Thumbnail
  • საქართველოს თამაშში დადებითი ტენდენციებიც იყო და უარყოფითიც
  • ნიდერლანდების ნაკრები ვილი სანიოლის გუნდზე ერთი თავით მაღლა იდგა
  • ახალ სქემას დაცვაში სივრცეები არ უნდა დაეტოვებინა, თუმცა ეს მაინც არ გამოვიდა
  • რუმინეთთან თამაში უფრო იოლად, კლასზე მოსაგები იყო

საქართველოს ნაკრებმა მოკლე მონაკვეთში ორი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეები ამჯერად ბევრად ძლიერი ჰყავდა, ვიდრე ჩვეულებრივ ამხანაგურ შეხვედრებში - რუმინეთი და ნიდერლანდები.

ამ ორივე თამაშში ვილი სანიოლმა შემადგებლობაც შეცვალა და სათამაშო სქემაც. მოკლედ, სამსჯელო და გასაანალიზებელი ბევრი რამ იყო. გამოჩნდა როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური მომენტები.

ნიდერლანდები ზედმეტად ძლიერია

ანალიტიკური სტატია ანალიზს გულისხმობს, თუმცა ნიდერლანდებთან თამაშში გასანაალიზებელი ბევრი არაფერია. მეტოქე სხვა წონითი კატეგორიაა - ჯერჯერობით მაინც.

ფრანკ დე ბურის გუნდს საქართველო ცუდ დროს შეხვდა - ნიდერლანდები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, ოპტიმალურ ფორმაშია, ფეხბურთელები ძირითადში მოხვედრისთვის იბრძვიან და წინა თამაში ამ გუნდმა შოტლანდიასთან ვერ მოიგო. მოკლედ, ეროვნული გუნდის მეტოქე არა მხოლოდ უფრო მაღალი კლასის გუნდია, არამედ ძალიან მოტივირებული და აგრესიულიც იყო. ნიდერლანდელები 3:0-ზეც კი არ ჩერდებოდნენ. არადა, როცა შენზე მაღალი კლასის გუნდს ეთამაშები, შენი მონდომების გარდა, იმის იმედიც ყოველთვის უნდა გქონდეს, რომ მეტოქეს კარგი დღე არ ექნება, ან ბოლომდე ვერ დაგაფასებს.

ბევრმა საქართველოს ცუდი თამაში ტაქტიკური სქემის ცვლილებასაც დააბრალა. ამას ბოლომდე ვერ დავეთანხმებოდი. სანიოლმა სქემა მეტოქის სქემის მიხედვით, ტრადიციული 4-3-3-დან 3-4-2-1-ზე გადააწყო. მისი ჩანაფიქრი ნათელი იყო: დე ბურის გუნდიც სამმცველიანი ტაქტიკით თამაშობს და მეტოქის ტაქტიკის არეკვლა მიიჩნევა, რომ თავდაცვას აიოლებს. ყველა შენს ფეხბურთელს კონკრეტული მეტოქე ჰყავს. მეორე მხრივ, საქართველოს ნაკრების სამი ცენტრალური მცველი დაცვით ფაზაში რეალურად ხუთ მცველს ნიშნავდა - კაშია-ხოჭოლავა-დვალის სამეულს დაცვის დროს განაპირა მცველები, გიორბელიძე და კაკაბაძე ეხმარებოდნენ. ეს ერთ ხაზზე ხუთ კაცს ნიშნავს და დაცვაში სივრცეებს ამცირებს.

კაშია ვეინალდუმის წინააღმდეგ

ჩანაფიქრის მიუხედავად (რაც ქაღალდზე ლოგიკურად გამოიყურებოდა), ნიდერლანდელები საქართველოს დაცვაში სივრცეებს მაინც პოულობდნენ. პირველი ორი გოლი ასე გავიდა - მეტოქემ მჭიდრო სივრცეში ბურთი მაგრად გაათამაშა. არ მჯერა, რომ ოთხმცველიანი ტაქტიკით საქართველოს დაცვა უკეთ ითამაშებდა - პირიქით, უფრო მეტი სივრცე დარჩებოდა.

სხვა საქმეა ის, რომ სქემის ცვლილებამ მოედნის ცენტრი დაასუსტა. ნიდერლანდელების ცენტრი მათი ყველაზე ძლიერი რგოლია. დე ბურის გუნდი ძალიან მაგრად აპრესინგებს და მეტოქეს ცენტრიდან გასვლის შანსს თითქმის არ აძლევს. იქ პრესინგის 3 სპეციალისტი თამაშობს - ლივერპულის ჯინი ვეინალდუმი, ბარსელონას ფრენკი დე იონგი და ატალანტას მარტენ დე როონი. სამივე აქცენტს სწორედ პრესინგზე აკეთებს და ამ მოთამაშეების ვიწრო სპეციალიზაციაც ეს არის. მოედნის ცენტრში გვილია-აბურჯანიას დუეტის დატოვება მეტოქის დინამიური და ათლეტური ტრიოს წინააღმდეგ არცთუ ისე კარგი იდეა იყო - საქართველო მეტოქის პრესინგს ვერ ცდებოდა და ბურთს იოლად კარგავდა. შედეგად, მეტოქეს 20 დარტყმა ჰქონდა ლორიას კარისკენ და მომენტს მომენტზე ქმნიდა.


დადებით ფაქტორად შეიძლება ის ჩაითვალოს, რომ როცა სანიოლის გუნდი მოედნის ცენტრს სცდებოდა, შეტევაში სახიფათო მომენტებამდე მისვლას ახერხებდა. 10 დარტყმა და რამდენიმე მომენტი, გოლის შეგდებაც შეიძლებოდა - გვილიამ ბურთს ხეირიანად ვერ მოარტყა და ჯიღაურის დარტყმა ხარიხას მოხვდა. ერთი სიტყვით, საქართველო ერთი გოლის გამტანი ჩანდა, თუმცა მეტის გაშვებაც შეეძლო.

ნიდერლანდები რთული მეტოქე აღმოჩნდა იმის გამოც, რომ მეტოქეს ათლეტიზმში აშკარა უპირატესობა ჰქონდა და ძალიან მაღალ ტემპში თამაშობდა. განსხვავებით, მაგალითად, ესპანეთისგან, რომელიც ნომინალურად ნიდერლანდებზე დიდი გრანდია, თუმცა საქართველოსთვის სტილურად უფრო ხელსაყრელ ფეხბურთს თამაშობს.

კარგი ის არის, რომ საქართველოს ნაკრებმა ასეთი მატჩები ხშირად უნდა ჩაატაროს - ზრდა თუ გვინდა, უმჯობესია, ევროპული ფეხბურთის ელიტასთან მოვსინჯოთ ძალები, ვიდრე რომელიმე ესტონეთთან და ყაზახეთთან.

თამაშს 'მოკვლა' უნდა

ანალიტიკური კუთხით რუმინეთთან შეხვედრა უფრო საინტერესო იყო. რუმინეთი საშუალო ევროპული გუნდია და დაახლოებით საქართველოს კლასის მეტოქეა. ამ მატჩში დადებითი მომენტებიც იყო და უარყოფითიც. ბოლოდან დავიწყებ: ყველაზე პოზიტიური ამბავი ის იყო, რომ საქართველომ გაიმარჯვა - თუნდაც საშუალო კლასის ევროპულ გუნდთან ეროვნულ გუნდს წლებია, არ მოუგია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს მოგება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო. მარტის თამაშებში სანიოლის გუნდი ურიგოდ არ გამოიყურებოდა, თუმცა უფრო ნაკლები ქულა აიღო, ვიდრე თამაშით იმსახურებდა. ანუ, თამაშის ქულებად მოთარგმნის ტრადიციული, ქართული პრობლემა გამოიკვეთა. ამჯერად პირიქით გამოვიდა, არცთუ ისე მაღალი კლასის და არცთუ უშეცდომო თამაში საქართველომ მოგებად აქცია.

დადებითი მომენტი იყო ისიც, რომ სანიოლს კვლავ არ ერიდება ექსპერიმენტების და ახალი ფეხბურთელების გამოცდის. ერთბაშად სამმა მოთამაშემ ითამაშა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდან. სამივე ღირსეულად გამოიყურებოდა - ჩაბრაძემ და ახალწვეულებმა, აზაროვმა და კუპატაძემ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

შედეგის მიუხედავად, ცოტა საკამათოა კვლავ იმ ტიპის 4-3-3-ის გამოყენება, როცა მოედნის ცენტრში ერთდროულად სამი ნომინალური საყრდენი ნახევარმცველია. რუმინეთთან ცენტრში კვეკვესკირი, აბურჯანია და დაუშვილი თამაშობდნენ. ჩვეულებრივ, ამ სქემაში ერთ ფეხბურთელს მაინც ევალება, რომ ხაზებს შორის იმოძრაოს და ეპიზოდურად მეორე ფორვარდის როლი მოირგოს. მეორე ტაიმში, როცა თამაშმა მეტოქის ნახევარზე გადაინაცვლა, ამ როლს აბურჯანია კარგად ირგებდა. თუმცა, პირველ ტაიმში საქართველო შეტევის დაწყების დროს 7 კაცით თავის ნახევარზე იყო და შეტევის გასაგრძელებლად ზედმეტად ცოტა ოპცია ჩანდა. არცერთი მათგანი იმდენად მობილური და დინამიური არ არის, რომ მოედნის სიღრმიდან სტაბილურად აჩქარებებით, მეორე შემტევის როლი მოირგოს.

7 კაცი საკუთარ ნახევარზე - რთული საწყისი პოზიცია შეტევის განვითარებისთვის

შედეგად, სანამ მეტოქე 10 კაცით არ დარჩა, საქართველომ ხეირიანად ერთხელაც ვერ შეუტია. მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ ფლანგის შემტევებს, ოქრიაშვილს და შენგელიას, ინდივიდუალურად არცთუ ისე წარმატებული თამაში ჰქონდათ, კვარაცხელია არ იყო და მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე თამაშის გამწვავება არ გამოდიოდა.

სამაგიეროდ, მოედნის ცენტრში ამ სამეულთან ერთად დაცვა საიმედო ჩანდა. ცენტრი კარგად იყო გადაკეტილი და ჯარიმის და მისი დამატების (კუპატაძემ ძალიან მაგარი ბურთი აიღო) გარდა, პირველ ტაიმში მეტოქეს მომენტი, ფაქტობრივად, არც ჰქონია.

პოზიტიურ მომეტად უნდა შევაფასოთ სანიოლის შეცვლებიც. შეცვლაზე შესულმა კიტეიშვილმა და ლობჟანიძემ თამაში გაამწვავეს და კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. გოლებიც მათ შექმნეს. კიტეიშვილი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და მისი გამოჩენა გუნდს ყოველთვის ძალიან უხდება. სანიოლმა ის კვლავ უფრო ფლანგიდან ათამაშა, განსხვავებით ვლადიმირ ვაისისგან, რომელიც კიტეიშვილს მოედნის ცენტრში, ნახევარდაცვისა და თავდასხმის ხაზებს შორის ხედავდა.

დადებითი ამბავი იყო გიორგი მიქაუტაძის პირველი სანაკრებო გოლი. ცენტრფორვარდის პოზიცია საქართველოს ნაკრებში პრობლემურია. გულწრფელი ვიქნები: მიქაუტაძის თამაში აქამდე არ მქონდა სრულად ნანახი, მხოლოდ მისი სტატისტიკის შესახებ ვიცოდი. გოლმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა - ასეთ გოლს შემთხვევით ვერ გაიტან. თავდამსხმელის გოლი იყო, ძალიან მაგრად შესრულებული და არასტანდარტული. წამებში გათვლილი მოძრაობა და დარტყმა ფეხის წვერით, დასწრებაზე. ჩანს, რომ ამ ბიჭმა გოლის გატანა მართლა ძალიან მაგრად იცის.


რაც შეეხება უარყოფით ამბებს: ახალი მწვრთნელის მიუხედავად, საქართველომ ამ თამაშშიც აჩვენა ტრადიციული სისუსტე - თამაშის ვერმოკვლის უნარი. მეტოქემ ორი დიდი საჩუქარი გააკეთა - ჯერ წითელი ბარათი, რის შემდეგაც თამაში თითქმის ერთ კარში წავიდა. საქართველო პრესინგზე ავიდა და მეორე ტაიმის დასაწყისში რუმინეთს თავის ნახევარზე თითქმის აღარ უშვებდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრების პრესინგი მეტოქეს ჩვენს ნახევარზე აღარ უშვებდა

გატანილი გოლის შემდეგ, მაღალი კლასის გუნდი ამ თამაშს უპრობლემოდ მიიყვანდა გამარჯვებამდე. საქართველოს დაცვას სრულიად უწყინარი გრძელი პასი გაეპარა, როცა ბურთი ჰაერში რამდენიმე წამი მიფრინავდა და შემდეგ, ორი მეტოქის წინააღმდეგ ხუთი თუ ექვსი მცველი იყო, მაგრამ ყველაფერი კვერკველიას არასაჭირო ვარდნით, პენალტით და წითელი ბარათით დასრულდა.


აქვე მეორე საჩუქარი ის იყო, რომ ეს პენალტი მეტოქემ ააცილა. თუმცა, შემდეგ უკვე 2:0-ზე თამაშის გამარჯვებამდე კლასზე მიყვანა ისევ არ გამოვიდა. ისევ გრძელი პასი, მარტივად გაშვებული გოლი და მატჩის ბოლო ათი წუთი, როცა სანიოლის გუნდი ვერაფერს ვეღარ აკონტროლებდა და კიდევ შეეძლო გოლის მიღება.


ისეთი განცდა მქონდა, რომ ორივეჯერ, როგორც კი, საქართველომ მატჩზე კონტროლი მოიპოვა, მოეშვა, კონცენტრაცია დაკარგა და ორი უხეში შეცდომით, მეტოქეს თამაშში დაბრუნების შანსი მისცა. ასეთი შეცდომების არდაშვება გამოცდილების და კლასის ამბავია.

თუ ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადასვლა გვინდა, საქართველომ ასეთი თამაშები ისე უნდა ‘დახუროს’, რომ სანერვიულო აღარ გახდეს. ყველა მეტოქე ორ დიდ საჩუქარს არ გააკეთებს და მომენტებსაც მატჩის ბოლოს რუმინეთივით არ გაანიავებს.

სხვა მხრივ, კარგი იყო, რომ ნაკრები ევროპული კლასის მეტოქეებთან საქმეში ვნახეთ. დადებითი მომენტებიც იყო და ისიც გამოჩნდა, რომ სამუშაო ძალიან ბევრია. მთავარია, სექტემბრისთვის ეროვნული გუნდი უკეთეს ფორმაში იყოს. საკონტროლო მატჩებიც ზრდის და პროგრესის ერთ-ერთი ეტაპია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები