Thumbnail

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის შეკრება ნიდერლანდების ნაკრებთან მარცხით (0:3) დაასრულა, ვილი სანიოლი უკმაყოფილოა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ თქვა, ამხანაგური თამაშები იმისთვისაა, რომ ახალი ფეხბურთელები და ტაქტიკა გამოიცადოს, თუმცა გარკვეული მომენტებით კმაყოფილი არ დარჩენილა.

სანიოლის თქმით, წარმატების მისაღწევად საჭიროა, პროექტში ფეხბურთელები 100%-ით ჩართულები იყვნენ და ბოლომდე დაიხარჯონ, მაგრამ ნიდერლანდების წინააღმდეგ ასე არ იყო.

ვილი სანიოლი: "ივნისის ამხანაგურ მატჩებამდე ვთქვით, რომ ეს შეხვედრები არის ახალი მოთამაშეებისა და ახალი ტაქტიკის გამოსაცდელად. არასდროს იცი, რა მოხდება ოფიციალური თამაშების დროს, შესაძლოა, ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გყავდეს და ამისთვის მზად უნდა იყო.

ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენზე ბევრად ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდით. რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გვქონდა და ვფიქრობ, რომ მინიმუმ ერთი გოლის გატანას ვიმსახურებდით. ნიდერლანდებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები ყავს, ჩვენზე გაცილებით ძლიერ მეტოქესთან დავმარცხდით.

​ორი ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ, ერთი მოვიგეთ და ერთი წავაგეთ. ვფიქრობ, რომ ეს მატჩები ჩვენი შესაძლებლობების შეჯამების კარგი საშუალება იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღევანდელ შეხვედრას ნორმალურად შევაფასებ, თუმცა გარკვეული მომენტებით უკმაყოფილო ვარ.

​ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართულმა მატჩმა დაგვანახა, რომ წარმატების მისაღწევად და კარგი რეზულტატის საჩვენებლად გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც ახალ პროექტში 100 პროცენტით იქნებიან ჩართულები და მზად იქნებიან, რომ ბოლომდე დაიხარჯონ. დღევანდელ შეხვედრაში ბოლომდე ასე არ იყო და სწორედ ამიტომ, ცოტა უკმაყოფილი ვარ. ასევე მესმის, რომ ივნისი ფეხბურთში რთული პერიოდია, ამ დროს შედეგი იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც ეს სექტემბერში იქნება. კოსოვოს წინააღმდეგ ოფიციალურ შეხვედრაში მჯერა, რომ საკუთარ თავს ბევრად უკეთესად წარმოვაჩენთ და მეტი ამბიციით ვითამაშებთ.

სანაკრებო ფეხბურთში ყოველთვის ისე ხდება, რომ სხვადასხვა საწვრთნელ შეკრებაზე სხვადასხვა მოთამაშეები უკეთესად წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს. ოფიციალურ მატჩებამდე დაახლოებით სამი თვე გვაქვს, ამ პერიოდში, შესაძლოა, ბევრი რამ მოხდეს, ზოგი მოთამაშე გუნდს შეიცვლის, ზოგი ითამაშებს, ზოგი - ვერა. განვლილი ორი შეხვედრა კარგად უნდა გავაანალიზოთ, რა გავაკეთეთ კარგად და რა ცუდად. აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ განვითარება გავაგრძელოთ და უკეთესები გავხდეთ".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მომდევნო მატჩი შემოდგომამდე არ აქვს. ვილი სანიოლის გუნდი 2 სექტემბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-4 ტურში კოსოვოს ნაკრებს ბათუმში უმასპინძლებს. ნიდერლანდები კი ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატზე გადაერთვება, სადაც პირველ ტურში 13 ივნისს, ამსტერდამში, უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები