Thumbnail

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის შეკრება დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდმა მეორე ამხანაგური მატჩი ენსხედეში, ნიდერლანდების ნაკრებთან ჩაატარა და 0:3 დამარცხდა.

ფრანკ დე ბურმა, როგორც მატჩამდე დააანონსა, ისევ 5-3-2 ტაქტიკა აირჩია და შოტლანდიასთან 4 დღის წინანდელ შეხვედრასთან შედარებით, სასტარტოში მხოლოდ ორი ცვლილება განახორციელა. აქედან ერთი იძულებითი - ტრავმირებული მატეის დე ლიხტის ნაცვლად, ძირითადში ბლინდი გამოჩნდა, ხოლო კარში ტიმ კრული მარტენ სტეკელენბურგმა შეცვალა.

გაცილებით მეტი ფეხბურთელი შეცვალა ვილი სანიოლმა, რომელმაც რუმინეთთან შედარებით, ძირითად 11-ეულში 9 ცვლილება განახორციელა. ლაზარე კუპატაძის, გრიგოლ ჩაბრაძის, საბა კვერკველიას, ირაკლი აზაროვის, ნიკა კვეკვესკირის, ბუბა დაუშვილის, ლევან შენგელიას, გიორგი მიქაუტაძის და თორნიკე ოქრიაშვილის ნაცვლად, სასტარტოში გიორგი ლორია, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ვაკო გვილია, გურამ გიორბელიძე, საბა ლობჟანიძე, ოთარ კიტეიშვილი და ბუდუ ზივზივაძე ვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ ფრანგმა ტაქტიკაც შეცვალა და პირველად მისი საქართველოში მუშაობის პერიოდში, არჩევანი 3 ცენტრალურ მცველზე (კაშია, დვალი, ხოჭოლავა) შეაჩერა. შეტევაში მიქაუტაძე ზივზივაძით შეიცვალა, რომელსაც უკნიდან (უფრო ფლანგებიდან) ოთარ კიტეიშვილი და საბა ლობჟანიძე ეხმარებოდნენ.

თამაშის პირველი სახიფათო მომენტი საქართველოს ნაკრებმა შექმნა. მე-2 წუთზე, მოედნის ცენტრში, გიორგი აბურჯანიამ შესანიშნავი პასით საბა ლობჟანიძე კარგ პოზიციაში დატოვა და ქართველი შემტევი გოლთან ახლოს იყო, მაგრამ მარტენ სტეკელნბურგს ბურთი თავზე ვერ გადაუგდო. ნიდერლანდელთა პირველივე მწვავე შეტევა კი გოლით დასრულდა: მე-9 წუთზე, ლაშა დვალმა საჯარიმოში დენზელ დუმფრისი წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც მემფის დეპაიმ ზუსტად შეასრულა.

დეპაის პენალტი ლორიას კარში

ლიონის თავდამსხმელი 5 წუთში დუბლთან ახლოს იყო, მაგრამ გიორგი ლორიამ ბრწყინვალე სეივით საქართველოს ნაკრები გადაარჩინა. უნდა აღინიშნოს, რომ მიღებული გოლის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდის თამაშში ბევრი ხარვეზი და დაბნეულობა იგრძნობოდა, რაც განსაკუთრებით საქართველოს ნაკრების ნახევარზე არაზუსტ გადაცემებში აისახა.

ტაიმის შუაში თამაში უფრო გათანაბრდა და სანიოლის გუნდიც უფრო თამამი გახდა. 30-ე წუთზე საგოლე მომენტიც შეიქმნა: აბურჯანიას მორიგი კარგი პასით დაწყებული შეტევა ოთარ კიტეიშვილმა განაგრძო, რომელმაც ვაკო გვილია შენიშნა კარგ პოზიციაში, მაგრამ მან ერთი შეხებით დაარტყა - საკმაოდ არაზუსტად. ტაიმის ბოლოს ლორია კიდევ ერთხელ იყო შესანიშნავი და ფრენკი დე იონგის შორეული დარტყმა ლამაზი სეივით კუთხურზე მოიგერია. ამგვარად, პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.

ვეინალდუმი და გვილია

მე-2 ტაიმის სტარტზევე ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თითო ცვლილება გააკეთა. დე ბურმა ნათან აკე ჩართო თამაშში ბლინდის ნაცვლად, ხოლო სანიოლმა ზურიკო დავითაშვილს მისცა მოედანზე შესვლის შესაძლებლობა და ლობჟანიძე შეცვალა.

მეორე ნახევრის პირველივე სახიფათო შეტევა ნიდერლანდელებმა გოლით დაასრულეს: მათ 55-ე წუთზე საქართველოს დაცვაში არსებული სივრცით ისარგებლეს, დეპაიმ ვეგჰორსტი მოძებნა და მანაც ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა.

მეორე გოლი საქართველოს ვეგჰორტსმა გაუტანა

სულ მალე საქართველოს ნაკრებს ორი მეტ-ნაკლებად სახიფათო იერიში ჰქონდა, ორჯერვე ვაკო გვილია ცდილობდა გატანას, მაგრამ არცთუ კარგად ითამაშა და შანსები გამოუყენებელი დარჩა. 67-ე წუთზე კი ლორია დეპაის შორეულ დარტყმას ეფექტური სეივით გაუმკლავდა. აღსანიშნავია, რომ 66-ე წუთზე სანიოლმა ტაქტიკა შეცვალა და 4-მცველიან სქემაზე გადააწყო გუნდი, რასაც განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია, რადგან ნიდერლანდები თამაშის სცენარს სრულად აკონტროლებდა. ლოგიკურიც იყო, რომ დე ბურის გუნდმა უპირატესობა გაზარდა. 76-ე წუთზე დეპაის ლორიამ აჯობა, მაგრამ დამატებაზე ყველას რაიან გრავენბერხმა დაასწრო და მანაც პირველად გაიტანა ეროვნულ ნაკრებში.

ვილი სანიოლის გუნდს ყველაზე კარგი საგოლე მომენტი 85-ე წუთზე მიეცა. ჯაბა ჯიღაურმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და სტეკელენბურგი ვერაფერს გახდა, მაგრამ ნიდერლანდების კარი ხარიხამ გადაარჩინა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდა წყალტუბოს სამგურალის თავდამსხმელ სერგო კუხიანიძეს, რომელმაც ოთარ კიტეიშვილი მატჩის მიწურულს შეცვალა.

საქართველოს ნაკრებს მომდევნო მატჩი შემოდგომამდე არ აქვს. ვილი სანიოლის გუნდი 2 სექტემბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-4 ტურში კოსოვოს ნაკრებს ბათუმში უმასპინძლებს. ნიდერლანდები კი ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატზე გადაერთვება, სადაც პირველ ტურში 13 ივნისს, ამსტერდამში, უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საინტერესო ფაქტები

⚽ მარტენ სტეკელენბურგი ნიდერლანდების ისტორიაში რიგით მე-3 ყველაზე ხანდაზმული მეკარე გახდა (38 წლის და 257 დღის) სანდერ ბოშკერის (39 წლის და 224 დღის) და პიეტ კრააკის (38 წლის და 263 დღის) შემდეგ, რომელმაც ნაკრებში ითამაშა.

⚽ მემფის დეპაიმ ნიდერლანდების ნაკრების ზედიზედ 4 გოლი გაიტანა და 2013 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ეს გააკეთა. მანამდე იგივე შედეგი რობინ ვან პერსის ჰქონდა.

⚽ მარტენ დე რუნმა პირველ ტაიმში ბურთი 13-ჯერ დაკარგა და ეს უარესი შედეგი იყო, ვიდრე შოტლანდიასთან 90 წუთში სხვა ნიდერლანდელ ფეხბურთელს ჰქონდა ბურთი დაკარგული (12).

⚽ რაიან გრავენბერხი (19 წლის და 21 დღის) რიგით მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ნიდერლანდების ნაკრებში გოლი გაიტანა ბოლო 15 წელიწადში. მას ამ პერიოდში მხოლოდ მირონ ბოადუ სჯობნის (18 წლის და 309 დღის).

⚽ საქართველოს ნაკრების რიგებში სერგო კუხიანიძის დებიუტი შედგა.

ნიდერლანდები 3:0 საქართველო

გოლები: 1:0 დეპაი (10-პენ), 2:0 ვეგჰორსტი (55), 3:0 გრავენბერხი (76)

ნიდერლანდები (5-3-2): სტეკელენბურგი - დუმფრისი, ტიმბერი (77. ბერგუისი), დე ვრეი, ბლინდი (46. აკე), ვეინდალი (73. ვან აანჰოლტი) - დე როონი, ვეინალდუმი (66. კლაასენი), დე იონგი (66. გრავენბერხი) - ვეგჰორსტი (66. მალენი), დეპაი.

საქართველო (3-4-2-1): ლორია - ხოჭოლავა (66. ჯიღაური), კაშია, დვალი - კაკაბაძე, გვილია (77. კვეკვესკირი), აბურჯანია (77. დაუშვილი), გიორბელიძე - ლობჟანიძე (46. დავითაშვილი), კიტეიშვილი (88. კუხიანიძე) - ზივზივაძე (66. მიქაუტაძე)

კომენტარები

ბოლო ამბები