Thumbnail
  • 'მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზმს ყურადღება მივაქციო და მოვლენები არ დავაჩქარო'
  • ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი დიდ დატვირთვებს ვეღარ უძლებს

ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი საფრანგეთის ღია პირველობიდან მოიხსნა. ამის შესახებ განცხადება როლან გაროსის პრესსამსახურმა გაავრცელა, მოგვიანებით კი თავად როჯერმაც დაადასტურა.

“ჩემს გუნდთან კონსულტაციის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ საფრანგეთის ღია პირველობას გამოვეთიშო. მუხლზე გადატანილი ორი ოპერაციისა და თითქმის ერთწლიანი რეაბილიტაციის შემდეგ, მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზმს ყურადღება მივაქციო და მოვლენები არ დავაჩქარო. მოხარული ვარ, რომ აქ 3 მატჩის მოგება მოვახერხე. არაფერია კორტზე დაბრუნებაზე სასიამოვნო. მალე ისევ შევხვდებით”, - დაწერა ფედერერმა ტვიტერის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის 1/16-ფინალში როჯერმა ურთულესი ბრძოლა გადაიტანა და გერმანელ დომინიკ კიოპფერს მხოლოდ 4 საათის თავზე სძლია – 7:6 (7:5), 6:7 (3:7), 7:6 (7:4), 7:5. სწორედ ამის შემდეგ ფედერერმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზმი ამგვარი დატვირთვებისთვის მზად არ იყო და მომდევნო ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებას მალე მიიღებდა. 39 წლის შვეიცარიელ ვარსკვლავს მერვედფინალში მატეო ბერეტინისთან უნდა ეთამაშა, ახლა კი, იტალიელი ჩოგბურთელი შემდეგ რაუნდში უბრძოლველად გავა.

როგორც ცნობილია, ფედერერმა გასული წლის თებერვალსა და მაისში მუხლზე 2 ოპერაცია გაიკეთა და მთელი სეზონი გამოტოვა. წლეულს მან მხოლოდ დოჰასა (ყატარი) და ჟენევაში (შვეიცარია) ითამაშა, თუმცა, მე-2 რაუნდს მიღმა არ გასულა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ყატარულ ტურნირზე როჯერს საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები