• მიმდინარე წელს, JR.NBA-GBF ლიგაში 70 გუნდი მიიღებს მონაწილეობას
  • თბილისის ოლიმპიურ სასახლეში წილისყრა საზეიმო ვითარებაში გაიმართა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით, უკვე მესამედ ტარდება ჯუნიორ NBA -GBF ლიგა, რომელშიც 11-12 წლის ასაკის მოზარდი კალათბურთელები მონაწილეობენ.

JR.NBA-GBF ლიგის გუნდები ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კლუბებს წარმოადგენენ და ტურნირში მონაწილეობისთვის შესაბამისი გუნდის სახელს და მაისურს იღებენ.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე წლის JR.NBA-GBF ლიგის კენჭისყრა გაიმართა.

ღონისძიება საზეიმო ვითარებაში წარიმართა და მასში 450-მა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. კენჭისყრის ცერემონიალს დაესწრნენ კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები. ასევე, ვეტერანი და მოქმედი კალათბურთელები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

წილისყრამ ქართველი მოზარდებით დაკომპლექტებული გუნდები NBA-ს კლუბების სახელების ქვეშ გააერთიანა, მათ შორის კი ტურნირი გაიმართება. გამომდინარე იქიდან, რომ ტურნირში მონაწილეობის სურვილი 70-მა გუნდმა გამოთქვა, მიმდინარე წლის JR.NBA-GBF ლიგა 2 დივიზიონად გაიყო. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ნაკრების კალათბურთელები: ნიკა ცქიტიშვილი და დუდა სანაძე, რომლებმაც კომენტარები გააკეთეს…

ნიკა ცქიტიშვილი (საქართველოს ნაკრები):

“დადებითი ემოციებით ვარ დამუხტული. მადლობა ყველას, ვინც ამ ღონისძიების ორგანი8ზებაში შეიტანა წვლილი. ეს არის ბრწყინვალე გამოცდილება მოზარდებისთვის, რომელიც აუცილებლად გამოადგებათ. თითოეულ მათგანს ვუსურვებ, რომ აიხდინონ ოცნება და დიდი კალათბურთი”.

დუდა სანაძე (საქართველოს ნაკრები):

“შესანიშნავი ღონისძიებაა, რომელიც უამრავ ბავშვს აერთიანებს. მადლობა ყველას, ვინც ამ პროექტში მონაწილეობს. ვფიქრობ, ქართულ კალათბურთს ძალიან კარგი თაობა ეზრდება. ამ ბავშვებს მეტი საშუალება და გასაქანი აქვთ. ბევრი უკვე პროფესიონალურ დონეზე ერკვევა კალათბურთში და მინდა მათ უდიდესი წარმატება ვუსურვო”

პაატა გურასპაული

პაატა გურასპაული (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი):

“ეს არის განსაკუთრებული პროექტი, რომელიც 450 მოზარდ კალათბურთელს აერთიანებს. ეს არის ნამდვილი ბედნიერება, როდესაც მათ სიხარულს იზიარებ. წელს, 70-მა გუნდმა გამოთქვა JR.NBA-GBF ლიგაში მონაწილეობის სურვილი. ნაციონალურ საკალათბირთო ასოციაციაში ამდენი გუნდი ნამდვილად არ არის, ამიტომ, მეორე დივიზიონის შექმნა გახდა საჭირო. ეს მართლაც დიდი საკალათბურთო ზეიმია”

ჯუნიორ NBA გოგონათა და ვაჟთათვის კალათბურთის ლიგის გლობალური ახალგაზრდული პროგრამაა, რომელიც მსოფლიოს 34 ქვეყნის მასშტაბით ტარდება და რომელშიც 7 მილიონი ბავშვი მონაწილეობს

 

კომენტარები

ბოლო ამბები