Thumbnail

ძიუდო | აბულაძის ოქრო რუსეთს - ჩაიკოვსკის სიმფონია ჰიმნის ნაცვლად

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოში მსოფლიოს პირველობა დაიწყო
  • იაგო აბულაძემ ჩემპიონობა 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში იზეიმა

რუსეთის ნაკრების სახელით მოასპარეზე იაგო აბულაძე (60 კგ.) 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ტურნირმა დღეს სტარტი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში აიღო და აბულაძემ მთელი დღე ძალიან დამაჯერებლად განვლო.

აბულაძემ მსოფლიოს პირველობაზე ფრანგი რომარიკ ბუდა, ყირგიზი კუბანიჩბეკ აიბეკ უულუ, ბულგარელი იანისლავ გერჩევი და ყაზახები მაგჟან შამშადინი და გუსმან ყირგიზბაიევი დაამარცხა და ამასთან, 4 წუთი მხოლოდ ერთ შეხვედრაში დასჭირდა.

საინტერესოა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, ქვეყანა მსოფლიოს პირველობაზე დროშისა და სახელის გარეშე ასპარეზობს, ამდენად, დღეს, აბულაძე არა რუსეთის, არამედ რუსეთის ძიუდოს ფედერაციის ღირსებას იცავდა, მის დაჯილდოებაზე კი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ შერჩეული მელოდია - ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტის მონაკვეთი ჩართეს.


შეგახსენებთ, რომ 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსება თემურ ნოზაძეს უნდა დაეცვა, თუმცა, ბოლოს წამს ცვლილება განხორციელდა და მსოფლიოს პირველობაზე ძალებს ილია სულამანიძე (100 კგ.) მოსინჯავს. ამდენად, დღეს მონაწილის გარეშე დავრჩით. ვაჟთა სასტარტო წონაში ბრინჯაოს მედლები აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვსა და ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს ერგოთ.

ტურნირის სასტარტო დღეს მედლები ქალები უმსუბუქეს წონაშიც გათამაშდა, სადაც ჩემპიონი იაპონელი ნაცუმი ცუნოდა გახდა. მან ფინალში თანამემამულე ვაკანა კოგა დაამარცხა. ბრინჯაოს მედლები ესპანელმა ხულია ფიგუეროამა და მონღოლმა ურანცეცეგ მუნხბატმა მოიპოვეს.

7 ივნისს ტატამიზე საქართველოს ნაკრების 3 წევრი გავა. ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) პირველ წრეში თავისუფალია, მეორეში კი დომინიკელ ვანდერ მატეოსა და მოლდოველ ვადიმ ბუნესკუს შორის გამარჯვებულს ელის. ქალების 52 კგ-მდე წონით კატეგორიაში ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ.) აზერბაიჯანელ გულტაჯ მამადალიევას შეხვდება, ხოლო მარიამ ჯანაშვილი მე-2 რაუნდშია დაშვებული და მონღოლი სოსორბარამ ლხაგვასურენისა და მოზამბიკელი ჯაკირა ფერეირას ორთაბრძოლაში უმჯობესს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები