Thumbnail
  • დალას მავერიკსი 97:104 ლოს ანჯელეს კლიპერსი
  • სერიის მეექვსე მატჩიც სტუმრებმა მოიგეს და ანგარიში გათანაბრდა - 3-3
  • კლიპერსს კავაი ლეონარდმა, რეჯი ჯექსონმა და პოლ ჯორჯმა ულიდერეს  
  • წყვილში გადამწყვეტ, მეშვიდე შეხვედრას ლოს ანჯელესი უმასპინძლებს  

NBA-ს პლეი ოფის პირველი რაუნდის მეექვსე მატჩში ლოს ანჯელეს კლიპერსმა სტუმრად მოუგო დალას მავერიკსს და სერიაში ანგარიში გაათანაბრა (3-3), რაც იმას ნიშნავს, რომ წყვილში გამარჯვებულს მეშვიდე თამაში გამოავლენს.

სხვათა შორის, ლიგის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ პლეი ოფის პირველ ექვს მატჩში მოგებული ყოველთვის სტუმარი გუნდი გამოდიოდა. მანამდე მავერიკსმა სამჯერ ლოს ანჯელესში იმარჯვა, კლიპერსი სერიაში ანგარიშის გათანაბრებას კი დალასში ახერხებდა.

ლუკა და კავაი მოგებულს მეშვიდე მატჩში გამოავლენენ

მეექვსე შეხვედრაში გამარჯვებულთა შორის საუკეთესო კავაი ლეონარდი იყო, რომელმაც 45 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. კლიპერსის ფორვარდმა 16-იდან 13 ორქულიანი, 9-იდან 5 სამქულიანი და 4-იდან ყველა საჯარიმო ჩააგდო და NBA-ს ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც პლეი ოფის ერთი სერიის ოთხ მატჩში არანაკლებ 29 ქულა ჩააგდო და ამასთან, თამაშიდან სულ ცოტა 66%-იანი სიზუსტით ისროლა.

კლიპერსში 25 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა რეჯი ჯექსონს, ხოლო ორმაგი დუბლით პოლ ჯორჯი გამოირჩა - 20 ქულა, 13 მოხსნა. მავერიკსში ყველაზე შედეგიანები ლუკა დონჩიჩი (29 ქულა, 11 პასი), ტიმ ჰარდევეი (23 ქულა)  და ბობან მარიანოვიჩი (12 ქულა, 9 მოხსნა) იყვნენ. 


მავერიკსსა და კლიპერსს შორის მომდევნო და გადამწყვეტი შეხვედრის მასპინძელი, რომელიც 6 ივნისს გაიმართება, ლოს ანჯელესი იქნება. ამ წყვილში გამარჯვებული კი იუტა ჯაზს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ მემფისს სერია ანგარიშით 4-1 მოუგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები