Thumbnail
  • ფინეთი 2:3 (1:0, 0:1, 1:1, 0:1) კანადა
  • გადამწყვეტი შაიბა ნიკ პოლმა ოვერტაიმში გაიტანა

კანადის ჰოკეისტთა ეროვნული ნაკრები ლატვიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. “ნეკერჩხლის ფოთლებმა” ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ფინეთს ოვერტაიმში 3:2 სძლიეს, გადამწვეტი შაიბა კი ოტავა სენატორსის ჰოკეისტმა ნიკ პოლმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ კანადელებმა მსოფლიოს პირველობის ოქროს მედლები 2016 წლის შემდეგ პირველად, სულ კი 27-ედ მოიპოვეს. შედეგად, ჩრდილოამერიკელები ტიტულების მხრივ საბჭოთა კავშირი/რუსეთს გაუტოლდნენ. შეგახსენებთ, რომ კანადამ მეოთხედფინალში სწორედ რუსეთს სძლია – 2:1.

საინტერესოა, რომ კანადამ ტურნირზე თამაში ზედიზედ 3 მარცხით (ლატვიასთან, აშშ-სთან და გერმანიასთან) დაიწყო, სულ კი ჯგუფში 7 მატჩიდან 4 წააგო და მე-4 ადგილი დაიკავა. მომავალი ჩემპიონი პლეი-ოფშიც კი მხოლოდ იმის ხარჯზე გავიდა, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გერმანიამ ლატვიას სძლია.

მსოფლიოს ჩემპიონატის MVP-ს ტიტულის მფლობელი კანადის ნაკრების ფორვარდი ენდრიუ მანჟიპანი გახდა. კალგარი ფლეიმსის ჰოკეისტმა ტურნირზე 11 ქულა (7+4) მოაგროვა. მანჟიპანმა მეოთხედფინალში რუსეთს გადამწყვეტი შაიბა გაუტანა, ნახევარფინალში კი, აშშ-სთან (4:2) დუბლი შეასრულა. სხვათა შორის, ბრინჯაოს მედლებს სწორედ ამერიკელები დაეუფლნენ, რომელთაც გერმანიას 6:1 სძლიეს. გასაკვირი არ ყოფილა, რომ ენდრიუ მსოფლიოს ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. ის ასე გამოიყურება.

მეკარე: იუჰო ოლკინუორა (ფინეთი).
მცველები: კორბინიან ჰოლცერი, მორიც ზაიდერი (ორივე – გერმანია).
ფორვარდები: ენდრიუ მანჟიპანი (კანადა), კონორ გარლანდი (აშშ), ლიამ კირკი (დიდი ბრიტანეთი).

ფინეთი 2:3 (1:0, 0:1, 1:1, 0:1) კანადა

გოლები: 1:0 რუოჰამაა (8), 1:1 კომტუა (24), 2:1 ლინდბომი (45), 2:2 ჰენრიკი (52), 2:3 პოლი (66).

კომენტარები

ბოლო ამბები