Thumbnail
  • პორტუგალიის ნაკრები დაცვითი და კარგად ორგანიზებული გუნდია
  • წლებია, ფერნანდო სანტუში გუნდს ერთი სისტემით ათამაშებს
  • ევროპის წინა ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალია კიდევ უფრო გაძლიერდა
  • გუნდის მთავარი გამოწვევა ჯგუფიდან გასვლა იქნება
  • ანალიტიკური სტატიები სხვა გუნდებზე წაიკითხეთ აქ

პორტუგალია ისეთი გუნდია, ჩრდილოვანი ფავორიტი რომ ეთქმის. ამ გუნდს, ერთი შეხედვით, არც ბელგიის სილაღე აქვს და არც საფრანგეთის ვარსკვლავურობა. მიუხედავად ამისა, ევროპის ჩემპიონატზე ეს ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო იქნება.

სანტუშის გუნდმა ევროპის წინა ჩემპიონატი მოიგო, თუმცა ახლა ბევრად ძლიერია. თუკი 2016-ის გუნდი შეცვლაზე შესული ედერის და ვეტერანი კვარეშმას იმედად იყო, ახლა გუნდში ბერნარდო სილვა, ბრუნო ფერნანდეში, დიოგო ჟოტა და ჟოაო ფელიქსი თამაშობენ. ყველაზე მთავარი კაციც ისევ ფორმაშია - რონალდო ამ გუნდის ლიდერი და თილისმაა. ამას საჩემპიონო და საპლეიოფო გამოცდილება და წლობით ნაშენები, სტაბილური გუნდი დაამატეთ და მიხვდებით, რომ ამ გუნდთან თამაში ძალიან რთული იქნება. თუკი 5 წლის წინ პორტუგალიის ჩემპიონობა სენსაცია იყო, ახლა ეს სრულიად ლოგიკურად გამოიყურება. 

როგორ აპირებს რონალდოს გუნდი ტიტულის დაცვას?

სანტუშის გუნდი

პორტუგალიის ამ თაობის ნაკრების სათამაშო სტილი და სახე პირველ რიგში არა კრიშტიანოს, ან რომელიმე სხვა ვარსკვლავის, არამედ მისი მწვრთნელის, ფერნანდო სანტუშის სახელთანაა დაკავშირებული.

სანტუში ამ გუნდს უკვე 7 წელია წვრთნის, მანამდე კი 4 წელი საბერძნეთის ნაკრების დამრიგებელი იყო. სანტუში დაცვითი, მებრძოლი და ორგანიზებული ფეხბურთის მოყვარულია. ევრო 2016-ზე პორტუგალიამ ჩემპიონობა ისე მოიპოვა, რომ 3 დამატებითი დრო ითამაშა და 4 პლეიოფურ შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.

ამჯერად, როგორც ზემოთ აღვნიშნე, პორტუგალიის ნაკრები შეუდარებლად უფრო ვარსკვლავურია. ამის მიუხედავად, სანტუშის გუნდს სტილი არ შეუცვლია - კვლავ დიდი ძალებით და ძალიან ორგანიზებულად იცავს თავს, ეხერხება მეორე ნომრად თამაში და პლეიოფურ ფორმატში ძალიან რთული დასამარცხებელია. ბოლო 10 თამაშში ამ გუნდმა სამჯერ ითამაშა 0-0 და ორჯერაც 1-0 დაფიქსირდა.

შემადგენლობა

სანტუშს მეკარის თავსატეხი აქვს. წლების მანძილზე, პორტუგალიის ნაკრებში გამოცდილი რუი პატრისიუ შეუცვლელად იდგა. ახლა მას კარგი კონკურენტი გამოუჩნდა ლიონის ანტონი ლოპეშის სახით. სწორედ ლოპეში იდგა ძირითადში მარტის სამივე შესარჩევის დროს. თუმცა, ბოლო ამხანაგურ თამაშში სანტუშმა კვლავ რუი პატრისიუ ათამაშა. პირველსავე მატჩში გაირკვევა, თუ ვინ არის სანტუშის ძირითადი მეკარე.

პორტუგალიას შესანიშნავად ორგანიზებული, სტაბილური დაცვა ჰყავს. დაცვის ცენტრს გამოცდილი პეპე და სიტის რუბენ დიაში შეადგენენ. ორივე მათგანი ფიზიკურად ძალიან ძლიერია და კარგად თამაშობს თავით. რუბენ დიაში საერთოდაც პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი და ამ სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა.

დაცვის მარჯვენა ფლანგზე დიაშის თანაგუნდელი, სიტის ჟოაო კანსელო თამაშობს. მასთან ერთად, პორტუგალიის მარჯვენა ფლანგი ძალიან აქტიურია შეტევაში. მარცხენა ფლანგზე რაფაელ გერეიროა განლაგებული, კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც შეტევაში ჩართვა ძალიან უყვარს.

მოედნის საყრდენ ზონას სანტუშის გუნდისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. იმ ფონზე, როდესაც პორტუგალიას ერთდროულად 3-4 ძალიან ვარსკვლავური შემტევი ჰყავს, მათ საყრდენებს ევალებათ, რომ შემტევები დააზღვიონ და დაცვასა და შეტევას შორის ბალანსი უზრუნველყონ.

ამ კუთხით, ამ გუნდისთვის პსჟ-ს ჩამშლელი დანილო პერერირა ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა. დანილო ფიზიკურად ძალიან ძლიერია, კარგად ეხერხება დაცვითი და შავი სამუშაოს შესრულება და დაცვის სტაბილურობას სწორედ ის უზრუნველყოფს.

მის გვერდით ერთი ადგილი ვაკანტურია. შესაძლოა, გამოცდილმა ჟოაო მოუტინიომ ითამაშოს, ანდაც პორტუს სერხიო ოლივიერამ. გააჩნია, სანტუშს თავისი გუნდისგან რა უნდა. მოუტინიო უფრო უკეთ იწყებს შეტევას, პასში თამაში ეხერხება და ბურთს ძალიან კარგად ათამაშებს. როცა პორტუგალია უფრო სუსტ მეტოქეს ეთამაშება და ბურთის ხანგრძლივად კონტროლი უწევს, მოუტინიო უფრო საჭიროა. ოლივიერა ფიზიკურად უფრო ძლიერია, კარგი დრიბლინგი აქვს, სწრაფია და მეორე ტემპით შეტევაში ჩართვა ეხერხება. ის დაცვითი და კონტრშეტევითი ვარიანტისთვის უფრო გამოსადეგია. მაგალითად, ესპანეთთან ბოლო ამხანაგურში სწორედ ოლივიერამ ითამაშა.

მათ გარდა სანტუშს ამავე პოზიციაზე რენატო სანჩესი და რუბენ ნევეში ჰყავს. საყრდენად კი დანილოს შემცვლელი გამოცდილი ვილიამ კარვალიუა. ეს იმას ნიშნავს, რომ სურვილის შემთხვევაში, მწვრთნელს პორტუგალიას ნახევარდაცვის გაძლიერება ნებისმიერ მომენტში შეუძლია.

დაცვითი სტილის მიუხედავად, პორტუგალიის მთავარი აქტივი მისი შემტევი ხაზია. სანტუში დილემის წინაშე დგას - ყველაზე მეტი, 4 პოზიციაზე მას სულ მცირე 5 ვარსკვლავი ჰყავს და რომელიმეს სკამზე დასმა მოუწევს.

რონალდოს, როგორც გამოკვეთილი ფორვარდის როლი და ადგილი არც განიხილება. მის გარდა გუნდში ლივერპულის დიოგო ჟოტა, სიტის ბერნარდო სილვა, ატლეტიკოს ჟოაო ფელიქსი და იუნაიტედის ბრუნო ფერნანდეში არიან. ასეთი შემტევ ხაზი საფრანგეთის გარდა არცერთ გუნდს არ ჰყავს.

სავარაუდოდ, ჟოტა და ბერნარდო სილვა ძირითადში იქნებიან და ფლანგებზე განლაგებდიან. ჟოტას მარცხნიდან თამაში ეხერხება და ეპიზოდურად ფორვარდის როლს ირგებს. ანუ, იმ ტიპის ფეხბურთელია, რომ კრიშტიანოსთან ერთად კარგი დუეტი შეიძლება შექმნას. ორივე მათგანი მონაცვლეობით ხან უფრო მარცხნივ არის, ხან - გამოკვეთილი თავდამსხმელის პოზიციაზე.

მოედნის ცენტრიდან გუნდის ძირითადი გამთამაშებლის ფუნქცია ბრუნო ფერნანდეშმა უნდა მოირგოს. ამ ხუთეულიდან ყველაზე დიდი შანსია, რომ სკამზე უფრო ხშირად ჟოაო ფელიქსი იქნება ხოლმე. ატლეტიკოში მას იდეალური სეზონი არ ჰქონდა და ბოლო თამაშებში ხშირად უწევდა სათადარიგო სკამიდან თამაში.

გამოკითხვა

ვინ გახდება ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი?

  • ჰარი კეინი
  • რომელუ ლუკაკუ
  • კილიან მბაპე
  • კრიშტიანო რონალდო
  • მემფის დეპაი
  • რობერტ ლევანდოვსკი
  • ჩირო იმობილე
  • სხვა ფეხბურთელი

სატურნირო გზა

პორტუგალიისთვის ყველაზე რთული გამოწვევა ჯგუფიდან გასვლა შეიძლება იყოს. მას ყველაზე რთული ჯგუფი ჰყავს ფავორიტ საფრანგეთთან და ტრადიციულად, უხერხულ მეტოქე, გერმანიასთან ერთად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პორტუგალია მასპინძელ უნგრეთს პირველივე თამაშში ხვდება და უნგრეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ მეტოქეს ქულები დააკარგვინოს.

ჯგუფის სირთულიდან გამომდინარე, სანტუშის გუნდს უნგრეთის ვერდამარცხების უფლება არ აქვს. წინა ევროპის ჩემპიონატზეც ასე მოხდა - პორტუგალია იქაც უნგრეთთან, ისლანდიასთან და ავსტრიასთან ერთად იყო ჯგუფში და პლეი ოფში სამი ფრით ძლივს გააღწია. თუმცა, ამჯერად ამ გუნდს შეუდარებლად დიდი შემტევი პოტენციალი აქვს და მასირებული დაცვის წინააღმდეგ მომენტების და გოლების შექმნას იოლად ახერხებს.

დასკვნა

რონალდოს და სანტუშის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი გამოცანაა. ისტორიულად, პორტუგალია უპირველესი ფავორიტების რიცხვში არ შედის ხოლმე, თუმცა მოქმედი ჩემპიონი ახლა ბევრად უფრო ძლიერად გამოიყურება, ვიდრე 2016 წელს. ასეთი თაობა და ასეთი შემტევი პოტენციალი თითქმის არცერთ გუნდს არ აქვს. ამას დაამატეთ წლების მანძილზე, სტაბილურად ნაშენები დაცვა, ორგანიზებული სათამაშო სისტემა და მოთამაშეები, რომლებიც ევროპული ფეხბურთის გრანდებს წარმოადგენენ. ყველა კომპონენტით, ამ გუნდს საჩემპიონო ამბიცია უნდა ჰქონდეს.

გამოკითხვა

ვინ გახდება ევროპის ჩემპიონი?

  • საფრანგეთი
  • ინგლისი
  • ბელგია
  • გერმანია
  • ესპანეთი
  • პორტუგალია
  • იტალია
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები