Thumbnail

'შეუძლიათ ალიასკა და აფრიკაც დაიხატონ' - რუსების ისტერია უკრაინელთა ფორმაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • უკრაინის ნაკრებმა ევრო 2021-სთვის სათამაშო ფორმა წარმოადგინა
  • მასზე ქვეყნის კონტურები ყირიმის ჩათვლითაა და ამან რუსები განარისხა

უკრაინის საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის სათამაშო ფორმა წარადგინა, რამაც რუსების დიდი აღშფოთება გამოიწვია. მიზეზი მარტივია: უკრაინელებმა მაისურზე ქვეყნის კონტურები გამოსახეს, სადაც ყირიმიცაა დატანილი. მოგეხსენებათ, ეს რეგიონი რუსებს აქვთ ანექსირებული და ტერიტორიას თავისად მიიჩნევენ, ამდენად, ისინი გამწარებულები არიან და უეფა-სგან უკრაინელების დასჯას ითხოვენ.

უკრაინელებმა ევრო 2021-სთვის 3 ფორმა შექმნეს, ყვითელი, ლურჯი და თეთრი და ყველა მათგანი იდენტური დიზაინისაა. უკრაინის კონტურის გარდა, მაისურებზე ეროვნული ლოზუნგებიცაა დატანილი: “დიდება უკრაინას” და “დიდება გმირებს”.

“უკრაინის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე განსაკუთრებული ფორმით ითამაშებს. მასზე ყველა ჩვენთაგანისთვის მშობლიური ატრიბუტი იქნება დატანილი, ჩვენი ერთიანი ქვეყანა ყირიმითან, დონეცკთან, ლუგანსკთან, კიევთან, დნეპრთან, ლვოვთან, ოდესასთან და სხვა ადგილებთან ერთად. მჯერა, რომ უკრაინის სილუეტი ბიჭებს დამატებით ენერგიას მისცემს და ისინი უფრო მაგრად იბრძოლებენ, მთელი უკრაინა კი, მათ გვერდში იქნება. უკრაინას ფეხბურთი და მისი ეროვნული ნაკრები გააერთიანებს. დიდება უკრაინას”, - დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის საფეხბურთო ასოციაციის თავმჯდომარე ანდრეი პაველკომ, რასაც რუსეთში ნამდვილი ისტერია მოჰყვა.

Національна збірна Україна виступатиме на Євро-2020 в новій — особливій формі. Головним її атрибутом стане оберіг і...

Posted by Andrii Pavelko on Sunday, June 6, 2021


უკრაინელთა გადაწყვეტილებაზე კომენტარი ლამის ყველამ გააკეთა, ვისაც არ დაეზარა. ტრადიციული მუქარები გაისმა რუსეთის სახელმწიფო დუმიდან, სადაც უკრაინის ნაკრების დისკვალიფიკაცია მოითხოვეს. მსგავს აზრზეა რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი ვიაჩესლავ კოლოსკოვი, რომელმაც მომხდარს “უკრაინელთა მხრიდან წვრილმანი პროვოკაცია” უწოდა. მანვე განაცხადა: “ასეთი საქციელი სამარცხვინოა ისეთი ქვეყნისგან, როგორც უკრაინაა. კარგი იქნება, თუკი მათ მინდორზე შევხვდებით”.

კიდევ უფრო ენამწარე იყო ცნობილი რუსი კომენტატორი დმიტრი გუბერნიევი, რომელიც ყოველთვის კრემლის პოლიტიკის გამართლებითაა დაკავებული: “უკრაინელებს შეუძლიათ ფორმაზე ალიასკა, აფრიკა და ანტარკტიდაც დაიტანონ. რაც უნდათ ის უქნიათ. აი, მე კი, მაგალითად სიმფეროპოლში ხშირად დავფრინავ და იქ უკრაინელი მესაზღვრეები არ შემხვედრია”.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია 2014 წლის მოვლენების შემდგომ მოახდინა და მას შემდეგ თავის ტერიტორიად მიიჩნევა, თუმცა, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლეობას მას კვლავაც უკრაინის რეგიონად თვლის. მომხდარის შესახებ უეფა-ს რეაქცია, ჯერჯერობით, უცნობია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები