Thumbnail
  • ლიონი / მარსელი-ატლეტიკო / 22:45
  • ეს ტურნირი ფრანგულ კლუბს არასოდეს მოუგია
  • 25 წელია მას მერე, რაც მარსელმა ევროთასი მოიგო
  • ატლეტიკომ 2010 და 2012 წლებში მოიგო ფინალები
  • მარსელი-ატლეტიკო ტურნირის ისტორიაში 47-ე ფინალია

ლიონის "პარკ ოლიმპიკზე" არა ადგილობრივთათვის საყვარელი ოლიმპიკი, არამედ მათი საძულველი მარსელის ოლიმპიკი შეეცდება საფრანგეთისთვის ევროთასის მოგებას, მეტოქე კი დიეგო სიმეონეს ატლეტიკოა.

25 წელიწადი გავიდა მას მერე, რაც მარსელმა ევროტიტული მოიგო და ახლა რუდი გარსიას გუნდს უნიკალური შანსი აქვს, გახდეს პირველი ფრანგული კლუბი, რომელიც ევროპალიგას (უეფას თასს) მოიპოვებს.

გამოკითხვა

ვინ გაიტანს მეტს?

  • მთელი მარსელი
  • ანტუან გრიზმანი

დაცვის ცენტრში და ფლანგებზე

"მასპინძლებს" ცენტრალური მცველი როლანდო, დიდი ალბათობით, ფინალში ვერ დაეხმარება. ასე რომ, მარსელის სუსტი წერტილი დაცვის ცენტრი უნდა იყოს, სადაც ლუის გუსტავო ადილ რამის შეუწყვილდება. კოსტას მიტროღლუს თამაშიც ეჭვქვეშაა, თუმცა მას კარგი შემცვლელი ჰყავს - ვალერი ჟერმენი.

ატლეტიკოს დისკვალიფიკაციამოხდილი სიმე ვრსალკო უბრუნდება, მაგრამ სიმეონე აქცენტს, ალბათ, გამოცდილ ხუანფრანზე გააკეთებს. სიმეონე კიდევ ერთ არჩევანს გააკეთებს გამოცდილის სასარგებლოდ და მარცხნივ ფილიპე ლუიშს დააყენებს და არა ლუკა ერნანდესს. ხოსე ხიმენესი და ვიტოლო შემადგენლობაში მოხვდნენ, მაგრამ მათი თამაში საეჭვოა. 

პირველი ფრანგები

რუდი გარსია (მარსელის მწვრთნელი): "ჩვენ საკმაოდ მცირე შანსი გვაქვს, მაგრამ მოგებისთვის ყველაფერს გავიღებთ. ატლეტიკოს წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის უდიდესი გამოცდაა. ეს ის კლუბია, რომელმაც ბოლო 4 სეზონში ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, კლუბი, რომელმაც ართუ დიდი ხნის წინათ მოიგო ევროპალიგა. მაგრამ ფინალი შინ, საფრანგეთში ფანტასტიკური შესაძლებლობაა. ფანტასტიკური იქნება, თუ ჩვენ გავხდებით პირველი ფრანგული კლუბი, რომელიც ამ ევროთასს მოიგებს".

აი, ჩვენც აქ ვართ

დიეგო სიმეონე (ატლეტიკოს მწვრთნელი): "ყველაფერი მზად არის და ჩვენ დიდი ფინალი გველის. მეტოქე პროგრესირებს, მათ ისეთი მწვრთნელი ჰყავთ, რომელსაც მუდამ ახალი იდეები შემოაქვს ფეხბურთში. მარსელი ძალიან სახიფათოა, ის ძლიერია ნახევარდაცვასა და შეტევაში. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, დაძაბული მატჩი იქნება. როცა ლიგიდან გამოვვარდით, ყველა მიიჩნევდა, რომ ფინალამდე უნდა მიგვეღწია. და აი, ჩვენც აქ ვართ".

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ევროპალიგას?

  • მადრიდის ატლეტიკო
  • მარსელის ოლიმპიკი

ვინ, როგორ ფორმაშია

ბოლო უქმეებზე მარსელს დიდი ბრძოლა გადახდა გენგამთან, რომელიც მისთვის არასახარბიელო შედეგით დასრულდა, ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდი 3:3 დაუზავდა მეტოქეს. გოლები ვალერი ჟერმენმა და ფლორიან ტოვენმა (2) გაიტანეს. ოლიმპიკი ბოლო ტურის წინ მე-4 ადგილზეა, რომელიც ლიგის საგზურს არ იძლევა. 

სიმეონეს გუნდს მადრიდული დერბი ჰქონდა ხეტაფესთან, კოკეს გოლით დაწინაურებულ გუნდს იან ობლაკმა უშველა, რომელმაც პენალტი მოიგერია - 1:0. სიმეონემ ხეტაფეს ბოლო 13 დაპირისპირება ბურთების საოცარი შეფარდებით მოუგო - 26:0!

ურთიერთშეხვედრები

2 მატჩი: 1 ფრე, 1 მოიგო ატლეტიკომ, ბურთები 1:2. 

მარსელის ფანი ზიდანი

რას ველოდოთ?

ასეთი კარგი მარსელი დიდი ხანია არ გვახსოვს, თუ ამ გუნდს სივრცეს და ინიციატივას დაუთმობ, ძალიან საშიში ხდება. ყველაზე ნათელი მაგალითი ლაიპციგთან საპასუხო მეოთხედფინალია, როცა რუდი გარსიას გუნდმა ნაწილებად დაშალა გერმანული გუნდი. თქმა არ უნდა, რომ ფრანგული კლუბი ფინალში აუტსაიდერია, მაგრამ ის ძალიან მოწადინებულია, რომ ისტორიაში შევიდეს და ჰყავს ორი ლიდერი - დიმიტრი პაიე და ფლორიან ტოვენი. 

სიმეონესა და მის გუნდს ფინალებში თამაშის უდიდესი გამოცდილება აქვს. ატლეტიკოს დალაგებული, პრაგმატული და ჭკვიანური ფეხბურთი, წესით, მარსელთან მოგებას უნდა ეყოს.

იცთ თუ არა, რომ...

ანტუან გრიზმანი ლიონიდან 65 კილომეტრში, მაკონშია დაბადებული, მაგრამ მას პროფესიული ფეხბურთი საფრანგეთში არ უთამაშია. 

ატლეტიკო ევროთასების ფინალს ისტორიაში მეორედ თამაშობს ლიონში. პირველი იყო 1986 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალი, რომელიც "სტად დე ჟერლანზე" ესპანურმა კლუბმა კიევის დინამოსთან 0:3 წააგო.

მარსელმა ამ სეზონში ევროთასზე შინ 9-დან 8 მატჩი მოიგო, მაგრამ "ველოდრომის" გარეთ ძალიან უჭირს - 9-დან 1 მოგება.

დიეგო სიმეონე ერთადერთი მწვრთნელია, რომელიც არც პორტუგალიელია და არც ესპანელი, მაგრამ ევროპალიგა მოიგო (2012).

სავარაუდო შემადგენლობები

მარსელი (4-2-3-1): პელე - სარი, რამი, ლუის გუსტავო, ამავი - მ. ლოპესი, სანსონი - ტოვენი, პაიე, ოკამპოსი - ჟერმენი

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ანხელ კორეა, გაბი, საულ ნიგესი, კოკე - დიეგო კოშტა, გრიზმანი

ვერ ითამაშებენ: როლანდო, მიტროღლუ (?) - ხიმენესი (?), ვიტოლო (?)

მსაჯი: ბ. კუიპერსი (ჰოლანდია)

კომენტარები

ბოლო ამბები