Thumbnail

ტაში ნოლესგან - 19 წლის იტალიელმა ჩოგბურთელმა ჯოკოვიჩის პატივისცემა დაიმსახურა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:7(7:9), 6:7(2:7), 6:1, 6:0, 4:0 ლორენცო მუზეტი
  • 19 წლის იტალიელმა ნოლეს წინააღმდეგ მაგრად ითამაშა

ნოვაკ ჯოკოვიჩი როლან გაროსის 1/8-ფინალში ითამაშებს, მაგრამ ამისთვის იტალიელ ლორენცო მუზეტისთან უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუწია. რეიტინგის 76-ე ნომერმა მუზეტიმ, რომელიც 19 წლისაა, ლეგენდარულ სერბთან საოცარი თამაში აჩვენა.

პირველ სეტში ლორენცომ ნოლეს ტაიბრეიკზე 7:6(9:7) აჯობა. მე-2 სეტის ბედიც ტაიბრეიკზე გადაწყდა და ისევ იტალიელი იყო უკეთესი, რის შედეგადაც ჯოკოვიჩი როლან გაროსიდან გავარდნის რეალური საფრთხის წინაშე დადგა. თუმცა, მუზეტის მაქსიმუმი ეს გამოდგა. მომდევნო ორ სეტში ნოლემ მხოლოდ 1 გეიმი წააგო (6:1, 6:0) და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო გადამწყვეტ, მე-5 სეტს 4:0-ს იგებდა, როდესაც მუზეტიმ ტრავმის გამო თამაში შეწყვიტა.

მიუხედავად ამისა, იტალიელი ყურადღების ცენტრში მოექცა და მსოფლიოს პირველ ჩოგანთან ღირსეული კონკურენციით არა მარტო გულშემატკივრების, არამედ ნოვაკის პატივისცემაც დაიმსახურა, რომელმაც მეტოქე კორტიდან აპლოდისმენტებით გააცილა. ჯოკოვიჩს არასრული შეხვედრის მოსაგებად 3 საათი და 28 წუთი დასჭირდა.

"ეს ფანტასტიკური გამოცდილება იყო. ჩემი საუკეთესო ჩოგბურთი ვითამაშე 2 საათის განმავლობაში. ფიზიკური პრობლემა მქონდა და ბოლოს თამაში აღარ შემეძლო. ტკივილი მე-3 სეტში დამეწყო, მეოთხეში გაძლიერდა, ხოლო მეხუთეში გაგრძელებელი შეუძლებელი იყო. არასდროს მქონდა ამ დონეზე ნათამაშები და არასდროს მიფიქრია, რომ მოგება შემეძლო. ჩემთვის ეს პოზიტიური კვირა იყო, ვინმეს რომ ეთქვა, რომ ნოლეს ორ სეტს მოვუგებდი, არც დავუჯერებდი", - თქვა მატჩის შემდეგ 19 წლის იტალიელმა ჩოგბურთელმა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი როლან გაროსის 1/4-ფინალში კიდე ერთ იტალიელ, რეიტინგის მე-9 ნომერ მატეო ბერეტინის დაუპირისპირდება. შეხვედრა 9 ივნისსა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები