Thumbnail
  • იუტა ჯაზი 112:109 ლოს ანჯელეს კლიპერსი
  • იუტამ ნახევარფინალური სერია მოგებით გახსნა
  • დონოვან მიტჩელმა თამაში 45 ქულით დაასრულა

დასავლეთ კონფერნეციის ნახევარფინალური სერია მოგებით გახსნა იუტა ჯაზმა, რომელმაც საკუთარ არენაზე ლოს ანჯელეს კლიპერსი დაამარცხა.

სოლტ ლეიკ სიტიში შეხვედრა სტუმართა აშკარა უპირატესობით დაიწყო. კლიპერსმა ანგარიშში წინ გასვლა პირველ მეოთხედშივე შეძლო, შესვენებაზე კი 13-ქულიან უპირატესობას ფლობდა, მაგრამ შემდეგ ინიციატივა იუტას დაუთმო და საბოლოოდ დამარცხდა.   

გამარჯვებულთა შორის საუკეთესო დონოვან მიტჩელი იყო, რომელმაც შეხვედრა 45 ქულით დაასრულა. მიტჩელმა თამაშიდან ჯამში 30 სროლა შეასრულა (10/15, 6/15 სამქულიანი). იუტაში 18-18 ქულით ბოან ბოგდანოვიჩი და ჯორდან კლარკსონი გამოირჩნენ.

კლიპერსში ყველაზე შედეგიანი კავაი ლეონარდი იყო (23 ქულა), ორმაგი დუბლი კი პოლ ჯორჯმა შეასრულა - 20 ქულა, 11 მოხსნა. 18 ქულა იყო ლიუკ კენარდის ანგარიშზე.

კავაი ლეონარდმა, მარკუს მორისმა და პოლ ჯორჯმა მიტჩელს ვერაფერი მოუხერხეს 

კლიპერსის ფორვარდის კავაი ლეონარდის თქმით, წაგების მიზეზი შესვენების შემდეგ მისი გუნდის თამაშის ტემპის დაგდება გახდა.

"ვფიქრობ, პირველ ნახევარში საკმაოდ კარგი რითმი გვქონდა. მესამე მეოთხედში კი მეტისმეტად მოშვებულები ვიყავით. იუტა თავს კარგად იცავს, ამ საღამოს კი მთელი მატჩის განმავლობაში იბრძოლა და მოიგო კიდეც. თავს ვერ გავიმართლებთ. შესვენებაზე 13-ქულიანი უპირატესობა გვქონდა. ეს პლეი ოფია და უბრალოდ, საჭიროა მზად იყო ყველაფრის გასაკეთებლად, რათა მოიგო. ეს გამოწვევაა, რომელიც უნდა დაძლიო".

პოლ ჯორჯმა მეტოქე გუნდის მცველის დონოვან მიტჩელის მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა:

"მიტჩელი სუპერაგრესიულია. დონოვანი მუდმივად შეტევის რეჟიმშია. აქვს ძლიერი სხეული და ამას იყენებს. ის ფეთქებადია. მიტჩელი თავისი ზურგით ათრევს გუნდს და ჯაზის ლიდერია. ვფიქრობ, მას მეტისმეტად ბევრი სროლის შესრულების უფლება მივეცით, მაგრამ ამაში გასაკვირი არაფერია. ჯერ კიდევ ოკლაჰომაში ვხედავდი, როგორ თამაშობდა დონოვანი პლეი ოფში. ვაკვირდებოდი მის ზრდას იმ პერიოდიდან დღემდე. ის უკეთესი გახდა. წელს ბრწყინვალედ თამაშობდა, დღეს კი უბრალოდ დიდებული იყო".

იუტა ჯაზისა და ლოს ანჯელეს კლიპერსის ნახევარფინალური სერიის მეორე დაპირისპირება თბილისის დროით 11 ივნისს, გამთენიისას, ისევ სოლტ ლეიკ სიტიში ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები