Thumbnail

'უფრო ძლიერი ყოფილა, ვიდრე მეგონა' - მეივეზერი ლოგან პოლთან გაწვალდა

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • პოლისა და მეივეზერის ბრძოლა 8 რაუნდს გაგრძელდა
  • ფლოიდმა მეტოქე ვერ დაანოკაუტა
  • ქულებით რომ დაგვეთვალა, გამარჯვებული მეივეზერი იქნებოდა
  • ბრძოლამ არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია

ფლოიდ მეივეზერი რინგზე იუთუბერ ლოგან პოლს დაუპირისპირდა. შეხვედრას სპორტულის გარდა, დიდი მარკეტინგული გამოხმაურებაც ჰქონდა - კრივის ლეგენდა მასზე გაბარიტებით ბევრად დიდი, სოციალური მედიის ვარსკვლავის წინააღმდეგ. მოკლედ, ამ ბრძოლაში სპორტულზე მეტად გასართობი ელემენტი იყო.

კრივის ხარისხის მიხედვით, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ კარგი სანახაობა ვნახეთ. მეივეზერს მისი ბოლო ბრძოლის შემდეგ, აშკარად მოკლებული ჰქონდა და ეს იმის მიუხედავად, რომ ფლოიდი ყოველთვის, კარიერის დასრულების შემდეგაც, აქტიურად ვარჯიშობს. ყველა ნოკაუტს ველოდით. ბუქმეკერები ამ ბრძოლაზე ძირითად შედეგზე ფსონებსაც კი არ იღებდნენ და საყოველთაო მოლოდინი იყო, რომ ფლოიდი პოლს შუა რაუნდში დაანოკაუტებდა.

ასე არ გამოვიდა. ბრძოლა მთელი რვა რაუნდი გაგრძელდა და ლოგან პოლმა მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწია. მეივეზერი ნოკაუტთან ახლოსაც კი არ ყოფილა. გასაკვირი არ არის და ვერც პოლმა მოახერხა, ფლოიდისთვის ხეირიანად მოერტყა. დომინანტური პირველი რაუნდების შემდეგ, პოლი დაიღალა, ფლოიდი გააქტიურდა და დანარჩენი ბრძოლა მისი კარნახით წარიმართა.

ბრძოლის ბოლოს ფლოიდი იღიმებოდა, პოლი უფრო ჰგავდა ნაცემს, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის 8 რაუნდი ფეხზე დარჩენა აშკარად დიდი წარმატებაა. მსაჯები გამარჯვებულს არ ავლენდნენ, თუმცა რომ დაეთვალათ, მეივეზერი აშკარად გამარჯვებული იქნებოდა - ქულებით მან ბევრად მეტი მოარტყა.

ბრძოლის შემდეგ ფლოიდმა მეტოქის მიმართ პატივისცემა გამოხატა: "არ მეგონა, თუ ასეთი ძლიერი იყო".

კრივი დიდი ვერაფერი გამოვიდა, მაგრამ ფლოიდი ცოცხლად კიდევ ერთხელ ვნახეთ და შოუც გამოვიდა.

ბრძოლამ არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. ლოგანის ძმა, ჯეკ პოლი იმასაც კი ამტკიცებდა, რომ მისმა ძმამ მეივეზერი კარიერაში პირველად დაამარცხა. დანიელ კორმიემ მეივეზერის არცთუ კარგ ფორმაზე გაამახვილა ყურადღება. ყველაზე კარგად კი ეს ყველაფერი ფრენსის ნგანუმ შეაფასა: "არ არის ნორმალური, რომ ლოგან პოლმა, მებრძოლმა 0 მოგებით და 1 წაგებით, 20 მილიონი გააკეთა საჩვენებელ ბრძოლაში. რას ვაკეთებთ არასწორად?"

კომენტარები

ბოლო ამბები