Thumbnail
  • გარეთ ბეილს რეალში საუკეთესო წლები ანჩელოტისთან ერთად ჰქონდა
  • უელსელმა შესაძლოა კარიერა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულოს 

გარეთ ბეილს მადრიდის რეალში საუკეთესო პერიოდი კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით ჰქონდა. უელსელი იტალიელ სპეციალისტთან მაქსიმუმის ჩვენებას ახერხებდა.

მას შემდეგ ბეილმა ნელ-ნელა ფორმა და "სამეფო გუნდის" ძირითადში ადგილი დაკარგა. ზინედინ ზიდანის გუნდში მისვლის შემდეგ, უელსელი შემტევი ძალიან ცოტას თამაშობდა. ამის მიზეზად ფრანგ სპეციალისტთან ცუდ ურთიერთობასაც ასახელებდნენ.

2020/21 წლების სეზონის სტარტზე ესპანურმა გუნდმა ბეილი მის ყოფილ კლუბში, ლონდონის ტოტენჰემში გაანათხოვდა. ინგლისში კარგად გამოჩნდა, რომ ბეილის პრობლემა მარტო ზიდანთან ცუდი ურთიერთობა არ იყო და ის უფრო ღრმაა.

ზიდანის რეალში დანიშვნის შემდეგ ბეილი ცოტას თამაშობდა

ბოლო წლებში ყველასათვის ადვილი შესამჩნევია, რომ ბეილს თამაში მხოლოდ ნაკრების მაისურით უხარია და სურს. მიუხედავად იმისა, რომ კარლო ანჩელოტი რეალში დაბრუნდა, მცირეა იმის შანსი, რომ უელსელი უკან მადრიდში დაბრუნდეს.

Marca-ს ინფორმაციით, 31 წლის ფეხბურთელი რეალში დაბრუნებასთან ერთად, კარიერის დასრულებასაც განიხილავს. თუ ვითარება არ შეიცვალა, უელსელს აქვს გეგმა, რომ კარიერა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულოს.

გარეთ ბეილს მადრიდულ კლუბთან კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუკი ბეილი კარიერის დასრულებას გადაწყვეტს, "სამეფო კლუბი" მას ხელს არ შეუშლის. ამ შემთხვევაში რეალს მისი ხელფასი გადასახდელი აღარ ექნება, რომელიც წელიწადში 22 მილიონ ევროს შეადგენს.

კომენტარები

ბოლო ამბები