Thumbnail

10 ფეხბურთელი წინააღმდეგი იყო - რატომ ჩაიშალა კონტეს რეალში დანიშვნა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ანტონიო კონტე მადრიდის რეალთან ახლოს იყო
  • მადრიდული კლუბის ფეხბურთელებს მასთან მუშაობა არ სურდათ

ზინედინ ზიდანის წასვლის შემდეგ მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელად აქტიურად ანტონიო კონტე განიხილებოდა, კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს იტალიელი სპეციალისტის მიწვევა სურდა.

თუმცა, საბოლოო ჯამში, მადრიდული გრანდი კონტეს ნაცვლად კარლო ანჩელოტიმ ჩაიბარა, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. როგორც Times იტყობინება, კონტეს რეალში დანიშვნას ხელი ფეხბურთელებმა შეუშალეს.

პერესი კონტესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ 10-მა ფეხბურთელმა, რომელთა ვინაობა უცნობია, იტალიელის "სამეფო კლუბში" მისვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მათ პერესს აცნობეს, რომ მაშინ გუნდს ისინი დატოვებდნენ. სწორედ ამის შემდეგ პერესი იძულებული გამხდარა კონტეზე უარი ეთქვა და გუნდში კარლო ანჩელოტი დააბრუნა.

არ არის ცნობილი იყო თუ არა ამბოხებულ ფეხბურთელთა შორის სერხიო რამოსი, რომელსაც კონტრაქტი ეწურება, მაგრამ ცნობილია, რომ 2018 წელს ანტონიო კონტე ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელობასთან საკმაოდ ახლოს იყო, მაგრამ მაშინ რამოსმა ეს იდეა საჯაროდ დაიწუნა.

კონტე დიდი ხანია ყველგან 3-მცველიან ტაქტიკას იყენებს, უმეტესად კი 3-5-2 სქემას (ხანდახან 3-4-3-სან), რასაც ბუნებრივია, რომ შესაბამისი უნარების ფეხბურთელები სჭირდება. შეგახსენებთ, რომ კონტე დღემდე თავისუფალია, ხოლო რეალთან 3-წლიანი კონტრაქტი კარლო ანჩელოტიმ გააფორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები