Thumbnail
  • მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობა მუნდიალისთვის
  • გაფართოებულ სიაში სანდრო ვაგნერი და მარიო გიოტცე ვერ მოხვდნენ
  • ყველასათვის მოულოდნელად, განაცხადშია ნილს პეტერსენი
  • იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებს 2022 წლამდე უთავკაცებს

ამას მართლაც არავინ მოელოდა: გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გამოცხადებულ წინასწარ, გაფართოებულ სიაში ფრაიბურგის თავდამსხმელი ნილს პეტერსენი შეიყვანა!

ნილს პეტერსენი

რა დამსახურებით აქვს 29 წლის პეტერსენს მუნდიალზე წასვლის შანსი? საქმე ისაა, რომ ნილსმა გერმანიის ჩემპიონატში 15 გოლი გაიტანა და ბუნდესლიგაში ყველაზე შედეგიანი გერმანელი თავდამსხმელი იყო!

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ნილს პეტერსენს გერმანიის ეროვნულ ნაკრებში აქამდე ერთი მატჩიც კი არ აქვს ჩატარებული. 2016 წელს ის 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად რიოს ოლიმპიურ თამაშებზე იყო, ვერცხლის მედალი მოიპოვა და 6 გოლით ბომბარდირიც გახდა. როგორც იცით, ოლიმპიადაზე გუნდებს 3 ისეთი ფეხბურთელის წაყვანის უფლება აქვთ, რომელთა ასაკი 21 წელზე მეტია.

ბუნდესლიგაში ჩატარებულ 32 მატჩში, 15 გოლის გარდა, პეტერსენის ანგარიშზე 3 საგოლე პასიც იყო. აღსანიშნავია, რომ ნილსმა 8 გოლი შეცვლაზე შესვლის შემდეგ გაიტანა. ბუნდესლიგის ისტორიაში, ე.წ. “ჯოკრის” რანგში მასზე მეტი გოლი (20) არავის აქვს გატანილი. ცხადია, რომ ლიოვს პეტერსენი მუნდიალზე, შესაძლოა, სწორედ “ჯოკრად” დასჭირდეს და როგორც ჩანს, ბუნდესმწვრთნელმა პირველ რიგში სწორედ ეს ფაქტორი გაითვალისწინა.

სამაგიეროდ, იოახიმ ლიოვის სიაში არ არის ბაიერნის თავდამსხმელი სანდრო ვაგნერი, რომელიც 100 პროცენტით დარწმუნებული იყო, რომ ბუნდესგუნდთან ერთად რუსეთში გაემგზავრებოდა. გერმანიაში ეჭვი არავის ეპარებოდა იმაში, რომ ლიოვი ვაგნერს გაფართოებულ სიაში შეიყვანდა, მაგრამ “იოგიმ” უარი თქვა 30 წლის ფორვარდზე, რომელმაც ჰოფენჰაიმიდან ბაიერნში გადასვლის შემდეგ, მეორე წრეში 8 გოლის გატანა შეძლო, ჯამში კი, გასულ სეზონში 12 გაიტანა. განაცხადში, როგორც მოსალოდნელი იყო, არც მარიო გიოტცეა.

ლიოვი გერმანიის ნაკრებში 2022 წლამდე რჩება!

იოახიმ ლიოვი

შემადგენლობის დასახელებასთან ერთად, ცნობილი გახდა, რომ იოახიმ ლიოვმა გერმანიის საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტი ნაადრევად გაახანგრძლივა - 58 წლის “იოგი” ბუნდესგუნდს 2022 წლის ზაფხულამდე უხელმძღვანელებს! აქამდე მის კონტრაქტს ვადა 2020 წლამდე ჰქონდა. მასთან ერთად ახალი კონტრაქტი გააფორმა გერმანიის ნაკრების მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმაც - უფრო ხანგრძლივი, 2024 წლამდე.

შეგახსენებთ, რომ იოახიმ ლიოვმა ბუნდესგუნდი 12 წლის წინ ჩაიბარა და იურგენ კლინსმანი შეცვალა, რომლის ასისტენტიც 2004 წლიდან იყო. 2014 წელს ლიოვის ხელმძღვანელობით გერმანია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის, რაინჰარდ გრინდელის თქმით, ლიოვს თანამდებობიდან იმ შემთხვევაშიც კი არ მოხსნიან, თუ ბუნდესგუნდი ამ მუნდიალზე ნახევარფინალშიც კი ვერ გავა...

გერმანიის ნაკრები მუნდიალზე F ჯგუფში, მექსიკასთან, შვედეთთან და სამხრეთ კორეასთან ერთად ითამაშებს. ბუნდესგუნდის წინასწარი 27-კაციანი სია ასე გამოიყურება: 

მეკარეები: ბერნდ ლენო (ლევერკუზენი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა), კევინ ტრაპი (პსჟ)

მცველები: ჯერომ ბოატენგი (ბაიერნი), მათიას გინტერი (გლადბახი), იონას ჰექტორი (კიოლნი), მატს ჰუმელსი (ბაიერნი), ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), მარვინ პლატენჰარდტი (ჰერტა), ანტონიო რიუდიგერი (ჩელსი), ნიკლას ზიულე (ბაიერნი), ჯონათან თა (ლევერკუზენი).

ნახევარმცველები: იულიან ბრანდტი (ლევერკუზენი), იულიან დრაქსლერი (პსჟ), ლეონ გორეტცკა (შალკე), ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი), სამი ხედირა (იუვენტუსი), ტონი კროოსი (რეალი), თომას მიულერი (ბაიერნი), მესუთ იოზილი (არსენალი), მარკო როისი (დორტმუნდი), სებასტიან რუდი (ბაიერნი), ლეროი სანე (მანჩესტერ სიტი).

თავდამსხმელები: ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), მარიო გომესი (შტუტგარტი), ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი).

P.S. სხვა გუნდების შემადგენლობები ნახეთ ამ ბმულზე.

კომენტარები

ბოლო ამბები