Thumbnail
  • კილიან მბაპემ Sport Bild-თან ინტერვიუში გერმანულ ფეხბურთზე ისაუბრა
  • ფრანგის აზრით, გერმანია ევროს ერთ-ერთი ფავორიტია

კილიან მბაპე არა მარტო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, არამედ პლანეტის ერთ-ერთი უძვირფასესი მოთამაშეცაა. მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელებს ტრანსფერებში კოლოსალური თანხების გადახდა არ უყვართ, მაგრამ გერმანული ჟურნალის, Sport Bild-ის ჟურნალისტმა 22 წლის ფრანგს ინტერვიუში მაინც დაუსვა კითხვა, თუ რას ფიქრობს ბავარიულ გრანდში გადასვლაზე.

“ფეხბურთში წინასწარ არასდროს იცი, რა მოხდება. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ პარი სენ-ჟერმენში ბედნიერი ვარ,” - ასეთი იყო მბაპეს პასუხი, თუმცა ფრანგმა იქვე დაამატა, რომ მიუნხენში მეგობარი ეპატიჟება: “ლუკას ერნანდესმა მითხრა, რომ სწორედ ბაიერნში უნდა გადავიდე. მიუნხენურ გრანდში ის ძალიან ბედნიერია და ამას არასდროს ხშირად იმეორებს. მეც ვხედავ, რომ ბაიერნი მსოფლიოს 5 საუკეთესო კლუბს შორისაა. მიუნხენელებს მისალოცად აქვთ საქმე, რადგან ხარისხიან გუნდს მუდმივად ინარჩუნებენ. უბრალოდ კარგად იციან, რასაც აკეთებენ.”

კილიან მბაპე და თომას მიულერი

ფრანგმა სუპერვარსკვლავმა გერმანულ გრანდზე უფრო ვრცლადაც ისაუბრა. მისი თქმით, მართალია, ჟერომ ბოატენგის და დავიდ ალაბას სახით რეკორდმაისტერი ორ ძალიან კარგ მცველს კარგავს, მაგრამ “მიუნხენში ლოგიკური და გასაგები კონცეფცია აქვთ, ამიტომაცაა ბაიერნი დიდი გუნდი.” მბაპეს აზრით, ბავარიულმა გრანდმა დაიო უპამეკანოს სახით, რომელიც ასევე ფრანგია, ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გადაიბირა.

მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული, პარიზული კლუბის შეფმა ნასერ ალ-ხელაიფიმ კი ახლახან თქვა, რომ კილიანის ტრანსფერი გამორიცხულია. თუნდაც ამიტომ, ბაიერნის ქომაგებს მბაპეს ტრანსფერის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

ფრანგმა გერმანიის ნაკრებზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ბოლოდროინდელი არადამაჯერებელი შედეგებისა, ბუნდესგუნდი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მიაჩნია: “გერმანიას ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც ექსტრემალურად ამბიციურები და ძალიან ნიჭიერები არიან. თანაც, გუნდს თომას მიულერიც დაუბრუნდა.” - დასძინა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრები გუნდები ევროპის ჩემპიონატზე ერთ ჯგუფში მოხვდნენ. ეს სიკვდილის ჯგუფია, რადგან მათთან ერთად ითამაშებს კრიშტიანო რონალდოს პორტუგალიაც, მეოთხე გუნდი კი უნგრეთის ნაკრებია. ფრანგები პირველ მატჩს სწორედ გერმანიასთან, 15 ივნისს ჩაატარებენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები