Thumbnail

'ამიტომ გამატანეს იარაღი' - მან ქართველი ბავშვები ჩერნობილის ზონიდან დააბრუნა

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე
  • ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებიდან 35 წელი გავიდა
  • ქართველი მცირეწლოვანი წყალბურთელების ამბავი
  • აფეთქების ფაქტი თითქმის სამი დღე იმალებოდა

1986 წლის 26 აპრილს უკრაინაში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აფეთქდა.

იმისთვის, რომ კატასტროფის მასშტაბები გავიაზროთ, საკმარისია, ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ბუნების დამცველი ორგანიზაციის, „გრინპისის“ ანგარიშის ერთ-ერთ ნაწილს გავეცნოთ: „ავარიის შედეგების ლიკვიდატორთა შორის გარდაცვლილია ათიათასობით ადამიანი, ხოლო 50 000-ზე მეტი კი სერიოზულად დაშავდა. საბჭოთა პროპაგანდის მიერ დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელების გამო ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. სამაგიეროდ, დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აფეთქებიდან დღემდე ევროპის კონტინენტზე დაიბადა ვიზუალური ნაკლის მქონე 10 000-ზე მეტი ბავშვი. ამავე ტერიტორიაზე დაფიქსირდა სიმსივნით დაავადების ათიათასობით შემთხვევა, რომელთა უმრავლესობაც ლეტალური შედეგით დასრულდა.“

1986 წლის 29 აპრილს (ანუ, აფეთქებიდან 3 დღის შემდეგ), თბილისიდან ქალაქ გომელში მცირეწლოვანი ქართველი წყალბურთელები, საბჭოთა კავშირის განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტურნირზე გაემგზავრნენ. გომელი ჩერნობილიდან დაახლოებით 140 კილომეტრშია. ქართველი წყალბურთელი ბავშვების გუნდის მარშრუტი ბელარუსამდე უკრაინის ტერიტორიის იმ ზონებზეც გადიოდა, რომლებიც შემდგომში წითელ ზონებად გამოცხადდა.

პოპსპორტმა იპოვნა ის ადამიანი, ვინც ქართველი ბავშვების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყო. გივი აბდუშელიშვილი იმ პერიოდში მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის პირველ მოადგილედ მუშაობდა. გომელში, სხვა ბავშვებთან ერთად, მისი ერთ-ერთი შვილიც იმყოფებოდა.

გივი აბდუშელიშვილი: "თბილისიდან გომელში გუნდი 29 აპრილს გაემგზავრა. ბელარუსში ოცზე მეტი ბავშვი გავაცილეთ. მათი ასაკი 12-14 წელი იყო. 1 მაისს ტრადიციული აღლუმისას, ტრიბუნაზე ვიდექი. ჩემს გვერდით, იმ პერიოდში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ივერი ფრანგიშვილი მოხვდა. მისი თქმით, იგი საღამოს მოსკოვში მიემგზავრებოდა, რათა მეორე დღის დილას, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანთან, მიხეილ გორბაჩოვთან თათბირზე მოხვედრილიყო. დავინტერესდი, თუ რას შეეხებოდა ეს თათბირი და ჩერნობილში მომხდარი აფეთქების შესახებ, სწორედ ბატონი ივერისგან შევიტყვე. ბუნებრივია, მივხვდი, რომ გომელში გამგზავრებული ბავშვების სიცოცხლე საფრთხეში იყო. 

„თბილისში უკრაინიდან ჩამოფრენილი თვითმფრინავების მგზავრებს საშინელი ავადმყოფობის კვალი უკვე ვიზუალურადაც ეტყობოდათ“

სასწრაფოდ მოვიძიე ის სასტუმრო, რომელშიც გუნდი ცხოვრობდა და ჩემს შვილთან, რომელიც გუნდის წევრი იყო, სატელეფონო კავშირი დავამყარე. იგი ასაკიდან გამომდინარე საფრთხეს, რა თქმა უნდა, ვერ აცნობიერებდა, მაგრამ მითხრა, რომ მდგომარეობა საკმაოდ უცნაური იყო. კერძოდ, მათ სასტუმროდან გასვლას უკრძალავდნენ, შენობის გარეთ კი, ფორმიანი ადამიანები იდგნენ. მეორე დღის საღამოს, როდესაც სასტუმროში დავრეკე, შევიტყვე, რომ ბავშვებს უკვე ოთახებიდანაც არ უშვებდნენ.

3 მაისს საქართველოს განათლების მინისტრს, ნათელა ვასაძეს ვეწვიე. მისგან მივიღე ავიაციის სამმართველოს უფროსის სახელზე დაწერილი წერილი, იგივე სახის შუამდგომლობა საქართველოს სპორტკომიტეტის უფროსმა, ნუგზარ ენდელაძემაც დაწერა, თუმცა ავიაციის სამმართველოში განმიცხადეს, რომ თბილისში არ არსებობდა თვითმფრინავი, რომელიც გომელში გაფრინდებოდა და ბავშვებს უკან წამომაყვანინებდა. ამის მიზეზად კი ყველა ბორტის მხოლოდ უკრაინის მიმართულებით ფრენა იქნა დასახელებული. ავიაციის სამმართველო არ ტყუოდა. ჩემი თვალით ვხედავდი, რომ თბილისის აეროპორტში დღეში, კიევიდან ჩამოფრენილი, მინიმუმ სამი რეისი ჯდებოდა. თვითმფრინავებიდან გადმოსული ადამიანები კი უკვე დაავადებულნი იყვნენ. საშინელი ავადმყოფობის კვალი მათ ვიზუალურად ეტყობოდათ. ისინი ყვებოდნენ, რომ 1 მაისის აღლუმში მონაწილეობდნენ. მოვახერხე და დავუკავშირდი საკავშირო ავიაციის სამმართველოს, თუმცა იმედისმომცემი ინფორმაცია ვერ მომაწოდეს. ნათელი იყო, რომ მხოლოდ ერთი გამოსავალი რჩებოდა - თვითმფრინავი უნდა დაგვექირავებინა. 

„ჩემი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება აეროპორტის ცარიელი შენობა და შუშაზე მიბჯენილი ჩვენი შვილების სახეები”

4 მაისს მშობლებმა ფულის შეგროვება დავიწყეთ. შესაგროვებელი თანხა საკმაოდ დიდი იყო. 5 მაისის საღამოს მე და კიდევ ორი მშობელი უკვე თვითმფრინავში ვისხედით. თბილისში გაგვაფრთხილეს, რომ გომელში ვითარება არაორდინალური იყო, ამიტომ, მე ცეცხლსასროლი იარაღის წაღების უფლება მომცეს. ჩვენი მარშრუტი დონეცკში, საწვავის შესავსებად გაჩერებას ითვალისწინებდა. აეროპორტში რამდენიმე ათეული ადამიანი შეგვხვდა. ისინი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დაჩოქილები, დონეცკის დატოვებაში დახმარებას გვთხოვდნენ. სამწუხაროდ, ყველა ვერ წავიყვანეთ. გომელში დაახლოებით ღამის ორ საათზე ჩავფრინდით. სრულიად შემზარავი სურათი დაგვხვდა. ჩემი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება ცარიელი აეროპორტი და შუშაზე მიბჯენილი ჩვენი შვილების სახეები.

გივი აბდუშელიშვილი

არ ვიცოდით, მაგრამ წინ კიდევ ერთი განსაცდელი გველოდა. თბილისში გამოფრენის უფლება გვჭირდებოდა, რომელიც აეროპორტის ხელმძღვანელობას უნდა გაეცა. აეროპორტის ზომაზე მეტად ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა შეფმა განმიცხადა, რომ იგი თვითმფრინავს გაფრენის უფლებას არ მისცემდა და ისიც მითხრა, რომ ეს თვითმფრინავი ჩამოგვერთვა. სწორედ ამ მომენტში მივხვდი, რატომ მომცეს ცეცხლსასროლი იარაღის წაღების უფლება…

თბილისში დილის რვის ნახევარზე ჩამოვფრინდით. მომენტალურად ექიმების ხელში აღმოვჩნდით. ონკოლოგიურ საავადმყოფოში გასასინჯად წაგვიყვანეს. არსებობდა ეჭვი, რომ გუნდის წევრებს დასხივება ჰქონდათ მიღებული. ეჭვი გამართლდა. გომელში მყოფებს დასხივება მართლაც აღმოაჩნდათ. წლების მანძილზე ეს ადამიანები მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ…”

პოპსპორტის კიდევ ერთი რესპონდენტი წყალბურთელთა გუნდის ერთ-ერთი მოთამაშე ზაზა უკლებაა. 1986 წელს იგი მხოლოდ 13 წლის იყო. ამიტომ, ვერც იგი და ვერც მისი თანაგუნდელები მდგომარეობის სიმძიმეს ვერ აღვიქვამდნენ, მაგრამ გომელში რომ უჩვეულო მდგომარეობა იყო, ამას ხვდებოდნენ.

ზაზა უკლება: “ჩვენს გუნდს თბილისის განათლების სამინისტროს გუნდი ერქვა. სხვადასხვა ასაკობრივი გუნდები იყო. ჩვენ 1973 წელს დაბადებული ბავშვების გუნდი ვიყავით. 13 წლის ბავშვებს არაფერი გვესმოდა, მაგრამ მახსოვს უფროსების საუბრები, რომლებიც შეშფოთებას გამოთქვამდნენ. ისიც მახსოვს, გომელში ჩასულებს, მოსახლეობა როგორი განცვიფრებული დაგვხვდა.

ეს სწორედ ის გუნდია. მარჯვნივ, ბურთით ზაზა უკლება

პირველ დღეებში განსაკუთრებული არაფერი იგრძნობოდა, ტურნირიც კი დაიწყო. მომდევნო დღეებში ჩემი ყურადღება სპეციალურმა მანქანებმა მიიპყრო, რომლებიც წყლის ჭავლს აფრქვევდნენ, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, ისინი წყლით ქუჩებს კი არ რეცხავდნენ, არამედ ჭავლს მაღლა უშვებდნენ. ამ მოქმედების იდეა რადიაციული ღრუბლით გამოწვეული ჰაერის დაბინძურებული ნაწილაკების განეიტრალება იყო, რაც ახლა, რა თქმა უნდა, კომიკურად მეჩვენება. მახსოვს, სასტუმროსთან პარკი იყო და იქ სასეირნოდ გვიშვებდნენ, მაგრამ მდგომარეობა დღითი-დღე მკაცრდებოდა. როდესაც თვითმფრინავი ჩამოფრინდა, ჩვენ უკვე აეროპორტში ვიყავით. 

„თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გაირკვა, რომ ამა თუ იმ დოზით დასხივება ყველას მიღებული გვქონდა“

თბილისში დაფრენისთანავე ექიმების ხელში აღმოვჩნდით. ძალიან ბევრი სასწრაფო დახმარების მანქანა დაგვხვდა. ჩამოგვართვეს ტანსაცმელი, რომელიც შემდეგ, როგორც გვითხრეს, დაწვეს. უმრავლესობას დასხივება მიღებული გვქონდა, თუმცა სხვადასხვა დოზით. ამის გამო პირადად მე მშობლებს წლების მანძილზე ინფექციურ  საავადმყოფოში რეგულარულად დავყავდი. დაკვირვების პერიოდმა ხუთი წელი გასტანა. საბედნიეროდ, დასხივების ხარისხი არ იყო ისეთი, რომელსაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეეძლო.” 

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების და ამის შემდეგ დატრიალებული ტრაგედიის სიმძიმის შესახებ ყველაზე სრული წარმოდგენის შექმნა ნობელის პრემიის ლაურეატის, ბელარუსი მწერლის, სვეტლანა ალექსეევიჩის წიგნის „ჩერნობილის ლოცვა“ მიხედვითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ამერიკულმა HBO-მ და ბრიტანულმა SKY-მ მინისერიალი გადაიღეს, რომელმაც უდიდესი პოპულარობა მოიპოვა.

📺 | ასე გააშუქა მაშინ "ვრემიამ" ჩერნობილის ამბავი

კომენტარები

ბოლო ამბები