Thumbnail

Bleacherreport-მა NBA-ს პოსტ-სეზონში სავარაუდო ტრეიდებზე დაწერა და ინდიანა პეისერსის ცენტრ გოგა ბითაძის ბოსტონს სელტიქში შესაძლო ტრანსფერი განიხილა. მის თანახმად, ბითაძის გარდა, სელტიკსში მცველი/ფორვარდი ჯერემი ლემბი გადავა, საპირისპირო გზას კი ცენტრი ტრისტან ტომპსონი და მცველი კარსენ ედვარდსი დაადგებიან. აი, რას წერს აღნიშნული ვებ-გვერდი:

“გუნდების უმეტესობისგან განსხვავებით, პეისერსს ნამდვილად არ სჭირდება ბევრი ცვლილება, რათა კვლავაც საპლეიოფო გუნდად იქცეს. თუკი კარის ლევერტი და ტი ჯეი უორენი სეზონს ტრავმების გარეშე გაივლიან, ეს ინდიანას დიდ უპირატესობას მისცემს. სხვა საქმეა, რომ პეისერსს გაძლიერება ნამდვილად უნდა ფარქვეშ, რადგანაც მოხსნების პროცენტული მაჩვენებლის (47.6%) მხრივ, ლიგაში მხოლოდ 29-ე ადგილზე იმყოფება. ტომპსონი ჯერ კიდევ საკმაოდ კარგია, რათა ინდიანას სასტარტო ცენტრ მაილს ტერნერის კარგ შემცვლელად იქცეს. 30 წლის კალათბურთელს შეტევაში მოხსნებში მე-4 მაჩვენებელი (13.7%) აქვს და პეისერსის წინა ხაზს სიხისტეს შემატებს. სათადარიგო უკანახაზელის კვალობაზე ასევე საკმაო სარგებელის მოტანა შეუძლია ედვარდსს. ლემბის შეძენით სელტიკსი პერიმეტრზე საიმედო კალათბურთელს მიიღებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ევან ფურნიე თავისუფალი აგენტი ხდება. ამავდროულად, გუნდი მზად უნდა იყოს, რათა ძირითადი ცენტრის პოზიცია რობერტ უილიამსს დაუთმოს, ამ შემთხვევაში, ბითაძის სახით მას საიმედო შემცვლელი ეყოლება. გოგა 2019 წლის დრაფტის პირველ რაუნდში იქნა არჩეული და ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, ამდენად, ბოსტონს მასზე აქცენტის გაკეთება შეუძლია”.

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძეს ინდიანასთან 4-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, ორი სეზონი უკვე გავიდა, მესამე გარანტირებულია, მეოთხის ბედი კი კლუბმა ახალი სეზონის წინ უნდა გადაწყვიტოს. გასულ სეზონში გოგამ 45 მატჩი ჩაატარა და ასეთი საშუალო მაჩვენებლები ჰქონდა: 12.5 წუთი, 5.1 ქულა, 3.3 მოხსნა, 1.3 დაფარება, 2.1 პერსონალური ფოლი.

კომენტარები

ბოლო ამბები