პრესა იმ სიტყვებსაც იხსენებს, რომლითაც კაშია ნაკრების მწვრთნელს დაემშვიდობა: “მადლობა ერთად გატარებული ბოლო 5 წლისთვის, მადლობა ჩემს მიმართ გამოვლენილი ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოცნება ვერ ავისრულეთ. ამაზე მეც ვგრძნობ და ვიღებ პასუხისმგებლობას. თუმცა, გვქონდა შესანიშნავი მომენტებიც, რომლებიც მე სამუდამოდ დამრჩება მეხსიერებაში. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გისურვებთ წარმატებებს!”.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის გურამ კაშია დინამო თბილისში, ვიტესში (ნიდერლანდები) და სან ხოსეში (აშშ) თამაშობდა, სლოვანი კი ქვეყნის 15-გზის ჩემპიონია და მათ შორის, გასულ სეზონშიც ოქროს მედლები მოიპოვა. ამგვარად, ბრატისლაველთა რიგებში გადასვლის შემთხვევაში, ქართველი მცველი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, სადაც ასევე იქნება დინამო თბილისი.

კომენტარები

ბოლო ამბები