Thumbnail
  • საუთგეიტის გუნდი ტურნირის მთავარი ჩრდილოვანი ფავორიტია
  • ინგლისს ახალი 'ოქროს თაობა' ჰყავს
  • პრობლემურ პოზიციად საყრდენი ზონა რჩება
  • შემტევებს საკლუბო დონეზე შედეგიანი სეზონი ჰქონდათ
  • ანალიტიკური სტატიები სხვა გუნდებზე წაიკითხეთ აქ

‘ინგლისის არასოდეს არ მჯერა’ - მითხრა ამ ორიოდე დღის წინ ჩემმა დიდი ხნის მეგობარმა და ფეხბურთის დიდმა მოყვარულმა. მართალიცაა: დიდ ტურნირებზე ინგლისი დიდი ამბიციების მიუხედავად, ფინალების და ჩემპიონობების გუნდი არასოდეს ყოფილა.

თუმცა ახლა, ინგლისი ევროპის ჩემპიონატს ოპტიმიზმით ელოდება. წინა მუნდიალზე ეს გუნდი ნახევარფინალამდე მივიდა, ამჯერად კიდევ უკეთესი შემადგენლობა ჰყავს და უფრო დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია. 10 წელზე მეტია, ინგლისს ასეთი თაობა არ ჰყოლია - საუთგეიტის ახალგაზრდული გუნდი დიდი საქმეების კეთებას მხოლოდ ახლა იწყებს. რას ველოდოთ ამ გუნდისგან?

ახალი თაობა

გულშემატკივრის დიდი იმედები პირველ რიგში ახალ თაობას უკავშირდება. ამ საუკუნის დასაწყისში ინგლისმა ოქროს თაობა თავისი ჯერარდით, ლამპარდით, ბექჰემით და რუნით, სვენ იორან ერიკსონს და ფაბიო კაპელოს გადააყოლა. ერიკსონს კვალიფიკაციის პრობლემა ჰქონდა, კაპელო კი ინგლისურ ამბებში ვერაფრით გაერკვა - იტალიური და ბრიტანული საფეხბურთო კულტურა დიამეტრულად განსხვავებულია.

ამის შემდეგ, ინგლისი გარდამავალ ეტაპზე აღმოჩნდა - ფავორიტად ინერციით თუ მიიჩნეოდა. მწვრთნელად როი ჰოჯსონი და საჩემპიონო ამბიცია რადიკალურად განსხვავებული ცნებებია.

ახლა ვითარება შეიცვალა. საუთგეიტმა წინა მუნდიალზე კარგი საფუძველი შექმნა და რომ არა დამატებით დროში, მოსაგები თამაშის წაგება ნახევარფინალში, ხორვატიასთან, 1966 წლის შემდეგ ინგლისი პირველ ფინალსაც ითამაშებდა. 3 წელიწადში მდგომარეობა კიდევ შეიცვალა და ისევ უკეთესობისკენ.

იმ გუნდის ფუნდამენტი (უოკერი, სტოუნსი-მაგუაიერის დუეტი დაცვის ცენტრში, ჰენდერსონი მოედნის შუაში და კეინი-სტერლინგის წყვილი შეტევაში) შენარჩუნდა. გარდა ამისა, ინგლისს ახალი თაობის მაგარი ბიჭები წამოუვიდა. ჯერ ჯერარდამდე და ლამპარდამდე შორია, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, ამ საუკუნეში მეორედ, ინგლისის ოქროს თაობაზე ბევრი ლაპარაკი მოგვიწევს. ჯეკ გრილიშს, ფილ ფოდენს, ჯეიდონ სანჩოს და მეისონს მაუნტს მოედანზე ბევრი რამ შეუძლიათ. მათ გარდა, კიდევ არიან სხვა მაგარი ბიჭები. მაგალითად, ვესტ ჰემის დეკლინ რაისი, არსენალის ბუკაიო საკა, ან ჩელსის განაპირა მცველები - ბენ ჩილუელი და რის ჯეიმსი.

გარეთ საუთგეიტს გუნდში დიდი კონკურენცია აქვს

ამ თაობის გამოჩენა შემთხვევითი წარმატება არ არის. წინა წლებისგან განსხვავებით, თითქმის ყველა პრემიერლიგურ გრანდში რამდენიმე ინგლისელი მაინც თამაშობს - განსხვავებით 5-10 წლის წინანდელი რეალობისგან. ჩელსის მაუნტი-ჯეიმსი-ჩილუელის სამეული ჰყავს, ლივერპულს - ჰენდო, მილნერი, ალექსანდერ-არნოლდი და ჯო გომესი, იუნაიტედს - შოუ, ვან ბისაკა და მაგუაირი დაცვაში და რაშფორდი წინა ხაზში. თვით, ტრადიციულად, ძალიან ინტერნაციონალურ სიტიშიც კი ერთდროულად სამი კაცი თამაშობს ინგლისის ნაკრებიდან - სტოუნსი, უოკერი და ფოდენი.

სხვა ფაქტორიც არის. პრემიერლიგის შემოსავლების ზრდამ ე.წ. პატარა გუნდებსაც შესაძლებლობა მისცა, რომ ძალიან ხარისხიანი ლეგიონერები და მაღალი კლასის მწვრთნელები ჰყავდეთ. ანჩელოტი და ხამესი ევერტონისნაირ გუნდში უკვე ჩვეულებრივი რეალობაა. კვალიფიციური ლეგიონერების გვერდით ახალგაზრდა ინგლისელებისთვის სათამაშო კლასის ზრდა ბევრად უფრო იოლია. ამ გუნდშიც გრანდების გარდა, ფეხბურთელები ვულვზიდან, ლიდსიდან, ასტონ ვილადან, ვესტ ჰემიდან, ევერტონიდან და ვესტ ბრომიდან არიან.

პრემიერლიგის ინტერნაციონალიზაცია მათ სათამაშო სტილზეც აისახება - გრილიშზე ან ფოდენზე ვერ იტყვი, რომ კლასიკური გაგებით, წმინდად ბრიტანული სტილის ფეხბურთელები არიან. ახალი თაობის ვარსკვლავებს ბევრად უფრო კონტინენტური და მრავალფეროვანი სტილი აქვთ.

შემადგენლობა

ინგლისის შემადგენლობას გამოხატული ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. რამდენიმე პოზიციაზე საუთგეიტს დიდი არჩევანი აქვს, რამდენიმე პოზიცია კი შედარებით სუსტია.

ტრადიციულად, მეკარის პოზიცია ინგლისის ნაკრებში ნაკლებად ძლიერია. ევერტონის ჯორდან პიკფორდი ბოლო წლებია, სტაბილურად დგას, თუმცა მას მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების რიცხვში ნამდვილად ვერ განვიხილავთ.

დაცვის ცენტრში გამოცდილი და შეთამაშებული სტოუნსი-მაგუაირის დუეტი თამაშობს. ისინი უკვე რამდენიმე წელია ნაკრებში ერთად არიან და დაცვის სტაბილურობისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამას სტატისტიკაც ადასტურებს - საუთგეიტის გუნდს ბოლო 16 თამაშში მხოლოდ 5 გოლი აქვს გაშვებული. ერთ თამაშში ორზე მეტი გოლი მხოლოდ ერთხელ გაუშვეს - ბელგიასთან, მაშინ როცა არც მაგუაირი თამაშობდა და არც სტოუნსი.

ცალკე აღსანიშნავია, რომ სტოუნსს ნაკლებად დამაჯერებელი წინა სეზონის შემდეგ, ძალიან კარგი წელი ჰქონდა და სიტის შემადგენლობაშიც დაკარგული ძირითადის ადგილი დაიბრუნდა.

მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშის პრეტენცია იუნაიტედის ლუკ შოუს და ჩელსის ბენ ჩილუელს აქვთ. ჩილუელს ჩელსისთან ერთად ძალიან შთამბეჭდავი სეზონი ჰქონდა და ძირითადში ადგილის მოპოვების უფრო მეტი შანსიც აქვს.

ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოზიცია მარჯვენა მცველია. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ტრავმამდე საუთგეიტს გუნდში საერთოდ 4 დაახლოებით თანაბარი კლასის მარჯვენა მცველი ჰყავდა. ტრენტის ტრავმის შემდეგ გუნდში კვლავ დარჩნენ რის ჯეიმსი, კიერან ტრიპიერი და კაელ უოკერი. სამივეს განსხვავებული ძლიერი მხარეები აქვს: ჯეიმსი შეტევაში ძალიან კარგად გადადის, ფიზიკურად ძლიერია და მთელი ფლანგის კონტროლი შეუძლია. ჩელსიში ის სწორედ ამას აკეთებს ტუხელის 3-4-2-1 სქემაში. ტრიპიერი კარგად აწვდის და მეტოქის მასირებული დაცვის წინააღმდეგ ეფექტიანია, უოკერი კი დაცვაში ამ დუეტზე უფრო საიმედოა.

დიდი ალბათობით, საუთგეიტი უფრო უოკერს ენდობა. იგი ამ სამეულში ერთადერთია, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, სიტუაციურად სამმცველიან ტაქტიკაზე გადაწყობაც შეუძლია. გვარდიოლასთან, სიტიში, ის ამას ხშირად აკეთებს. მაშინ, როცა მაგუაირი-სტოუნსის დუეტიდან სწრაფი არცერთი არ არის, საუთგეიტს უფრო ისეთი ფლანგის მცველი სჭირდება, რომელიც ფლანგზე აქტიური ჩილუელისგან განსხვავებით, ეპიზოდურად ცენტრშიც შემოიწევა და სივრცეებს შეავსებს, ვიდრე ჩილუელის ტიპის მოთამაშე, რომელიც უფრო მეტ დროს შეტევაში ატარებს.

ისიც აღსანიშნავია, რომ საუთგეიტის ძირითადი სქემა 4-3-3-ია, თუმცა ის ხანდახან სამი მცველითაც თამაშობს და როგორც აღვნიშნე, უოკერი ამ სისტემას კონკურენტებისგან განსხვავებით კარგად ერგება.

საუთგეიტისთვის დაცვაში პრობლემა შეიძლება ის იყოს, რომ მაგუაირი- სტოუნსისთვის იმავე კლასის შემცვლელი არ ჰყავს.

კიდევ უფრო პრობლემურია ნახევარდაცვის ცენტრი. საუთგეიტს ამ უმნიშვნელოვანეს პოზიციაზე რაოდენობრივადაც უჭირს (მხოლოდ 5 ნახევარმცველი ჰყავს წაყვანილი) და ხარისხობრივადაც. მოედნის ცენტრში ინგლისის მთავარი კაცი ჯორდან ჰენდერსონია. პრობლემა ის არის, რომ ჰენდერსონს თებერვლის შემდეგ ტრავმის გამო არ უთამაშია და საერთოდ, მისი წაყვანის გამო საუთგეიტს ბევრი კრიტიკა შეხვდა. უცნობია, თუ რამდენად კარგად ფორმაშია ის. ჰენდოს დამხმარედ თუ შემცვლელად, ვესტ ჰემის ახალგაზრდა ტალანტი დეკლინ რაისი უნდა განვიხილოთ. საუთგეიტი ამ ახალგაზრდა ბიჭს ენდობა. ამავე პოზიციაზე თამაშობს ჯუდი ბელინგემი, დორტმუნდის ვუნდერკინდი. ამის მიუხედავად, მოედნის ცენტრი კონკურენტებთან შედარებით, არცთუ ისე კარგად დაკომპლექტებულის შთაბეჭდილებას ტოვებს.

სხვა (ანუ, არასაყრდენი) ნახევარმცველების პოზიციაზე საუთგეიტს დიდი კონკურენცია აქვს. მარჯვნიდან დორტმუნდის ჯეიდონ სანჩო უნდა იყოს, ცენტრიდან ასტონ ვილას ჯეკ გრილიში. აქვე თამაშობს ჩელსის მეისონ მაუნტი, რომელსაც უფრო მეტად შეუძლია სიღრმიდან თამაში, ძალიან დინამიურია, კარგად მოძრაობს უბურთოდ ხაზებს შორის და ამ სეზონის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად იქცა. სავარაუდოდ, მაუნტი ის ფეხბურთელი იქნება, რომელიც ნახევარდაცვის დაცვით და შემტევ ხაზებს გააერთიანებს თავისი დინამიურობის ხარჯზე.

მთავარი კითხვა მარცხენა ფლანგს უკავშირდება. საუთგეიტს იგივე კითხვა აქვს, რაც გვარდიოლას - ფილ ფოდენი თუ რაჰიმ სტერლინგი?

სიტიში ფოდენმა ფორმიდან ამოვარდნილ სტერლინგს ძირითადში ადგილი წაართვა, თუმცა ნაკრები სხვა ამბავია. ფოდენი უფრო მეტად ბურთის კონტროლს ნიშნავს, სტერლინგს უკეთ ეხერხება ეპიზოდურად მეორე თავდამსხმელის როლის მორგება და გოლის შეგდება. ფუნქციურად სტერლინგი უფრო ჰგავს სონს, ტოტენჰემში ჰარი კეინის მეწყვილეს წინა ხაზში - მასაც უყვარს ცარიელი ზონების პოვნა მეტოქის საჯარიმოში. შესაძლოა, კეინისთვის სტერლინგთან ერთად თამაში უფრო მოსახერხებელი იყოს.

ჰარი კეინი ინგლისის მთავარი კაცია. ამ გუნდის შეტევა ყველაზე მეტად მასზეა დამოკიდებული. კეინმა ამ სეზონში არამხოლოდ 30 გოლი შეაგდო, არამედ 17 საგოლე გადაცემაც გააკეთა. ახლა ის უფრო სრულყოფილი მოთამაშეა, ვიდრე 2018-ის მუნდიალზე იყო. ასე შედეგიანი ის ბოლო პასის კომპონენტში აქამდე არასოდეს ყოფილა.

ინგლისის შემტევი ხაზის ძალაზე შთაბეჭდილება რომ შეგვექმნას, მოკლე სტატისტიკა: ჯეიდონ სანჩოს ამ სეზონში 19 გოლი და 15 საგოლე პასი აქვს, ფილ ფოდენს - 18 გოლი და 10 საგოლე პასი, რაჰიმ სტერლინგს, რომელსაც თავისი სტანდარტით ცუდი სეზონი ჰქონდა, 16 გოლი და 9 საგოლე პასი, ხოლო მარკუს რაშფორდს, კეინის მთავარ შემცვლელს - 22 გოლი და 9 პასი.

სატურნირო გზა

ინგლისს საკმაოდ იოლი ჯგუფი შეხვდა. ხორვატია, რომლის ლიდერებმა საუკეთესო წლები მოიტოვეს, შოტლანდია და ჩეხეთი. შოტლანდიასთან საუთგეიტის გუნდს ისტორიულად პრინციპული თამაში ელის - შიდა ბრიტანული ამბისთვის შოტლანდია-ინგლისი კლასში სხვაობის მიუხედავად დიდი ომია. ჩეხეთი კი იოლი მეტოქე უნდა იყოს.

დასკვნა

მოედნის ცენტრში, საყრდენ ზონაში, ამ გუნდს სიღრმე აკლია და პრობლემები შეიძლება ჰქონდეს, დანარჩენ ყველა კომპონენტში ეს საჩემპიონოდ დაკომპლექტებული გუნდია. ახალგაზრდული ასაკი და საჩემპიონო გამოცდილების არქონა მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ეს გუნდი მომდევნო დიდ ტურნირებზე კიდევ უკეთესი იქნება, თუმცა ამ ევროზეც თუ რომელიმე გუნდისგან მოულოდნელ ჩემპიონობას ველით, ეს სწორედ ინგლისი უნდა იყოს. საუთგეიტის ბიჭები ნავსის გატეხვას შეეცდებიან. ინგლისი დიდ ტურნირზე ჩემპიონობას 1966 წლის შემდეგ ელოდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები