Thumbnail

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ბუდაპეშტში დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე 14 სპორტსმენით იასპარეზებს. ძიუდოში მთავარი სპორტული მოვლენა ბუდაპეშტში 6-დან 13 ივნისამდე გაიმართება და მასში 131 ქვეყნის 703 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას. ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა და ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გაირკვა.

საქართველოს ნაკრებში 14 ძიუდოისტიდან 9 ვაჟი და 5 გოგონაა. ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა. სამწუხაროდ, თემურ ნოზაძე ვერ იჭიდავებს, რის გამოც 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს ილია სულამანიძე დაემატა და ახლა უკვე 2-2 ძიუდოისტი 4 წონით კატეგორიაში იჭიდავებს: 73, 81, 100 და 52 კილოგრამ წონით კატეგორიებში. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ნოზაძემ წონა (60 კგ) ვერ ჩააბარა, თუმცა მერე გავრცელდა ცნობა, რომ მას ტრავმაც აქვს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ნაკრები გუნდურ ასპარეზობაშიც გამოვა და პირველ ეტაპზე კუბას ეროვნულ ნაკრებს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში კი ნიდერლანდებსა და საფრანგეთს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები

ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) პირველი წრიდან თავისუფალია, მისი მეტოქე მეორე წრეში დომინიკელ ვანდერ მატეოსა და მოლდოველ ვადიმ ბუნესკუს შორის გაირკვევა.

ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) პირველ წრეში პერუელ ალონსო ვონგს დაუპირისპირდება.

ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) პირველ წრეში ბელარუს ვაძიმ შოკას შეხვდება.

ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) პირველი წრიდან თავისუფალია. მისი მეტოქე მეორე წრეში ფრანგ ალფა ჯალოსა და სამხრეთკორეელ ძინ მუნ ლის შორის გაირკვევა.

ლუკა მაისურაძე (81 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატს ამერიკელ არტურ რაითთან დაპირისპირებით გახსნის.

ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) ასევე განთესილია, მას პირველ წრეში ჭიდაობა არ მოუწევს და მეორე წრეში ტაჯიკ ძახონგირ მადჟიდოვსა და შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) პირველ წრეში დაისვენებს. მისი მეტოქე მეორე წრეში ნიდერლანდელ სიმეონ კატარინასა და ავსტრიელ აარონ ფარას შორის გაირკვევა.

ილია სულამანიძე (100 კგ) პირველ დაპირისპირებაში თურქ მერტ სისმანლარს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვთან იჭიდავებს.

გელა ზაალიშვილს (+100 კგ) პირველ წრეში მარტივი მეტოქე შეხვდა. მას სენეგალელ მბაგნიკ ნდიაიესთან დაპირისპირება მოუწევს.

ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ) პირველ წრეში აზერბაიჯანელ გულთაი მამადგულიევას შეხვდება.

მარიამ ჯანაშვილის (52 კგ) მეტოქე მეორე წრეში მოზამბიკელ ჯასირა ფერეირასა და მონღოლ სოსორბარამ ლხაგვასურენს შორის გაირკვევა.

ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) პირველ წრეში ჩეხ ვერა ზემანოვას შეხვდება.

მარიამ ჭანტურია (70 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატს გაბონელ კარენ აგონო ვორასთან შეხვედრით დაიწყებს.

სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) პირველ წრეში სამხრეთკორეელ ჰაიუნ კიმს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები